გარი ნევილი: ეს "იუნაიტედის" ახალი ეპოქის დასაწყისია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა გარი ნევილმა საკლუბო ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც იმ გრანდიოზულ ცვლილებებზე ილაპარაკა, რომლებიც ბოლო პერიოდში ინგლისურ ფეხბურთში მოხდა.

38 წლის ვეტერანი მშობლიური კლუბის მომავალს იმედიანად უყურებს.

- არ გეჩვენებათ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლა გუნდის მოსამზადებელ ეტაპს ბევრად უფრო საინტერესოს გახდის?
- ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული პერიოდი იქნება მთელი პრემიერლიგისთვის. ძლიერი სტარტისთვის რამდენიმე კლუბი უკვე ემზადება, თუნდაც "სიტი", "ჩელსი", "არსენალი", ასევე, "ტოტენჰემიც". უკანასკნელი ბეილის შენარჩუნებასა და უკეთესი შედეგის ჩვენებას შეეცდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო წინასასეზონო ეტაპი და ყველაზე დამაინტრიგებელი სტარტი გველოდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემპიონატის სამ უმთავრეს ფავორიტს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

- "იუნაიტედის" მოთამაშეებს ახალი დამრიგებლის მოსვლა თუ მისცემს დამატებით მოტივაციას?
- რა თქმა უნდა! ახალი მთავარი მწვრთნელი მათთვის განსხვავებული და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა უნდა გახდეს. საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებთან კონტაქტის წყალობით, დანამდვილებით ვიცი, რომ ფერგიუსონის მიერ წასვლაზე განცხადების გაკეთების შემდეგ რამდენიმე კლუბში შვებით ამოისუნთქეს.

"იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ეს უნდა აღიქვან, როგორც უპატივცემულობა მათ მიმართ და უნდა დაუმტკიცონ მეტოქეებს, რომ შეუძლიათ იმავე დონეზე თამაში ფერგის გარეშეც. ეს სერიოზული მოტივაციაა. მოიესმა და ბიჭებმა ამაზე ღირსეული პასუხი უნდა გასცენ. ეს გზა იოლი ნამდვილად არ იქნება. გუნდს წინ ელის წარმატებებიც და წაგებებიც, ზუსტად ისე, როგორც ეს უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ხდებოდა.

კლუბი სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცევა, როცა ადამიანები დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ეს ის "იუნაიტედი" აღარ არის და ასე შემდეგ, მაგრამ ამის თქმა ყოველთვის ყველაზე იოლია. ყველას ერთი სული აქვს, საკუთარი თვალით იხილოს, როგორი იქნება ეპოქა სერ ალექსის გარეშე. "იუნაიტედმა" უკვე გადაიტანა მსგავსი ეტაპი მეტ ბასბის შემდეგ. ახლაც ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება.

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ უკანასკნელი ტიტულის მომგები გუნდი ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა?
- ეს იყო "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ხელმძღვანელობდა მწვრთნელი, რომელმაც ოთხი დიდი გუნდი ჩამოაყალიბა - 1994, 1999, 2008 და 2013 წლების ფორმაციების. ადამიანები ყოველთვის გაიხედავენ უკან და სხვადასხვა ეპოქის გუნდებს ერთმანეთს შეადარებენ. დროდადრო მეც ასე ვიქცევი ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ არის:

გუნდი ვითარდება, მას ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც ჯერ არ მიუღწევიათ ფორმის პიკისთვის, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან. ვგულისხმობ დე ხეას, რაფაელს, ევანსს, სმოლინგს, ჯონსს, კლევრლის, უელბეკსა და ერნანდესს. "იუნაიტედში" არიან საშუალო ასაკისა და გამოცდილი ფეხბურთელებიც. ამ გუნდმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა საკუთარი პოტენციალის ჩვენება. მსგავს სიტუაციაში იმყოფება "ჩელსიც". მომდევნო სეზონში ისინი განსაკუთრებულად საშიშები იქნებიან. აი, "სიტის" კი გარდამავალი სიტუაცია აქვს. უძლიერესია თუ არა ამჟამინდელი "იუნაიტედი"? ამის დამტკიცებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ისევ განაგრძობს გამარჯვებებს. მთავარი ხომ ფეხბურთში ტიტულებია.

- უკანასკნელ პრესკონფერენციაზე სერ ალექსმა თქვა, რომ ყოველთვის სურდა, ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და ნიკი ბატი, "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში შესულიყვნენ. რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება და ავტორიტეტი?
- აუცილებლად მიაღწევ წარმატებას, თუკი გვერდით გყავს კომპეტენტური და რაც მთავარია, საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანები. ეს სამეული კი სწორედ ასეთია. ბოლო წლებში ძალიან ბევრის თამაშს ვუყურე, ურთიერთობა მქონდა სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლებთან და ვიცი, რომ ისინი სწორედ ამ ტიპის ადამიანებს ეძებენ - ადამიანებს, რომელთაც შეგიძლია ენდო და რომელთაც უყვართ ფეხბურთი. ეს თვისებები კი რაიანში, პოლსა და ნიკიში უხვად არის. ამ სამეულმა "იუნაიტედში" დიდი დრო გაატარა.

- ახალი სეზონის წინ ოდესმე გქონიათ მოუთმენლობის ასეთი განცდა?
- არა. 2012/13 წლების სეზონს შოკისმომგვრელი ფინალი ჰქონდა, თუკი დიდი ასპარეზიდან წასული ფეხბურთელებისა და რაც მთავარია, ალექს ფერგიუსონის ამბავს გავითვალისწინებთ. მეორე მხრივ, ეს არ იყო ყველაზე დამაინტრიგებელი წელიწადი პრემიერლიგაში, რადგან ჩემპიონის ვინაობა ოთხი ტურით ადრე გაირკვა.

წინა ჩემპიონატს ბევრად უფრო გიჟური დასასრული ჰქონდა, რომელსაც ალბათ კიდევ დიდხანს ვეღარ ვიხილავთ. მეჩვენება, რომ ბუნდესლიგა ახლა უფრო ძლიერია, მაგრამ ჩვენ მას დავეწევით. წინ გველის მოსამზადებელი ციკლი და საინტერესო ახალი სეზონი. გადახედეთ ლიდერების ამჟამინდელ შემადგენლობებს; ამას დაუმატეთ 2-3 მაღალი კლასის ახალწვეული და მიიღებთ ევროპის მასშტაბით უძლიერეს გუნდებს.

მოუთმენლად ველი მომდევნო ჩემპიონატს, რადგან ინგლისურ ფეხბურთში, როგორც არასდროს, იმდენი გაურკვევლობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გარი ნევილი: "სიტი" ვერ შეძლებს გუნდის აშენებას აკადემიის აღზრდილების გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული