ვილფრიდ ბონი "თეთრი გედია", ჯერი ახლა ესტებან გრანეროზეა

AutoSharing Option
2012/13 წლების სეზონი ახალი დასრულებული იყო, როცა "სუონსის" მთავარმა მწვრთნელმა მიკაელ ლაუდრუპმა გუნდის უმთავრეს პრიორიტეტად თავდასხმის გაძლიერება გამოაცხადა.

"გედებმა" "კაიზერსლაუტერნში" ერთწლიანი იჯარით მიავლინეს ებრაელი შემტევი იტაი შეხტერი და ისეთი ფეხბურთელის ძებნას შეუდგნენ, რომელიც გუნდს რეალურად გაუწევდა დახმარებას. დანიელის შეგირდებს, პირველად კლუბის ისტორიაში, პარალელურად ოთხ ტურნირზე მოუწევთ ძალების გადანაწილება.

უელსელებმა მიზანში "ვიტესის" 24 წლის კოტდივუარელი ფორვარდი ვილფრიდ ბონი ამოიღეს. გარიგება რამდენჯერმე ჩაიშალა, თუმცა "გედების" ოფიციალურ ვებგვერდზე 11 ივლისს, როგორც იქნა, დადასტურდა ტრანსფერის ამბავი. უელსელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. საქმის
ოფიციალურად დახურვამდე კლუბს ბრიტანეთის შრომის სამინისტროსგან ფეხბურთელზე გაცემული შესაბამისი ნებართვა სჭირდება. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობაა.

სასიამოვნოა, რომ ლაუდრუპი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მომდევნო სატრანსფერო სამიზნეზე ქვემოთ მოგითხრობთ.

ესპანური დესანტი ძლიერდება
2012 წლის ზაფხულში ესტებან გრანერომ 9 მილიონი ფუნტის საფასურად მადრიდის "რეალიდან" "ქუინზ პარკს" მიაშურა. სიმართლე ითქვას, ის გუნდს ბევრი ვერაფრით დაეხმარა პრემიერლიგაში დასარჩენად გამართულ ბრძოლაში.

ჩემპიონშიპში დაქვეითების შემდეგ კი ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მზად იყო, "ლოფტუს როუდზე" დარჩენილიყო. ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი ჰარი რედნაპის გუნდში, ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ესპანელის შეძენით, ან უკიდურეს შემთხვევაში ერთწლიანი იჯარით, "სუონსია" დაინტერესებული.

ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა ბრიტანულ პრესას დაუდასტურეს, რომ "გედებმა" ლონდონელებს ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნეს და პასუხს ელოდებიან. ნახევარმცველს 2008/09-ის სეზონში "ხეტაფეში" სწორედ "სუონსის" ამჟამინდელი თავკაცი მიკაელ ლაუდრუპი წვრთნიდა. ასე რომ, არ გვგონია, გრანერო მოვლენათა ამგვარი განვითარების წინააღმდეგი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არნემის "ვიტესი" ბომბარდირის გარეშე დარჩა - ბონი ვარჯიშზე დაშავდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული