ლონდონის "ტოტენჰემი" კიდევ უფრო გაძლიერდა

AutoSharing Option
"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ "ტოტენჰემს" 21 წლის კრისტიან ერიქსენთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკების ნებართვა მისცა.

ამ ზაფხულს დანიის ნაკრების ვარსკვლავის ტრანსფერზე ბევრი იწერებოდა. ერთი პერიოდი ფეხბურთელის გადაბირების უმთავრეს ფავორიტად დორტმუნდის "ბორუსია" ითვლებოდა, თუმცა მერე რურელებმა "შახტარიდან" ჰენრიხ მხითარიანი იყიდეს და ბრძოლას გამოეთიშნენ.

გერმანიის ვიცე-ჩემპიონების შემდეგ ასპარეზზე "ლივერპული" გამოჩნდა, თუმცა, თავის მხრივ, მერსისაიდელებმა საქმეს თავი ვერ მოაბეს.

და აი, როგორც ჩანს, ერიქსენმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიიღო. "დეზები" "აიაქსს" 12 მილიონ ფუნტს (14 მილიონ
ევროზე ცოტა მეტს) გადაუხდიან.

"გუნდიდან ლიდერის წასვლა უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს. კრისტიანი "აიაქსისთვის" ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე რომ, სერიოზული დარტყმის მოლოდინში ვართ. ჩვენ სხვა გამოსავალი აღარც დაგვრჩა.

ფეხბურთელმა იცის ჩვენი პოზიცია. მას კონტრაქტში ათი თვეღა დარჩა. ის წავა ან ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

გადაწყვეტილებას ფეხბურთელი ახლა უკვე თავად იღებს. ჩვენსა და "ტოტენჰემს" შორის ყველაფერი შეთანხმებულია,"
- აცხადებს გულდაწყვეტილი დე ბური.

ერიქსენს "უაით ჰართ ლეინზე" კიდევ ერთი ყოფილი აიაქსელი, იან ვერტონგენი დახვდება.

ჰოლანდიის მრავალგზის ჩემპიონთა რიგებში ისინი მხარდამხარ 2010/12 წლებში თამაშობდნენ და როგორც ირწმუნებიან, დღემდე უახლოეს მეგობრებად რჩებიან.

ერიქსენამდე ჩრდილოლონდონელებმა ნახევარდაცვაში ეტიენ კაპუ, ნასერ შადლი, ერიკ ლამელა და პაულინიო შეიძინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული