რიგითი ჰარტის დასაცავად: ჯონ რადი თანაგუნდელის გამხნევებას ცდილობს

AutoSharing Option
სეზონი ახალი დაწყებული იყო, როცა პრესამ "მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ნაკრების გოლკიპერის, ჯო ჰარტის კრიტიკა დაიწყო.

ბოლო ხანს კი ეს პროცესი უკვე იმდენად მონოტონური და აუტანელი გახდა, რომ 26 წლის ფეხბურთელის დაცვა უკვე მის კოლეგებს უწევთ და არა მხოლოდ "სიტიდან". მაგალითად, ჟურნალისტებს ზომიერებისკენ მოუწოდა "ნორვიჩის" კარის დარაჯმა ჯონ რადიმ, ვინც "სამი ლომის" ძირითადში სწორედ ჰარტის გამო ვერ ხვდება. ხმა აღიმაღლა ნაკრების კაპიტანმა სტივ ჯერარდმაც, ვინც განაცხადა, რომ როცა ზურგს უკან ჯო ეგულება, თავს ყველაზე მშვიდად მაშინ გრძნობს. აი, რას წერს
"ინდეპენდენტი":

- რადი, ვისაც ინგლისის ნაკრებში აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშია და ისიც ამხანაგურ შეხვედრაში იტალიასთან, აცხადებს, რომ მას არ აქვს პრეტენზია და არც უნდა ჰქონდეს ეროვნული ნაკრების პირველ ნომრობაზე, რადგან მისი აზრით, ჯო ჰარტი ამ მხრივ უკონკურენტოა:

"ბოლო წლებში ჯომ ყველას დაუმტკიცა, რაც შეუძლია. მას ნაკრები ერთხელაც არ დაუღალატებია. მსგავსი ეტაპი კარიერაში მეც გადამიტანია და მესმის, რომ ძალიან უსიამოვნო გრძნობაა. არ მინდა, ვინმემ სხვანაირად გამიგოს, მაგრამ ვწუხვარ, რომ ამის გადატანა უწევს. არადა, ახლა სწორედ მასზეა მიპყრობილი ყველას მზერა.

ის უმაღლესი დონის მეკარეა. ამაში, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება. ჩვენი პრესა უცნაურად იქცევა, ფეხბურთელს ჯერ გააღმერთებს, მერე კი ზურგში ხელს ჰკრავს. სანამ ფეხბურთელების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება იქნება, ტურნირებზე გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება".

ტრადიციული დანაკლისი
ორშაბათს, საღამოს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

"ჩელსის" მცველი ეშლი კოული ჩერნოგორიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ვერ ითამაშებს. შესაბამისად, უახლოესი დღეების განმავლობაში ის კლუბის ბაზაზე დარჩება სამკურნალოდ. როი ჰოჯსონის გუნდის განაცხადში მის ადგილს არსენალელი კირან გიბსი დაიკავებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გარი ნევილი: ჯო ჰარტმა იმედი გამიცრუა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული