დანიელ სტარიჯი: ლუის სუარესთან ერთად თამაში უფრო ადვილია

AutoSharing Option
"ლივერპულის" 24 წლის თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი საოცარ ფორმაშია. ამჟამად იგი 8 გოლით ლიდერობს პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში და გაჩერებასაც არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბირმინგემში დაბადებულმა სტარიჯმა ფეხი "ასტონ ვილაში" აიდგა, რასაც "ქოვენთრი" და "მანჩესტერ სიტი" მოჰყვა. სწორედ "სიტის" რიგებში შედგა მისი პროფესიული დებიუტი. იქ გატარებული 3 წლის შემდეგ სტარიჯი "ჩელსიმ" წაიყვანა, მაგრამ მან ვერც "სტემფორდ ბრიჯზე" მოიკიდა ფეხი.

ლონდონელებმა ის ჯერ "ბოლტონში" გაანათხოვრეს, სადაც დანიელმა 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო 2013 წლის იანვარში "ლივერპულში" გაყიდეს.

მერსისაიდელთა რიგებში სტარიჯმა, როგორც ჩანს,
ბოლო-ბოლო იპოვა თავისი ადგილი. ვნახოთ, რას ამბობს თავად დანიელ სტარიჯი თავის ახალ გუნდზე, ბრენდან როჯერსზე, ლუის სუარესზე, ინგლისის ნაკრებზე...

- "ლივერპულში" გადმოსვლის შემდეგ თითქოს ხელახლა დაიბადეთ და გოლები თავისუფლად გაგაქვთ. კონკრეტულად რამ განაპირობა ასეთი გარდაქმნა?
- დიახ, "ლივერპულში" გადმოსვლა მართლაც ძალიან გამიხარდა. შესანიშნავი ქალაქია და კარგი ატმოსფეროა. გუნდშიც უცბად ჩავეწერე. საბედნიეროდ, მწვრთნელმა იმის შანსი მომცა, რომ მეჩვენებინა, რაც შემიძლია და ახლა ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ.

- "ჩელსიდან" "ლივერპულში" გადმოსვლით თქვენ ერთი-ორი სეზონით მაინც დაემშვიდობეთ ევროპულ ფეხბურთს. გული არ გწყდებათ?
- არა, საერთოდ არა. მე უკვე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა "ჩელსიში"! ახლა კი მზად ვარ, "ლივერპულთან" ერთად ახალი თავგადასავალი დავიწყო. მშვენიერი სტარტი გამოგვივიდა. ჯერ კიდევ ბევრი თამაში და სეზონის უდიდესი ნაწილია წინ, მაგრამ კარგად გამოვიყურებით და იმედი გვაქვს, რომ ასევე გავაგრძელებთ.

- "ჩელსიში" თქვენ სულ ფლანგზე თამაშობდით, ხოლო ბრენდან როჯერსი უფრო ცენტრში გათამაშებთ. რას იტყვით ამაზე? ეს ხომ არ არის ამდენი გოლის მიზეზი?
- მე თამაში მაბედნიერებს და მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე გავისარჯო, რომელზეც მწვრთნელი დამაყენებს. მენტალიტეტს, უბრალოდ, ვერ შევიცვლი, შეტევაში ვთამაშობ და ყოველთვის შევუტევ. კონკრეტულად ფლანგზე იდგები თუ ცენტრში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, შენი საქმე გააკეთო და გუნდს სარგებელი მოუტანო.

- ლუის სუარესს დისკვალიფიკაცია დაუმთავრდა და დაბრუნდა. ახლა თქვენ წყვილში ხართ და შეტევაში მარტო აღარ გიწევთ ყოფნა. როგორია ასეთი ნიჭიერი მეწყვილის გვერდით თამაში?
- ის მართლაც ძალიან ნიჭიერია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ. მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს. უფრო ადვილია, როცა ლუისისნაირი მოთამაშე გყავს გუნდში, რომელიც თანაგუნდელებს ბოლომდე დახარჯვის მოტივაციას აძლევს. ყველაფერი კარგად გამოგვდის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მთლიანობაში ვართ ძლიერი გუნდი და თანაგუნდელები გვიქმნიან მომენტებს.

- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია "ლივერპულის" ასე კარგად ათამაშება? გულშემატკივართა და სპეციალისტთა უმეტესობისთვის ეს მოულოდნელი იყო.
- დიახ, დასაწყისი ნამდვილად ბრწყინვალეა! ბრენდან როჯერსმა გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაგვინერგა და ყველა მატჩის მოგება გვინდა. ამ სეზონში მინდორზე ასეთი განწყობით გავდივართ. ხასიათი გამოვავლინეთ, შემართულები ვართ და ვიმედოვნებ, ბოლომდე ასე იქნება.

- პრემიერლიგაში საინტერესო და დაძაბული ვითარებაა. როგორ ფიქრობთ, მოიპოვებს "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის საგზურს?
- ჯერ ძალიან ადრეა რაიმეს პროგნოზირება, სეზონის უდიდესი ნაწილი წინ არის. თუმცა ბოლომდე კონცენტრირებულნი ვართ საკუთარ თამაშზე, გვინდა მაქსიმალურად დავიხარჯოთ და მჯერა, ყველაფერი შესაძლებელია.

- გიფიქრიათ არაინგლისურ კლუბში თამაშზე? უფრო მეტი ინგლისელი ფეხბურთელი ხომ არ უნდა მიდიოდეს უცხოეთში სათამაშო კლასის ასამაღლებლად?
- ვფიქრობ, პრემიერლიგა ძალიან ძლიერი ჩემპიონატია, სადაც უმაღლესი სტანდარტებია და მასში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს. ასე რომ, არ მგონია, ინგლისელებისთვის სადმე წასვლის აუცილებლობა იდგეს. პირადად მე, სიამოვნებით ვითამაშებდი MLS-ში. კარიერის ბოლოს ნამდვილად მინდა ამერიკაში გადასვლა, რადგან იქაურობა მიზიდავს, კულტურა და ცხოვრების სტილი.

- რომელიმე ფეხბურთელისთვის თუ მიგიბაძავთ?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელისათვის მიმიბაძავს, მაგრამ სტივენ ჯერარდი ნამდვილად სამაგალითო პიროვნებაა. იგი დიდებული ადამიანია, როგორც მინდორზე, ასევე ცხოვრებაში. ჯერარდი აბსოლუტურად ყველასთან პოულობს საერთო ენას. როდესაც "ლივერპულში" გადმოვედი, ის ჩემზე ზრუნავდა, მუდამ ყურადღებით იყო და მეხმარებოდა დამკვიდრებაში. სიმართლე ითქვას, ძალიან კარგია, როდესაც ასეთი ადამიანი გყავს სიახლოვეს. ჯერარდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მას დიდ პატივს ვცემ.

- იმ გუნდებში მოგიწიათ თამაში, რომელთა კაპიტნებიც სტივენ ჯერარდი და ჯონ ტერი არიან, ორი დიდი კაპიტანი ინგლისურ ფეხბურთში. რომელია უკეთესი?
- ჩემი აზრით, ორივე თავისებურად დიდი კაპიტანია და ორივემ უდიდესი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის წარმატებაში. არ იქნებოდა სამართლიანი ერთ-ერთის გამორჩევა. ორივე ლეგენდა და ნამდვილი კაპიტანია.

- რომელი მეტოქის წინააღმდეგ გაგიჭირდათ ყველაზე მეტად თამაში?
- ტიაგო სილვა ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ბრაზილიელი ბრწყინვალედ ერთვება შეტევებში და ძალიან ძლიერია დაცვაში. იგი უაღრესად სწრაფი და ამავდროულად, ფიზიკურად ძლიერია. ასე რომ, ტიაგო სილვასთან გამკლავება თავდამსხმელებისთვის ძალიან რთული.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას გილოცავთ! რას იტყვით მუნდიალზე?
- ძალიან მახარებს, რომ გავედით ფინალურ ეტაპზე. ახლა დავმშვიდდით. ბრაზილია ბრწყინვალე იქნება, დარწმუნებული ვარ. იქ შესანიშნავი ატმოსფერო და ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გველოდება. რაც შეეხება ინგლისს, ნაკრებს წარმატების მიღწევა უნდა და ამისთვის სერიოზულად მუშაობს. პირადად მე, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ საუკეთესოდ გამოვავლინო თავი, რადგან ბრაზილიისკენ გასამგზავრებელ თვითმფრინავში ვიჯდე. თუ ღმერთი ინებებს, იქ აღმოვჩნდები კიდეც.

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესის პირველი ჰეთთრიკი "ენფილდზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული