ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური: ერთი გუნდის საოცნებო ფეხბურთი [VIDEO]

AutoSharing Option
"ლივერპულმა" "არსენალს" საშინელი დღე აყარა. თუ არ გახსოვთ ხსენებული წყვილის პირველი წრის დაპირისპირება, გეტყვით, რომ ნოემბერში ლონდონელთა უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მეტოქეები სხვადასხვა რანგის ლიგაში თამაშობდნენ.

შაბათსაც იგივე განმეორდა, მასპინძელმა ამჯერადაც მუსრი გაავლო მომხვდურს. გამარჯვებულის ვინაობა პირველ 20 წუთში გადაწყდა. თამამად ვიტყვით, რომ "წითლების" შეტევამ დაამსხვრია მითი "მეთოფეთა" დაცვის გაუვალობაზე, რომლითაც ისინი ასე ამაყობდნენ. ვოიცეხ შჩესნის კარი 3-4-ჯერ ბეწვზე გადარჩა.

ყველაფერი კი მარტივად დაიწყო: პირველ 10 წუთში ორ სტანდარტულს მარტინ შკრტელის ორი გოლი მოჰყვა, ჯერ ფეხით, მერე
თავით. 29 წლის სლოვაკისთვის 7-წლიან ინგლისურ კარიერაში ეს პირველი დუბლი აღმოჩნდა. სტუმართა უკანა ხაზზე სიტყვა ზედმეტად რომ არ გაგვიგრძელდეს, გეტყვით, რომ მოედანზე მათსავით უბადრუკი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო - მესუთ იოზილი.

"არსენალის" გამთამაშებელი, გარდა იმისა, რომ თავისუფალ თანაგუნდელებს ვერ პოულობდა, ბურთს მარტივ სიტუაციებში კარგავდა, რასაც 3-ჯერ მოჰყვა ელვისებური კონტრშეტევა. გერმანელის შეცდომის შემდეგ 2:0-ზე "არსენალი" გადარჩა, როცა დენიელ სტარიჯმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მორიგი ჩავარდნების შემდეგ კი ჯერ რაჰემ სტერლინგმა გაზარდა ანგარიში სამამდე, მერე სტარიჯმაც გაიტანა თავისი წილი ბურთი.

არსენ ვენგერის გუნდის უბედურება ამით არ დამთავრებულა. "ლივერპულს" მომენტები მეორე ტაიმშიც ჰქონდა. სტერლინგმა, შკრტელის მსგავსად, პირველად შეაგდო ორი გოლი ჩემპიონატში, მერე კი ჰეთ-თრიქის შანსიც ჰქონდა. ლუის სუარესმა შორეული ჯარიმა პირდაპირ "ცხრიანს" დაუმიზნა, მაგრამ შჩესნიმ იყოჩაღა. "არსენალმა" მხოლოდ მატჩის ბოლოს გაიხსენა, რომ მასაც გრანდი ჰქვია.

5:1 ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის წაქცევის შემდეგ მიკელ არტეტამ შეაგდო. ესპანელს საჯარიმოდან კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, თუმცა სიმონ მინიოლემ მეტის უფლება აღარ მისცა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი ჰეთ-თრიქი
ედენ აზარი ნახევარმცველია და მისი უპირველესი მოვალეობა ბურთის გათამაშებაა, თუმცა ბელგიელი ყოველთვის გამოირჩეოდა შედეგიანობით. 2012 წლის გაზაფხულზე ფეხბურთელმა "ლილში" ასპარეზობა ჰეთ-თრიქით დაასრულა და სათამაშოდ "ჩელსის" მიაშურა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ "ნიუკასლთან" მან ლონდონური კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. პირველ გოლამდე "ჩელსის" თითქმის არაფერი გამოსდიოდა.

მეტოქის კართან უფრო "ნიუკასლი" ახერხებდა სიტუაციის გამწვავებას, თუმცა "კაჭკაჭებს" განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ. პეტრ ჩეხს ატემ ბენ არფას დარტყმების შემდეგ ორჯერ მოუხდა თამაშში ჩართვა. ანგარიში ბრანისლავ ივანოვიჩის გადაცემით გაიხსნა. სხვაობა ჯერ კიდევ მინიმალური იყო, როცა მოჰამედ სისოკო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ფრანგმა ბურთი პირდაპირ ჩეხს დაუმიზნა. ამას "ჩელსის" პასუხი მოჰყვა.

სამუელ ეტო'ომ აზარს საჯარიმოში ბურთი ქუსლით გააყოლა, უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბადეში. მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ანგარიშზე მხოლოდ ერთხელ აისახა. მაპუ იანგა-მბივამ ეტო'ო საჯარიმოში ჭიდაობის ილეთით დასცა ძირს. ვის უნდა დაერტყა პენალტი, მსგავსი შეკითხვა არ დასმულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზედიზედ მეორედ
"მანჩესტერ სიტი" ევროპული საფეხბურთო სეზონის ყველაზე შედეგიანი გუნდია. 25-ე ტურის შემდეგ ჩემპიონატში მას 68 გოლი აქვს ანგარიშზე, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამდენივე ჰქონდა ორი ტურის წინაც. "ეტიჰადზე" "ჩელსისთან" მშრალად წაგებული თამაშის შემდეგ "ქალაქელებმა" მიჯრით მეორე თამაშში ვერ მოახერხეს თავის გამოჩენა, რაც მანუელ პელეგრინის გუნდს აქამდე არ უქნია.

მომენტები ორივე კართან შეიქმნა. უფრო სახიფათოდ სტუმარი უტევდა. სტევან იოვეტიჩს, ხესუს ნავასსა და ალვარო ნეგრედოს არ გაუმართლათ. უკანასკნელმა 2 მეტრიდან თავით სულაც ხარიხას გაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ჰარტს არ გაუშვია, მოიკოჭლებდა უკანა ხაზიც. სუსტად გამოიყურებოდა მარტინ დემიჩელისი, ვინც რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. ბოლო წუთებში "ნორვიჩმა" განსაკუთრებით გაზარდა ზეწოლა.

"სიტის" საჯარიმოდან ბურთიც კი ვერ ამოჰქონდა ნორმალურად. მასპინძელს 3-4-ჯერ შეეძლო გატანა. ნათან რედმონდის გამჭოლ გადაცემას 2-2 სტუმარ-მასპინძელი, უბრალოდ, ასცდა. მეორადი შეტევა ენტონი პილკინგტონმა ახლო მანძილიდან ხარიხას სანტიმეტრებში ააცილა. თამაში უსიამოვნო ეპიზოდით დასრულდა. საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ძირს დაცემულ რიკი ვან ვოლფსვინკელს იაია ტურემ ფეხი განგებ მიარტყა, რაც შეხვედრის მთავარი არბიტრისგან განსხვავებით, მატჩის რეჟისორს არ გამოჰპარვია. ივუარელი დისკვალიფიკაციას, ალბათ, ვერ გადაურჩება.

ახალი მწვრთნელის ეფექტი
"სუონსიში" სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ რამდენიმე დღეა გასული, თუმცა გარი მონკს ეს დროც ეყო, რომ ფეხბურთელები საბრძოლოდ დაემუხტა. შესაძლოა, ცოტას ვაჭარბებდეთ კიდეც 34 წლის სპეციალისტის როლის შეფასებისას, თუმცა დებიუტი რომ გამოუვიდა, ამას ვერსად გავექცევით. "გედებს" განსაკუთრებული ტაქტიკური სიახლე არ შემოუთავაზებიათ.

ახალი იყო მხოლოდ ჟინი, უფრო სწორად, ძველ-ახალი. პრემიერლიგის დებიუტანტი გუნდი სწორედ ასე თამაშობდა და ამიტომაც არის, თაყვანისმცემელთა მთელი არმია რომ შეიძინა. უჩვეულო იყო ისიც, თუ როგორ გამოხატავდა მონკი ემოციებს. აშკარაა, რომ ახალ ამპლუასთან შესაგუებლად მას დრო ჯერ კიდევ დასჭირდება.

რეალური საფრთხე
"მანჩესტერ იუნაიტედს" არც ტრავმირებული ლიდერების დაბრუნება შველის და არც ახალი ფეხბურთელების ყიდვა. დევიდ მოიესის გუნდს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რომ არათუ ჩემპიონთა ლიგის, ზოგადად, ევროპული ტურნირების მიღმა დარჩეს, რაც 1979/80 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. მატჩის შემდგომ კომენტარებზე ხვალინდელ ნომერში მოგახსენებთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXV ტური

ლივერპული-არსენალი 5:1
გოლები: 1:0 შკრტელი (1), 2:0 შკრტელი (10), 3:0 სტერლინგი (17), 4:0 სტარიჯი (20), 5:0 სტერლინგი (52), 5:1 არტეტა (69-პენ)
ლივერპული (4-4-2): მინიოლე - ფლენაგანი, შკრტელი, ტურე, სისოკო - ჰენდერსონი, ჯერარდი (76. იბე), კოუტინიო, სტერლინგი - სტარიჯი (66. ალენი), სუარესი (85. ასპასი)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი (61. გიბსი) - უილშირი, არტეტა - იოზილი (60. როსიცკი), კასორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - ჟირუ (60. პოდოლსკი)
გაფრთხილება: ჰენდერსონი - ჟირუ, უილშირი
კარში დარტყმა: 22-11 (12-6) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 14-14 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 44 701

ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 0:2
გოლები: 0:1 ნოლანი (46), 0:2 ნოლანი (48)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლოუტონი (56. ოლბრაიტონი), კლარკი, ბეიკერი, ბერტრანი (74. ბენეტი) - ვესტვუდი, დელფი, ბაკუნა - ვაიმანი (71. ჰოლტი), ბენტეკე, აგბონლაჰორი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - დემელი, კოლინსი, ტომკინსი, მაკარტნი - ნოუბლი, ტეილორი - ნოლანი (68. ნოჩერინო), დაუნინგი, ჯარვისი (74. რიდი) - კ. კოული (46. ბორიელო)
გაფრთხილება: - კოლინსი, ტეილორი
კარში დარტყმა: 16-10 (1-2) კუთხური: 8-10 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 9-8 ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 36 261

ჩელსი-ნიუკასლი 3:0
გოლები: 1:0 აზარი (27), 2:0 აზარი (34), 3:0 აზარი (63-პენ)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა - მატიჩი, ლემპარდი - აზარი (85. შიურლე), ოსკარი, ვილიანი (78. სალაჰი) - ეტოო (71. ბა)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში (40. იანგა-მბივა), რ. ტეილორი, უილიამსონი, დამეტი - სანტონი, ანიტა (84. მარვო), სისოკო, ბენ არფა (64. გოსლინგი) - ს. ამეობი, დე იონგი
გაფრთხილება: - ს. ამეობი, იანგა-მბივა, სისოკო
კარში დარტყმა: 18-12 (8-6) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 7-10 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 41 387

პალასი-ბრომვიჩი 3:1
გოლები: 1:0 ინსი (15), 2:0 ლედლი (27), 2:1 ბიფუმა (46), 3:1 შამახი (69-პენ)
პალასი (4-4-1-1): სპერონი - უორდი, დანი, დელეინი, ლედლი - ჟედინაკი, დიკგაჩოი, პანჩეონი (72. მარი), ბოლასი (76. პარი) - ინსი - შამახი (83. ტომასი)
ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ჯონსი, მაკაული, დოუსონი, რიჯუელი (46. სინკლერი) - იაკობი (71. ბერაინო), მულუმბუ - მორისონი, გერა (46. ბიფუმა), ბრანტი - ანიჩებე
გაფრთხილება: - იაკობი, ჯონსი, ბრანტი
კარში დარტყმა: 10-17 (6-7) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-13 ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 24 501

ნორვიჩი-სიტი 0:0
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - მარტინი, იობო, ბასონგი, ოლსონი - ჯონსონი, ტეტი, რედმონდი, პილკინგტონი (90+3. უიტეკერი) - ფერი - ჰუპერი (68. ვან ვოლფსვინკელი)
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში - მილნერი, ი. ტურე, ნავასი, დ. სილვა - იოვეტიჩი (61. ჯეკო), ნეგრედო (77. კოლაროვი)
გაფრთხილება: ტეტი, ვან ვოლფსვინკელი - მილნერი
კარში დარტყმა: 7-15 (2-2) კუთხური: 4-14 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 7-6 ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 26 832

საუთჰემპტონი-სტოკი 2:2
გოლები: 1:0 ლამბერტი (6), 1:1 ოდემვინგი (38), 2:1 ს. დევისი (40), 2:2 კრაუჩი (44)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი (80. ჩემბერსი), ფონტე, იოშიდა, შოუ - კორკი, შნაიდერლინი - ს. დევისი, ლალანა, ჯ. როდრიგესი - ლამბერტი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, მუნიესა, პიტერსი - უელანი, ადამი (79. ნზონზი) - ასაიდი (84. გუიდეტი), უოლტერსი, ოდემვინგი - კრაუჩი
გაფრთხილება: ადამი, ოდემვინგი, კრაუჩი, უოლტერსი
კარში დარტყმა: 17-5 (5-4) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 7-14 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 27 987

სანდერლენდი-ჰალი 0:2
გოლები: 0:1 ლონგი (16), 0:2 იელავიჩი (62)
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ბერდსლი, ბრაუნი, ოში, ალონსო - ბრიდკატი (76. უიკჰემი) - კი (70. გარდნერი), კოლბეკი, ჯონსონი, ბორინი (12. ვერგინი) - ალტიდორი
ჰალი (4-4-2): ჰარპერი - როსენიორი (46. კორენი), მაკშეინი, დევისი, ფიგეროა - ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ელ-მოჰამადი, მეილერი - ლონგი (89. ბრეიდი), იელავიჩი (78. ალუკო)
გაფრთხილება: ბრიდკატი - როსენიორი, იელავიჩი, ლივერმორი
გაძევება: ბრაუნი (4) -
კარში დარტყმა: 7-25 (3-9) კუთხური: 2-6 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 12-16 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 42 810

სუონსი-კარდიფი 3:0
გოლები: 1:0 რუტლეჯი (47), 2:0 დაიერი (79), 3:0 ბონი (85)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - ბრიტონი, დე გუზმანი (69. კანიასი) - ემნესი (46. ერნანდესი), რუტლეჯი, დაიერი (88. ტეილორი) - ბონი
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ფაბიო (69. მაკნაუტონი), კოლკერი, ტერნერი, ჯონი - მედელი, უიტინგემი - კიმი, ზაჰა (77. მატჩი), ბელამი - კ. ჯონსი (56. კემპბელი)
გაფრთხილება: ერნანდესი - მატჩი
კარში დარტყმა: 17-7 (6-1) კუთხური: 5-1 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 7-8 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 20 402

ტოტენჰემი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ადებაიორი (65)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, როუზი - დემბელე, ბენტალები - პაულინიო (68. კაპუ), ერიქსენი (35. ტაუნსენდი), ლენონი (86. დეფო) - ადებაიორი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, ჯაგიელკა, დისტენი, ბეინსი - მაკარტი, ბერი - მირალიაში, ოსმანი (73. მაკგიდი), პიენაარი (64. ბერკლი) - ნეისმიტი (73. დელოფეუ)
გაფრთხილება: დემბელე -
კარში დარტყმა: 8-11 (2-3) კუთხური: 9-7 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 9-13 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 35 944

იუნაიტედი-ფულჰემი 2:2
გოლები: 0:1 სიდუელი (19), 1:1 ვან პერსი (78), 2:1 კერიკი (80), 2:2 ბენტი (90+4)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი (69. ვალენსია), სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - დ. ფლეტჩერი (62. იანუზაი), კერიკი - იანგი (69. ერნანდესი), მატა, რუნი - ვან პერსი
ფულჰემი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - რიტერი, ჰეიტინგა, ბერნი, რიისე - სიდუელი, კვისტი (80. ლ. კოული) - ტანკლიფი (65. პარკერი), ტანკოვიჩი (46. ბენტი), რიჩარდსონი - ჰოლტბი
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 29-4 (9-2) კუთხური: 10-1 თამაშგარე: 5-0 ჯარიმა: 3-6 ბურთის ფლობა: 76%-24%
მაყურებელი: 74 966

ბომბარდირები: 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

მომდევნო ტური
11 თებერვალი:
კარდიფი-ასტონ ვილა, ჰალი-საუთჰემპტონი, ვესტ ჰემი-ნორვიჩი, ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი
12 თებერვალი:
არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი-პალასი, მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი, ნიუკასლი-ტოტენჰემი, სტოკი-სუონსი, ფულჰემი-ლივერპული

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული