"სუონსიდან" გაგდებული მიკაელ ლაუდრუპი ალაპარაკდა!

AutoSharing Option
49 წლის დანიელი მიკაელ ლაუდრუპი "სუონსიმ" 4 თებერვალს, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ხუთი თვით ადრე გაათავისუფლა პოსტიდან. ის ახლაღა ალაპარაკდა დეტალებზე, რაც ამ გადაწყვეტილებას უძღოდა წინ. ლაუდრუპის თქმით, პრეზიდენტი ჰიუ ჯენკინსი მისგან სამწვრთნელო შტაბის წევრების გათავისუფლებას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

- პირველი სეზონი ფანტასტიკურად ჩავატარეთ. მოვიგეთ ლიგის თასი, ჩემპიონატში კი მე-9 ადგილზე გავედით. ამიტომაც მწყდება გული, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე.

გასული წლის ზაფხულში ჩემს აგენტ ბაირამ თუთუმლუსა და პრეზიდენტ ჰიუ ჯენკინსს შორის ურთიერთობები გაფუჭდა. ვგრძნობდი, რომ მათი ბრძოლის ეპიცენტრში
აღმოვჩნდი. ვცდილობდი, როგორმე ოქროს შუალედი მომენახა, მაგრამ სიტუაცია არ იცვლებოდა. თუთუმლუსთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს და მას ბოლომდე ვენდობი, თუმცა კლუბის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე ეს არ ასახულა.

იანვარში გამომიცხადეს, რომ ხელმძღვანელობა ჩემი შტაბის წევრებით იყო უკმაყოფილო. თემა განვიხილეთ, თუმცა არგუმენტების მართებულობაში ვერ დამარწმუნეს. ცოტა ხანში ისევ მომთხოვეს ჩემს ასისტენტებთან ურთიერთობების გადახედვა.

დავთანხმდი, რომ კიდევ ერთხელ გვემსჯელა ამ ყველაფერზე. გამაოცა იმან, რომ გაზეთებმა აღნიშნული თემა დეტალებში იცოდნენ. მეორე შეხვედრაზე ჯენკინსს ხელახლა შევუთანხმდი, რომ ყველაფერი უცვლელად დაგვეტოვებინა, თუმცა მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვიყავი. რამდენიმე საათში კლუბის თანამშრომელმა ბაზიდან ჩემი პირადი ნივთები სახლში მომიტანა.

გული დამწყდა, რომ გუნდთან გამომშვიდობების უფლებაც კი არ მომცეს. ფეხბურთელებს პირადად შევეხმიანე. ბედნიერი ვიყავი, როცა უამრავმა ადამიანმა დამირეკა მხარდასაჭერად, მათ შორის, სერ ალექს ფერგიუსონმა და გარი ლინეკერმა.

ყველგან, სადაც მიმუშავია, ვცდილობდი, ყველაფერი უკეთესობისკენ შემეცვალა. ერთადერთი, სადაც შედეგი ვერ მივიღე, ეს რუსეთი იყო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა ჩემთვის გლობალური შეცდომა იყო. "სპარტაკიდან" გათავისუფლების შესახებაც მხოლოდ ტელეფონით შევიტყვე. მაშინ პირველად გავიფიქრე, რომ ალბათ აქ ყველაფერი ასე მუშაობს-მეთქი. გირეკავენ და ტელეფონზე გეუბნებიან, რომ ყველაფერი დასრულებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული