ქპრ: რემზიმდე და რემზისთან ერთად

AutoSharing Option
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" ადრე შინ მაინც აგროვებდა ქულებს და სტუმრად ყველასთან აგებდა, ახლა კი მოვიდა კრის რემზი, გუნდს ერთი თამაში მოაგებინა სტუმრად, ხოლო საკუთარ "ლოფტუს როუდზე" ყველა წააგო.

გაჩერდა ჩარლი ოსტინი, რაც დიდი პრობლემაა. თუმცა ოსტინმა "ევერტონთან" საშინაო მარცხისას თავად ვერ გაიტანა, მაგრამ ედუ ვარგასს უპასა. უბრალოდ, ეს ბურთი ქპრ-ს არ ეყო, რადგან სტუმრებმა ორი გაიტანეს. გამარჯვებისა აარონ ლენონმა შეაგდო, რომელიც "კანფეტებში" "ტოტენჰემიდანაა" განათხოვრებული და ეს მისი პირველი გოლი გახლდათ ახალი გუნდის მაისურით.

ასე რომ, მერსისაიდელები გასავარდნ ზონას 9 ქულით
მოსწყდნენ. ფანები ამით მაინც თუ დაიმშვიდებენ თავს ამ ჩაგდებული სეზონისას, რომ გავარდნა მაინც აღარ ემუქრებათ.

სამაგიეროდ, მოგება რობერტო მარტინესს იმის გამო ჩამწარდა, რომ რომელუ ლუკაკუმ ტრავმა მიიღო. ერთი შეხედვით, დაზიანება სერიოზული არ ჩანს, მაგრამ ექიმების დიაგნოზს მაინც უნდა დაველოდოთ. ამბობენ, ლუკაკუს შესაძლოა, ბელგიის ნაკრების მატჩების გამოტოვება მოუხდესო.

ქპრ კი შინ ზედიზედ 5 მატჩია, აგებს და 7 შეხვედრაა "ლოფტუს როუდზე" არ მოუგია. ზოგადად, ბოლო 10 ტურში ქუინზპარკელებს 9 წაგება აქვთ და მალე შესაძლოა, "ლესტერივით" უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ჯერჯერობით, სწორედ ის გუნდები არიან გასავარდნ ზონაში, რომლებიც ჩემპიონშიპიდან ამოვიდნენ - "ლესტერი", ქპრ და "ბარნლი". რემზისთვის და მთლიანად გუნდისთვის გადამწყვეტი უახლოესი ორი მატჩი იქნება - სტუმრობა "ვესტ ბრომვიჩთან" და საშინაო შეხვედრა უშუალო კონკურენტ "ასტონ ვილასთან".

"ძალიან საწყენია, რომ უქულოდ დავრჩით. როდესაც ამდენ მომენტს ქმნი, დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, როგორ ვერ უნდა მოიგო. ბიჭებმა მთელი შემართებით ითამაშეს და მათ გამო განსაკუთრებით მწყდება გული, არ გაგვიმართლა. სამაგიეროდ, გაგვიმართლა იმაში, რომ ცხრილში ჩვენმა მეზობლებმა ასევე ვერ დააგროვეს ქულები. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია გასავარდნი ზონიდან ამოსვლა, ეს წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის" - განაცხადა რემზიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული