ქვემოთ ფილიპოს საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით, სადაც მეტწილად, სწორედ ძმაზე საუბრობს და სერია A-ში არსებულ ვითარებას განიხილავს...
- სკუდეტოს ისევ "იუვენტუსი" მოიგებს?
- დიახ, ვფიქრობ, რომ "იუვენტუსს" რეალური კონკურენტი არ ჰყავს.
- თუმცა, ტურინულმა გრანდმა მიმდინარე სეზონში უკვე 4 მატჩი წააგო. ბევრი ხომ არაა?
- მთავარია, რომ თითოეულ ამ მარცხზე გუნდმა სწორი
- არაერთხელ გითქვამთ, რომ თქვენი გული "მილანს" ეკუთვნის. "იუვენტუსის" მიმართ რა ემოციები გაკავშირებთ?
- უდიდესი პატივისცემა. ვმეგობრობ ანდრეა ანიელისთან, რომელიც დიდი ენთუზიასტია და გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებები სწორედ მას უკავშირდება. ტურინელები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებენ სხვებს, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
"იუვეს" საუკეთესო დაცვა ჰყავს ევროპაში, მაგრამ ისინი უკვე აღარ არიან ახალგაზრდები, ტურინელები კი ახალ თაობაზე ფიქრობენ. "იუვეში" ჰყავთ დანიელე რუგანი და გაიფორმეს მატია კალდარა, რომლებიც დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. გავიგე, რომ "იუვემ" რიკარდო ორსოლინი გადაიბირა, 19 წლის გარემარბი, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. "იუვე" უძლიერესია დღეს და აქედანვე უყრის საფუძველს ნათელ მომავალს.
- ცნობილია, რომ ტურინში სახლი გაქვთ. ხშირად ხართ ამ ქალაქში?
- ძალიან იშვიათად და სახლსაც მუდმივად ვაქირავებ. ძირითადად, ჩემს სახლში ფეხბურთელები ცხოვრობენ. როდესაც იბრაჰიმოვიჩი "იუვეში" თამაშობდა, სწორედ ჩემთან ცხოვრობდა, დღეს კი სახლი ასკუას აქვს ნაქირავები.
- ელოდით, რომ 20 ტურის შემდეგ "ლაციო" ლიდერთა შორის იქნებოდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებდა?
- ვფიქრობ, ამის არავის სჯეროდა, გარდა ერთი პიროვნებისა და ის ჩემი ძმაა. ზაფხულში სიმონე და მე ერთად ვისვენებდით. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, თუ ვინ იქნებოდა "ლაციოს" მწვრთნელი. კლაუდიო ლოტიტო მარსელო ბიელსასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, სიმონეს კი ისღა დარჩენოდა, რომ ამ პროცესისთვის შორიდან მიედევნებინა თვალი. რამდენიმე საინტერესო შეთავაზებაც მიიღო, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან ჯერ კიდევ ჰქონდა მცირე იმედი, რომ ლოტიტო მწვრთნელად მას დატოვებდა.
- კლაუდიო ლოტიტომ ვერ მიაღწია შეთანხმებას ვერც მარსელო ბიელსასთან და ვერც ხორხე სამპაოლისთან, "ლაციო" კი სიმონე ინძაგის დარჩა...
- და ვფიქრობ, დღეს გულშემატკივრებს ეს მხოლოდ ახარებთ. ასეთი შედეგებისთვის მარსელო ბიელსას რომ მიეღწია, მას ჯადოქრად შერაცხავდნენ, სიმონეს კი ღვაწლი ნაკლებად დაუფასდება. ასეთია ცხოვრება, ხშირად უსამართლო. თუმცა, ჩემს ძმას ეს ნაკლებად აღელვებს და საქმეს დიდი ენთუზიაზმით ეკიდება.
- მაინც რისი მიღწევა შეუძლია "ლაციოს" ასეთი შეზღუდული რესურსით?
- როგორც გამოჩნდა, ამ შეზღუდული რესურსით გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია და თუ ასე მოხდა, ეს უდიდესი წარმატება იქნება. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გასვლა დიდ შემოსავალს ნიშნავს, რაც შემდეგ სატრანსფერო ბაზარზეც ცვლის ვითარებას. თუმცა, უფრო რეალური მაინც "ლაციოს" ევროპალიგაზე გასვლაა.
- რა არის სიმონე ინძაგის მთავარი პლუსი?
- თავმდაბლობა, ინტელექტი და უნარი, დააკვირდეს ყველა წვრილმანს, თუნდაც უმნიშვნელო დეტალს. ხშირად მინახავს, მწვრთნელები ვარჯიშებს შორიდან უყურებენ და ამ საქმეს ასისტენტებს ანდობენ, სიმონე კი ყველა წვრთნას თვითონ უძღვება და ყველა პროცესში უშუალოდ ჩართულია.
- რა უფრო მნიშვნელოვანია მწვრთნელისთვის: კარგად მოამზადოს გუნდი თამაშისთვის და მსვლელობისას მოახდინოს სწორი რეაგირება?
- ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია. თუ გუნდი თამაშს მოუმზადებელი შეხვდა, წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ამასთან, არ მომწონს, როდესაც მწვრთნელი ერთ ტაქტიკურ მონახაზზეა დამოკიდებული და მისი შეცვლა არ შეუძლია. "ლაციო"-"ატალანტას" შეხვედრაში ჩემმა ძმამ 90 წუთში სამი ტაქტიკა გამოსცადა, რამაც მეტოქეს საქმეს მკვეთრად გაურთულა.
- როდესაც ძმასთან ერთად ხართ, ალბათ, მუდმივად ფეხბურთზე საუბრობთ...
- სალაპარაკოს რა გამოლევს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მართლაც ფეხბურთს ვუტრიალებთ. სპორტის ეს სახეობა ორივეს სიგიჟემდე გვიყვარს და ამიტომ მწვრთნელობას მივყავით ხელი. სიმონე "ლაციოს" ყველა თამაშს მინიმუმ ორჯერ უყურებს, მეტოქე გუნდების პაექრობებს კი - 3-ჯერ, 4-ჯერ და ხანდახან 5-ჯერ. დაახლოებით ასე ვარ მეც. ეს ჩვენი ცხოვრების წესია, რომელიც ძალიან მოგვწონს.
- ბოლოს რა თემაზე გქონდათ დისკუსია?
- "ატალანტასთან" მატჩის წინ "ლაციოს" ტაქტიკური მონახაზი განვიხილეთ. ფიქრობდა, 3 მცველით ეთამაშა თუ 4-ით. სიმონე ყოველთვის ყურადღებით მისმენს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.
- როგორ გადანაწილდება ადგილები სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში?
- "ლაციო" რომ საუკეთესო სამეულისთვის იბრძვის, ეს შესანიშნავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდისთვის ევროპალიგის საგზურის მოპოვებაც დიდი წარმატება იქნება. ამ ტურნირზე მოსახვედრად ასევე "მილანი", "ფიორენტინა" და "ატალანტა" იბრძოლებენ. გასაგები მიზეზების გამო მე "მილანს" და "ლაციოს" ვგულშემატკივრობ. ჩემპიონთა ლიგის ზონაში "იუვენტუსთან" ერთად, ალბათ, "რომა" და "ნაპოლი" მოხვდებიან, "ინტერი" კი შეეცდება, რომ მათი ჰარმონია დაარღვიოს. წინ საინტერესო მატჩები გველის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"