იტალიელი ჟურნალისტები შეფასებებისთვის ხშირად აწუხებენ ლეგენდარულ არიგო საკის, დიდი "მილანის" არქიტექტორს, რომელმაც იტალიურ და ევროპულ ფეხბურთში ბევრი რამ შეცვალა...
საკიმ ინტერვიუ მისცა "გაძეტა დელო სპორტს".
- მიმდინარე სერია A-ში ინტრიგა და კონკურენცია გაცილებით მწვავეა, ვიდრე წინა სეზონში. ფიქრობთ, რომ "იუვენტუსს" პრობლემები ექნება ტიტულის დაცვის გზაზე?
- და ვისგან ექნება პრობლემები? "იუვენტუსმა" 5 სკუდეტო მოიგო ზედიზედ, ყოველთვის ჰყავდა ტრავმირებულებიც, მაგრამ უპირატესობები
დააკვირდით, როგორ შეჰყავს ალეგრის გუნდში ახალ-ახალი ფეხბურთელები, როგორ აჩვევს მათ ბრძოლას, სისტემას...
რა თქმა უნდა, ამ მოთამაშეების ადაპტირებას დრო სჭირდება, მაგრამ "იუვეს" უპირატესობა მაინც ძალიან დიდია, მათ შორის, ფსიქოლოგიურ ასპექტშიც. ჯერ არის კლუბი, თავისი უმდიდრესი ისტორიით, მერე გუნდი და ბოლოს მოთამაშეები - ეს არის ის ჯაჭვი, რომელიც "იუვენტუსის" შემთხვევაში ძალიან ძლიერი და გამძლეა. ასე რომ, მე ვერ ვხედავ კონკურენტების განსაკუთრებულ შანსებს.
- თითქოს, "მილანს" შეეძლო მეორე ადგილისთვის ბრძოლა...
- "მილანს"? არ ვიცი, არ მგონია.
- "ინტერი"?
- მე არ ვიცნობ "ინტერის" ახალ მფლობელებს, თუმცა ვხედავ, რომ პიოლიმ ბევრი რამ შეცვალა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია და ეს უკვე ვთქვი - "იუვენტუსის" ისტორიული კონკურენტები დღეს აღარ არიან ისეთი კონკურენტები, როგორებიც ადრე იყვნენ.
- არც "რომა" და "ნაპოლი"?
- ორივე გუნდს პატივს ვცემ, ორივე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ისტორიითა და წარსულით ისინი "იუვენტუსთან" ახლოს ვერ მივლენ. გარწმუნებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. "იუვემ" ახლა ჩემპიონობა რომ გაუშვას ხელიდან, რაღაც თვითმკვლელობის მაგვარი უნდა ჩაიდინოს. თანაც, ტურინში ახლა თამასა მაღლა ასწიეს - სკუდეტო აღარ არის საკმარისი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრობენ. იმავე "რომას" კი არ აქვს სტაბილურობა და მკაცრი ნაბიჯების გადადგმის უნარი.
სადღაც ვკითხულობდი, რომ ამ გუნდის ფეხბურთელებს პრობლემები აქვთ ფანებთან, კერძოდ - "ულტრასებთან", ასეთ დროს კი სერიოზული შედეგებისთვის ბრძოლა ძალიან ძნელია.
- და აქ ხომ არ არის სწორედ ის საშიშროება "იუვენტუსისთვის", რასაც ორ ფრონტზე ბრძოლა ჰქვია? ეყოფა ძალა ალეგრის გუნდს ორივე ტურნირისთვის?
- ვფიქრობ, ალეგრის ყველაფერი გათვლილი ექნება, პირველ რიგში, შემადგენლობის როტაციის მხრივ. "იუვენტუსმა" იცის, როგორ მოიგოს დაცვაში საიმედო თამაშით, ტაქტიკითა და ინდივიდუალური ოსტატობით. აქ პრობლემებს ვერ ვხედავ.
- მაგრამ რით ახსნით მარცხს გენუაში?
- ასეთი რამ არასოდეს არის გამორიცხული. "იუვენტუსის" ფეხბურთელებიც ადამიანები არიან, ხანდახან ყურადღება დუნდება... მოდით, ასე ვიტყვი - "სევილიასთან" მატჩის შემდეგ "იუვეს" ფეხბურთელები ცოტა მეტად რომ გაეკრიტიკებინათ, შეიძლებოდა, "ჯენოასთან" არ წაეგოთ. მაგრამ მაშინაც ვთქვი, რომ ალეგრის გუნდის იმ მარცხს ნეგატიური შედეგები არ მოჰყვებოდა და, როგორც ხედავთ, ჩემი მოსაზრება გამართლდა.
- ასეთი რამ თქვენს "მილანსაც" ემართებოდა...
- რა თქმა უნდა, ჩვენც ვკარგავდით გაუთვალისწინებელ ქულებს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავდა.
- ანუ ბრძოლას არ ელოდებით?
- იცით, რატომ არ მომწონს ეს სეზონი? წინა ჩემპიონატში ყველამ დავინახეთ შაბლონების მსხვრევა, მაგრამ ახლა ყველა ისევ დაუბრუნდა ორთოდოქსულ მიმართულებებს - კომპაქტური თამაში დაცვაში, კონტრშეტევა და აქცენტი ცალკეული მოთამაშეების ინდივიდუალურ ოსტატობაზე. შარშან იყო სიახლეები, ახლა ამას ვერ ვხედავ. მაგალითად, "ნაპოლის" ახალგაზრდული, მხიარული გუნდი ჰყავს, მაგრამ ყოველთვის არ ჩანს გამარჯვებისკენ დაუოკებელი სწრაფვა. მე ვნახე "ნაპოლის" მატჩი "სასუოლოსთან". "იუვენტუსსაც" ასე რომ ეთამაშა, "სასუოლოს" ხუთ გოლს გაუტანდა. ამ გუნდზეც მინდა ვთქვა - შარშან "სასუოლო" ნამდვილი სიურპრიზი იყო, მაგრამ დი ფრანჩესკოს გუნდმა ძალიან სწრაფად გაიარა გზა იტალიის ქვედა დივიზიონიდან ევროპალიგისკენ და ამან უკვე იჩინა თავი უარყოფით ასპექტში. ეს ხდება მაშინ, როცა წარმატება მოულოდნელად და სწრაფად მოდის. არადა, დღევანდელი "სასუოლო" გაცილებით უკეთეს შედეგს იმსახურებს.
- კიდევ ვინ მოგწონთ დღევანდელ სერია A-ში?
- "ფიორენტინა", "ემპოლი", "სამპდორია"... იცით, რაშია ამ გუნდების ხიბლი? ისინი წნეხის გარეშე თამაშობენ. თუმცა ბოლომდე ვერ იყენებენ თავიანთ დადებით თვისებებს.
- "ატალანტა" გამოგრჩათ?
- არ გამომრჩენია, ცალკე მინდოდა მეთქვა, უბრალოდ, თქვენ დამასწარით... მიმაჩნია, რომ "ატალანტა" იტალიური ფეხბურთის ბრწყინვალე პროდუქტია. კლუბს ძალიან ჭკვიანი ხელმძღვანელობა ჰყავს, შესანიშნავია ახალგაზრდული სექტორი... "ატალანტას" წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ უფრო დიდი მიზნების მისაღწევად ერთი წელიწადი საკმარისი არ არის. ბონუჩი დაახლოებით ათი წელიწადია მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ამისთვის ერთწლიანი შრომით არ მიუღწევია. იმედი მაქვს, "ატალანტას" ახალგაზრდობაც ხვდება ამას. მთავარია შრომა და მოთმინება. როგორც იტალიელს, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყნის ფეხბურთი თავისი პლუს-მინუსებით და მინდა, რომ წარსული დავტოვოთ წარსულში.
- ისე ჩანს, თითქოს "ინტერის" პროგრესის არ გჯერათ...
- "ინტერი" ძალიან რთული ფენომენია. სულ მესმის, რომ ამ გუნდს ახალი ფეხბურთელები სჭირდება, მაგრამ ბოლო წლებში 30 თუ 40 მოთამაშე იყიდეს, მაგრამ რა გამოვიდა ამით? იმისთვის, რომ გაიმარჯვო, საჭიროა მოტივაცია და განწყობა. თუ ფილმის სიუჟეტი არ ვარგა, როგორი მაღალი დონის მსახიობებიც არ უნდა დაიქირაოთ, არაფერი გამოვა.
- დავუბრუნდეთ "იუვენტუსს". ალეგრის ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი გუნდი ვერ თამაშობს ჩემპიონისა და ლიდერისთვის შესაფერის დონეზე...
- ალეგრი შესანიშნავი მწვრთნელია. მას აქვს ყველა მონაცემი საიმისოდ, რომ კიდევ უფრო დიდი, მასშტაბური სპეციალისტი გახდეს. მაგრამ მან ერთი რამ უნდა ისწავლოს - არასოდეს დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს. ევროპაში გახსნილ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ეს უფრო აახლოვებს წარმატებასთან.
- რას იტყვით მონტელას "მილანზე"?
- ასეთ შედეგს არავინ ელოდა, მაგრამ არ არის სტაბილურობა და თამაშის ორგანიზაციაზეც მეტი აქვთ სამუშაო. მონტელამ უკვე მიიღო რამდენიმე ალიყური, მაგრამ არ უნდა შეეშინდეს და დარჩეს იმ მწვრთნელად, რომელსაც უყვარს შემტევი ფეხბურთი.
- შემტევი ფეხბურთის აპოლოგეტი იყო და არის ზდენეკ ზემანი, თუმცა მან წარმატებებს ვერ მიაღწია. ვისგან უნდა აიღოს მაგალითი მონტელამ?
- რამდენიმე ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს - სწორი კონცეფცია, ფეხბურთელებამდე მისი სწორად მიტანა და ჯანსაღი კლიმატი გუნდში. ცალკეა ინვესტიციები. იტალიაში დიდხანს ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ინვესტიციებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ "რეალის" მაგალითმა საპირისპირო აჩვენა.
- რომელი თანამედროვე ფეხბურთელებისგან ააგებდით თქვენეული გუნდის ღერძს?
- კარში ულაპარაკოდ ნოიერს დავაყენებდი. დღეს ის ჩემთვის იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპია.
- ცენტრალური მცველი?
- ძალიან ცოტაა დღეს კარგი ცენტრალური მცველი... მოიცათ, ძველებიდან არ შემიძლია ვინმე ავიყვანო? თუნდაც - ბარეზი.
- არა, მხოლოდ თანამედროვე...
- მაშინ, იყოს სერხიო რამოსი. ნახევარდაცვაში - პირლო, ხოლო შეტევაში - მესი. საერთოდ, ძალიან მომწონს მოაზროვნე ფეხბურთელი, პასის კულტურით, გუნდზე მუშაობაც რომ უყვარს და ინდივიდუალიზმსაც რომ არ კარგავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"