სამაგიეროდ, დაძაბული ბრძოლაა ბომბარდირთა დავაში და პრაქტიკულად, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ვინ გახდება ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი.
ტურნირის დაწყებიდან 25 ტურია გასული, ბომბარდირთა სიას კი ედინ ჯეკო (რომა) და გონსალო იგუაინი (იუვენტუსი) უდგანან სათავეში, რომელთა ანგარიშზე 19-19 გოლია. ორივე თავდამსხმელი ბრწყინვალე ფორმაშია და გოლებიც მათ პრაქტიკულად ყოველ შეხვედრაში გააქვთ.
ოქროს ბუცი 2016/17
წლევანდელი სეზონის ევროპის "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში სწორედ ჯეკო მათ მხოლოდ გოლით ჩამორჩება კიდევ ერთი ბარსელონელი, ლუის სუარესი, გასული სეზონის "ოქროს ბუცის" მფლობელი 40 გოლით. ალბათ, ბევრს გაახსენდება, რომ ფრანგულ ლიგა 1-ში ამ თავდამსხმელებზე მეტი გოლი გაიტანეს ედინსონ კავანიმ (პსჟ) და ალექსანდრ ლაკაზეტმა (ლიონი).
პარიზელთა ურუგვაელმა შემტევმა უკვე 25 გოლი შეაგდო, ხოლო ფრანგმა 21 გაიტანა (აქედან 10 პენალტით!), მაგრამ საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატს ნაკლები კოეფიციენტი აქვს (1,5), ვიდრე ევროპის ოთხ მოწინავე საფეხბურთო ქვეყანას (2). ამიტომაც ჯეკო, იგუაინი და მესი 38-38 ქულით (გოლი კოეფიციენტზე მრავლდება) ლიდერობენ "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში, ხოლო კავანის 37,5 ქულა აქვს და ქულა-ნახევრით უსწრებს სუარესს (36).
აფასებენ მცველები
დავუბრუნდეთ ჯეკოსა და იგუაინს: ეს ორი ფორვარდი სერია A-ში მოასპარეზე მცველებმა შეაფასეს და ქვემოთ სწორედ მათ მოსაზრებებს გაგაცნობთ. რა თქმა უნდა, ისინი სუბიექტურები არიან, როცა თანაგუნდელის შეფასება უწევთ, თუმცა მაღალი კლასის მცველების შეფასებები მაინც ძალიან საინტერესოა. ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "ედინ ჯეკო ბრწყინვალე ფორვარდია და მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ათლეტურია და ამავდროულად, მოქნილი, ასეთ ფორვარდებთან თამაში კი ყოველთვის განსაკუთრებულად რთულია. ჯეკო თანაბრად ძლიერია როგორც ფეხით თამაშის დროს, ისე მეორე სართულზე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ სერია A-ში დღეს საუკეთესო ფორვარდი გონსალო იგუაინია და მოხარული ვარ, რომ ის ჩემი თანაგუნდელია. ბოლო წლებში, როდესაც იგუაინი "ნაპოლიში" ასპარეზობდა, ყველაზე მეტად სწორედ მის წინააღმდეგ მიჭირდა თამაში. იგუაინი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამასთან, ყოველთვის იქაა, სადაც მის გუნდს სჭირდება".
ჟუან ჟესუსი (რომა): "ხშირად ვუყურებ სერია A-ში მოასპარეზე ფორვარდთა თამაშებს და მათ მოძრაობებს ვაკვირდები. ბევრი ძლიერი შემტევია, რომელთა შორის გონსალო იგუაინს, ხოსე კალეხონს, ანტონიო კანდრევას, მაურო იკარდის და მასიმო მაკარონეს გამოვარჩევდი, თუმცა საუკეთესო მაინც ედინ ჯეკოა. როდესაც ჯეკო მოედანზეა, იცი, რომ გოლი გარდაუვალია. იგუაინი უძლიერესია, მაგრამ ჯეკო კიდევ უკეთესი და ვფიქრობ, რომ ბომბარდირი სწორედ ედინი გახდება".
რაულ ალბიოლი (ნაპოლი): "დრის მერტენსს 16 გოლი აქვს გატანილი და მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემს თანაგუნდელს შეუძლია ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს. რაც შეეხება იგუაინს და ჯეკოს, მათი შედარება გამიჭირდება, რადგან ორივეს თავისი პლუსები აქვს. ორივენი ძლიერები არიან როგორც ფეხით, ისე თავით თამაშისას, ტექნიკა კი არც ერთს დაეწუნება. "იუვენტუსში" იგუაინის გარდა კიდევ ბევრი გოლეადორია, "რომა" კი უფრო მეტადაა ჯეკოზე დამოკიდებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბომბარდირი ბოსნიელი გახდება".
ჟოაო მირანდა (ინტერი): "იტალიაში ბევრი მაღალი კლასის თავდამსხმელი თამაშობს, მათ შორის კი სამს გამოვარჩევდი: გონსალო იგუაინს, ედინ ჯეკოს და მაურო იკარდის. ეს უკანასკნელი ყველაზე ახალგაზრდაა და ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც მსოფლიოს საუკეთესი ფორვარდი გახდება. მაურო კარგად იყენებს სივრცეებს და შეუძლია, რომ ერთ წამში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. იგუაინი თუ ჯეკო? - ალბათ, იგუაინი, რადგან ყველგან და ყოველთვის გაჰქონდა, ჩავარდნა კი არასდროს ჰქონია. ჯეკო ბრწყინვალე თავდამსხმელია, მაგრამ პერიოდულად ჩავარდნები აქვს, რაც გონსალოს შემთხვევაში არ მახსენდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"