ლუჩანო სპალეტი: ორი მარცხიც და ალბათ, გამიშვებენ...

AutoSharing Option
მართალია, სერია A-ს ბოლო ტურში "რომამ" "პალერმოს" სძლია, მაგრამ იქამდე 5 თამაშში 4 წააგო და მკვეთრად გაირთულა მდგომარეობა ყველა ფრონტზე.

"ნაპოლისთან" სახლში განცდილი მარცხის შემდეგ, "ჯალოროსიმ" ფაქტობრივად დაკარგა სკუდეტოს მოპოვების პრაქტიკული შანსი, იქამდე კი ლუჩანო სპალეტის გუნდმა იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში 0:2 წააგო "ლაციოსთან" და საპასუხო მატჩის წინ მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

"რომამ" ვერ ივარგა ვერც ევროპალიგაზე, სადაც "ლიონთან" პირველი შეხვედრა 2:4 დათმო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სოლიდური ფორის ამოქაჩვა მოუწევს. მოკლედ, სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე სპალეტის გუნდს ჩავარდნა დაეწყო.

ამასობაში, პრესაში წერენ, რომ სეზონის ბოლოს სპალეტი დატოვებს "რომას" და სავარაუდოდ, "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას. მით უმეტეს, ასევე აქტიურად საუბრობენ მასიმილიანო ალეგრის ტურინული გრანდიდან სავარაუდო წასვლისა და მისი ინგლისში შესაძლო გადაბარგების შესახებ. ბოლო ორ დღეში, სპალეტიმ არაერთი კომენტარი გააკეთა პრესასთან და კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი მისი "რომადან" წასვლის შესახებ.

აქვე ვთქვათ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინათ, სენიორ ლუჩანომ "ჯალოროსის" მესვეურებისგან ახალი კონტრაქტი მიიღო, თუმცა ხელის მოწერისგან თავი შეიკავა. დროა, სიტყვა თავად სპალეტის გადავცეთ, რომელმაც "პალერმოსთან" გამარჯვების შემდეგ, საინტერესო თემებზე ისაუბრა:

ეს შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს
მიუხედავად იმისა, რომ სიცილიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ, ვითარება არაა მარტივი და ეს კარგად მესმის. "იუვენტუსი" წინ გაიჭრა, იტალიის თასზე და ევროპალიგაზე კი რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სამი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ "ნაპოლისთან", "ლაციოსთან" და "ლიონთან". მე არ მივეკუთვნები იმ მწვრთნელთა კატეგორიას, რომლებიც ასეთი მატჩების შემდეგ, იტყვიან რომ არ გაგვიმართლა და შეცდომებს სამომავლოდ გამოვასწორებთ.

ისეთი მარცხები ვიწვნიეთ, რომლებიც შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. გათავისებული მაქვს ისიც, რომ კიდევ ერთი, ან ორი მატჩი და შესაძლოა, პოსტიდან გამათავისუფლონ. ასეთია მწვრთნელის ხვედრი - იგებ და გაქებენ, მაგრამ თუ ფეხი დაგიცდა, ჩემოდნები გამზადებული უნდა გქონდეს.

რატომ არ გავაფორმე ახალი ხელშეკრულება?
გაინტერესებთ, რატომ არ მოვაწერე ხელი ახალ ხელშეკრულებას? - კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს და თუ კლუბის მესვეურები კმაყოფილნი დარჩნენ შედეგებით, კონტრაქტის გახანგრძლივება ზაფხულშიც შეიძლება. ნებისმიერი მწვრთნელის მუშაობა შედეგებით ფასდება და ამიტომ, სჯობს, სეზონის ფინიშს დაველოდოთ.

ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება "რომას" მესვეურებისთვის მისაღები უნდა იყოს - მაგალითად, როდესაც რუდი გარსიასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხელშეკრულებას ვადა კიდევ 3 წელი ჰქონდა და ხელფასს დღემდე იხდიან. ამიტომ, რომაული კლუბის მესვეურებმა მადლობა უნდა მითხრან, რომ ხელშეკრულება არ გავახანგრძლივე.

იუვესთან შეთანხმება არ ყოფილა
მაქვს თუ არა სიტყვიერი შეთანხმება "იუვენტუსთან"? - არ ვიცი, საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაციები, მაგრამ არავითარი შეთანხმება არ არსებობს. მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვარ კონცენტრირებული და ყოველი მომდევნო მატჩისთვის ვემზადები. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მომავალი მიმდინარე სეზონის შედეგებზეა დამოკიდებული. ასე რომ, მოვეშვათ უსაფუძვლო ჭორების გავრცელებას.

კონფლიქტი ტოტისთან?
"პალერმოსთან" შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მოედანზე ტოტის შეშვება მინდოდა, მაგრამ წელში ტკივილი იგრძნო და ამიტომ დარჩა სათადარიგოთა სკამზე. გავრცელებული ხმები, რომ ფრანჩესკომ პროტესტის ნიშნად უარი თქვა თამაშზე, სრული აბსურდია.

ტოტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩვენ შორის არავითარი კონფლიქტი არაა. დღეს, გუნდს არ უდგას საუკეთესო დროება და ეს ჭორები არაფერში გვჭირდება - თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, გარკვეული პერიოდი, მედიასთან ურთიერთობაზე უარი ვთქვათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული