ტურინის "იუვენტუსი": ახალი კონტრაქტი ალეგრის?

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ მედიაში მუდმივად ვრცელდება ცნობები, რომ მასიმილიანო ალეგრი ბოლო სეზონს ატარებს "იუვენტუსში" და ზაფხულში დატოვებს ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს.

49 წლის სპეციალისტის მომავალს ყველაზე ხშირად ლონდონის "არსენალს" და "ბარსელონას" უკავშირებენ.

ამაში არის ლოგიკა, რადგან მიმდინარე სეზონის ბოლოს, ლუის ენრიკე ტოვებს "ბარსას" და მისი ადგილი ვაკანტური ხდება, არსენ ვენგერს კი კრიტიკოსები მოუმრავლდნენ, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ და მისი წასვლის ალბათობა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს ბოლო წლებში.

მოკლედ, ალეგრი ლოგიკურად დააკავშირეს ამ კლუბებს, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მასიმილიანო არსად არ აპირებს წასვლას და
უახლოეს დღეებში, "იუვენტუსთან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2020 წლამდე იქნება გათვლილი. ამ თემაზე კომენტარი თავად ალეგრიმაც გააკეთა და "იუვეს" სპორტულმა დირექტორმაც...

ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტორი): "ბევრს საუბრობენ ალეგრის შესაძლო წასვლაზე, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვამზადებთ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც 2020 წლამდეა გათვლილი.

დიდი სურვილი გვაქვს, რომ ალეგრისთან თანამშრომლობა გაგრძელდეს და იმედია, ეს ასეც იქნება. ვიცი, რომ მასიმილიანოს მოსწონს ტურინში ყოფნა და ვერ ვხედავ წინაპირობას, რომლის გამოც ეს ისტორია უნდა დასრულდეს. როდესაც ალეგრი "იუვეს" მწვრთნელად დავნიშნეთ, უმეტესობა სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ჩვენ მისი ბოლომდე გვჯეროდა და ეს ნდობა დღესაც მაღალია".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "სასიამოვნოა, როდესაც შენ გვარს ისეთ გუნდებს უკავშირებენ, როგორიც "არსენალი" და "ბარსელონაა", თუმცა დღეს "იუვენტუსის" მწვრთნელი ვარ და მხოლოდ მიმდინარე სეზონის დარჩენილ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული.

რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რა იქნება მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ ტურინში ყველაფერი მომწონს და აქედან წასვლა არასდროს მდომებია. გვყავს გუნდი, რომელიც პროგრესირებს და დიდი პატივია, რომ ამ პროცესში მეც შემაქვს ჩემი წვლილი. ახალი კონტრაქტი? - კონტრაქტის პირობები არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, "იუვენტუსში" დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული