ფრანჩესკო ტოლდო: ბუფონის გამო დავიჩაგრე

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების კარი ალბანეთთან შეხვედრაში ჯანლუიჯი ბუფონმა დაიცვა, ჰოლანდიასთან კი კარში უკვე ჯიჯი დონარუმა იდგა.

"სკუადრა აძურას" ძლიერი მეკარეები არასდროს აკლდა და ეს ტრადიცია გრძელდება. ბუფონის ჩრდილში ბევრი კარგი მეკარე იყო, ერთს კი გენიალური შეგვიძლია ვუწოდოთ – ლაპარაკია ფრანჩესკო ტოლდოზე, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "ფიორენტინასა" და "ინტერში" გაატარა, იტალიის ნაკრებში კი მაშინ ბრწყინავდა, როდესაც ბუფონი ტრავმირებული იყო. ქვემოთ, ტოლდოსთან საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით.

- ხომ არ მოგენატრათ კარში დგომა?
- პერიოდულად, ვეტერანთა მატჩებში ვიღებ მონაწილეობას და ამით თამაშის სურვილს ვიკმაყოფილებ.
იტალიის ვეტერანების ნაკრები პოპულარულია მთელ მსოფლიოში და ჩემთვის სასიამოვნოა ასეთ პაექრობებში მონაწილეობის მიღება. საბედნიეროდ, ჯანლუიჯი ბუფონი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია და ამიტომ, ვეტერანებში კონკრენციის არ მეშინია.

- მიგაჩნიათ, რომ ჯანლუიჯი ბუფონთან კონკურენციაში დაიჩაგრეთ?
- ვფიქრობ, რომ ჯიჯი ბუფონი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც არანაკლებ კარგ ფორმაში ვიყავი და ვიმსახურებდი ძირითად შემადგენლობაში თამაშს. ხომ გახსოვთ, ევრო 2000-ზეც მხოლოდ იმიტომ დამაყენეს ძირითადში, რომ ბუფონი დაიმტვრა და ტურნირი გამოტოვა. იმ პერიოდში, მართლაც ვფიქრობდი, რომ ჯიჯიზე უკეთეს ფორმაში ვიყავი და შესაძლოა, არც ვცდებოდი. შეიძლება ითქვას, რომ ბუფონის გამო დავიჩაგრე.

- ნაწყენი ხართ ბუფონზე?
- ბუფონი ნამდვილი პროფესიონალია და იცის, რა უნდა აკეთოს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ჯიჯი ჩემი მეგობარია და მასზე ნაწყენი არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

- რას გულისხმობთ?
- ბუფონი უფრო კარგად ფლობს საზოგადოებასთან და გულშემატკივრებთან ურთიერთობის ხელოვნებას. მას შეუძლია, რომ ყველგან და ყოველთვის იყოს საუკეთესო და ყველასგან გამოსარჩევი. იყოს მისაბაძი ახალგაზრდა მეკარეებისთვის, მაგრამ ამასთან, მთელი ენერგიით და უდიდესი მონდომებით იცავს თავის ადგილს იტალიის ნაკრების კარში. როდესაც ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარეები წამოვიდნენ, მაშინვე დავუთმე მათ ადგილი, რასაც ბუფონი არასდროს გააკეთებს. ის წავა ნაკრებიდან მაშინ, როდესაც კარიერას დაასრულებს.

- და მის მემკვიდრედ ჯანლუიჯი დონარუმას ასახელებენ...
- დონარუმამ უნდა ილოცოს, რომ ბუფონმა არ გადაიფიქროს და 2018 წლის მუნდიალის შემდეგ, კარიერა დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუფონი ისევ უკონკურენტო იქნება. რაც შეეხება დონარუმას, ფანტასტიკური მეკარეა, რომლის მსგავსი დიდი ხანია არავინ მინახავს. ვფიქრობ, ჯიჯის ფენომენალური კარიერა ექნება.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დატოვოს დონარუმამ "მილანი" და უფრო ძლიერ გუნდში გააგრძელოს კარიერა?
- ეს თავად ჯანლუიჯის გადასაწყვეტია, მაგრამ პირადად მე, "მილანში" დარჩენას ვურჩევდი. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, დიდი გუნდის ძირითად შემადგენლობაშია, რამაც ეროვნული ნაკრებისკენ გაუხსნა გზა. ამ ეტაპზე, სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- მართალია, ძირითად შემადგენლობაში ჟულიო სეზარი თამაშობდა, მაგრამ "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგეთ, რითაც ჯიჯი ბუფონი ვერ დაიკვეხნის...
- ბუფონს აქვს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და მინდა მას წარმატება ვუსურვო. სიმართლე გითხრათ, კარიერის დასრულების შემდეგ, ტიტულები არასდროს დამითვლია და ამ თემაზე ნაკლებად ვფიქრობ. თუმცა, არის ერთი ტურნირი, რომელზეც ძალიან მწყდება გული...

- ალბათ ევრო 2000-ს გულისხმობთ...
- რა თქმა უნდა. ჩვენ ფინალში გავედით და ერთი წუთი დაგვაკლდა ჩემპიონატის მოსაგებად. იქამდე იყო ფანტასტიკური მატჩი ჰოლანდიასთან, სადაც წამივიდა თამაშიდა რამდენიმე პენალტი მოვიგერიე. ეს იქნებოდა ჩემი ტურნირი, მაგრამ სილვენ ვილტორის და შემდეგ, დავიდ ტრეზეგეს გოლებმა შრომა წყალში ჩაგვიყარა.

- და მაინც, ის ჩემპიონატი თქვენი კარიერის გვირგვინი იყო...
- კი, ალბათ ასეა, რადგან ჟურნალისტები და გულშემატკივრები ყველაზე ხშირად იმ ტურნურზე მესაუბრებიან. შესანიშნავი გუნდი გვყავდა, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ჩემპიონობას. ვფიქრობ, რომ ფინალში ფრანგებს გაუმართლათ და იმ ტიტულს ბედს უნდა უმადლოდნენ.

- 1994 წელს, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდით და ალბათ, ეს ტურნირიც განსაკუთრებულია თქვენთვის...
- დღემდე მახსოვს ის ემოციები, რომელიც მაშინ განვიცადე. ფინალში პორტუგალიის ნაკრები დავამარცხეთ, გოლი კი დამატებით დროში პიერლუიჯი ორლანდინიმ გაიტანა. მაშინ, პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდში რუი კოშტა და ლუიშ ფიგუ თამაშობდნენ და მართლაც გენიალური გუნდი იყო. იტალიის ახალგაზრდულში კრისტიან პანუჩი, ფაბიო კანავარო, ბენიტო კარბონე, რობერტო მუცი, ფილიპო ინძაგი, კრისტიან ვიერი, ალესანდრო დელ პიერო და კიდევ არაერთი ფეხბურთელი ბრწყინავდა, რომლებმაც შემდეგ დიდი ფეხბურთი ითამაშეს.

- იტალიური ფეხბურთის ახალ თაობაზე რას იტყვით?
- ამ თაობას ყველა დიდი იმედით შეჰყურებს და მათ შორის - მეც. წამოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაში და დიდი მიზნების მიღწევა შეუძლიათ. ყველა პოზიციაზე ორი-სამი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციას გაუწევენ.

დოსიე
ფრანჩესკო ტოლდო
დაიბადა: 1971 წ. პადუაში (იტალია)
პოზიცია: გოლკიპერი
კარიერა: 1990-93 - მილანი; 1990-91 - ვერონა (იჯ); 1991-92 - ტრენტო (იჯ); 1992-93 - რავენა (იჯ); 1993-2001 - ფიორენტინა; 2001-10 - ინტერი.
იტალიის ნაკრები: 28 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული