იტალიის თასი. რომა-ლაციოს გამოხმაურება: ტკბილი მარცხი

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის პირველი ფინალისტი "ლაციოა", რომელმაც ორრაუნდიან დუელში "რომა" დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ქებათა ქება სიმონე ინძაგის, რომელმაც მწირი რესურსით შეძლო და გუნდი ყველა ფრონტზე წარმატებით ასპარეზობს. "ლაციო" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და პარალელურად, იტალიის თასის ფინალშია გასული.

მოკლედ, "ბიანკოჩელესტეს" მესვეურებს გაუმართლათ, რომ ზაფხულში ვერც მარსელო ბიელსასთან და ვერც ხორხე სამპაოლისთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მწვრთნელად სიმონე ინძაგი დატოვეს. "ლაციომ" პირველ შეხვედრაში ორი უპასუხო გოლით სძლია მეტოქეს, მეორეში კი მინიმალური სხვაობით წააგო - 2:3 და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

სიმონე ინძაგი
("ლაციოს" მწვრთნელი): "ვამაყობ შეგირდებით, რომლებმაც გულშემატკივრები უზომოდ გაახარეს. ორი მატჩის ჯამში, პრინციპულ მეტოქეს ვძლიეთ და იტალიის თასის მოგების კარგი შანსი გვაქვს. მეტოქემ დიდ წნეხში მოგვაქცია და აქტიურად შემოგვიტია, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ბოლო წუთებზე მოდუნება იყო - როდესაც აშკარა იყო, რომ ფინალში ჩვენ გავდიოდით, ფეხბურთელები ცოტა მოეშვნენ და შედეგად, მესამე გოლი გავუშვით.

მომავალში, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, როგორც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ისე იტალიის თასის მოგება და ვეცდებით, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ერთი ცხადია, რომ ჯერ ზეიმის დრო არაა".

ლუჩანო სპალეტი ("რომას" მწვრთნელი): "დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი და მომავალში უფრო ყურადღებით ვიყოთ. პირველ შეხვედრაში მეტოქემ დიდი უპირატესობა მიიღო, რომლის აღმოფხვრა ვეღარ შევძელით. მომიწეევს თუ არა პოსტის დატოვება თასიდან გამოვარდნის გამო? - ჩემი მომავალი ჩემს ხელშია და ამაზე უფრო კონკრეტულს დღეს ვერაფერს გეტყვით. მთავარია, ამ მარცხმა ჩვენს მოტივაციაზე უარყოფითად არ იმოქმედოს და სეზონის დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გამოვავლინოთ".

სენად ლულიჩი (ლაციო): "ეს იყო ტკბილი მარცხი, რომელმაც გულშემატკივარს დიდი სიხარული მიანიჭა. მიზანი მიღწეულია, ჩვენ თასის ფინალში ვართ და თანაც ისე, რომ გზად ყველაზე პრინციპული მეტოქე ჩამოვიშორეთ. ვმოქმედებდით, როგორც გუნდი და ეს წარმატება ნამდვილად დავიმსახურეთ. ბედნიერი ვარ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ზეიმის დრო - წინ უმნიშვნელოვანესი მატჩებია და სრული მობილიზება გვმართებს. სეზონის ბედი დარჩენილ ცხრა შეხვედრაზეა დამოკიდებული, რომელთაგან რვა სერია A-ში უნდა ვითამაშოთ და ერთიც იტალიის თასზე".

ფრანჩესკო ტოტი (რომა): "იყო თუ არა ეს ჩემი ბოლო შანსი, რომ კარიერა ტიტულით დამესრულებინა? - ამაზე არ ვფიქრობ, რადგან არ ვიცი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ. ეს იყო დასანანი მარცხი, რომელმაც გააწბილა გულშემატკივარი. მიუხედავად ამისა, მარცხი ღირსეულად უნდა მივიღოთ და სერია A-ს დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გამოვავლინოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სკუდეტოს მოპოვების შანსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული