იტალიის თასი. 1/2 ფინალი. გამოხმაურება: "იუვე" კმაყოფილია - ქულა და ფინალის საგზური ნეაპოლიდან

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ივნისს, რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც "ლაციო" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მეორე ფინალისტის ვინაობა ნეაპოლში ირკვეოდა, სადაც "ნაპოლიმ" ტურინულ გრანდს მინიმალური ანგარიშით მოუგო, მაგრამ რადგან პირველი მატჩი ორი ბურთის სხვაობით ჰქონდა წაგებული, ფინალის მიღმა დარჩა. "ნაპოლიმ" 3:2 დაამარცხა მეტოქე, ტურინელთა ორივე გოლი კი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა.

არგენტინელმა შური იძია იმ შურაცხყოფის გამო, რაც ორი მატჩის განმავლობაში ესმოდა ტრიბუნებიდან და ყოფილი გუნდი იტალიის თასის ფინალის მიღმა დატოვა.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "ძალიან რთული მატჩი იყო, რომელიც საბედნიეროდ,
ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით, რაც გაშვებულ გოლებად დაგვიჯდა. მომდევნო შეხვედრებში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ და ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ.

სეზონის გადამწყვეტი ეტაპია და თითოეულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - "ბარსელონასთან" მატჩები სრული კონცენტრაციით უნდა ჩავატაროთ, რადგან ასეთი შეცდომები იქ ძალიან ძვირად დაგვიჯდება. მთლიანობაში, ნეაპოლური მოგზაურობით კმაყოფილი ვარ, რადგან თასის ფინალში გავედით, სერია A-ში კი მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ".

მაურიციო სარი (ნაპოლის მწვრთნელი): "მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და მოვიგეთ მატჩი, რომელსაც ვაგებდით. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაში მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა და თასის ფინალშიც გავიდა. "იუვენტუსი" ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ითვლებოდა კიდეც ფავორიტად ამ ორმატჩიან დუელში. უნდა მოვუმატოთ, კიდევ უფრო გავძლიერდეთ და სამომავლოდ, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

უკვე ჩაყრილია საფუძველი, რომელზეც დიდი გუნდი უნდა აშენდეს. იგუაინის დუბლი? - ის ფორვარდია და მოედანზე გოლების გასატანად გადის. იყო დრო, როდესაც გოლები ჩვენთვის გაჰქონდა, დღეს კი "ნაპოლის" გაუტანა - ეს მისი არჩევანია და სათქმელი არაფერი მაქვს".

ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი): "ნეაპოლში თამაში ძალიან რთულია, რადგან ერთი შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. დავმარცხდით, მაგრამ, მთავარია, რომ ფინალის საგზური მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ამჯერად უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე წინა შეხვედრაში.

ნეაპოლელებმა იგუაინი ცუდად მიიღეს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და პირადად მე ამას ველოდი კიდეც. გონსალო უმაღლესი კლასის ფორვარდია, ასეთებს კი ხშირად აღმერთებენ, ან სძულთ. მოხარული ვარ, რომ იგუაინმა დუბლი შეასრულა და მორიგი ტიტულის მოპოვების შანსი გვაქვს.

"იუვენტუსი" მუდმივად ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ხშირად არასწორი ეპითეტებითაც გვამკობენ, მაგრამ ჩვენზე ეს ცუდად არ მოქმედებს და მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული".

მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი): "ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ორჯერ ვეთამაშეთ და არც ერთხელ არ წაგვიგია, მაგრამ სიხარულის საბაბი მაინც არ გვაქვს - სერია A-ში მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, იტალიის თასიდან კი გამოვვარდით. რა გაეწყობა, მომდევნო მატჩზე უნდა გადავერთოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩავიწეროთ აქტივში.

მით უმეტეს, "ლაციოსთან" გვიწევს დაპირისპირება, რომელიც ასევე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ჩვენი მიზანი მეორე ადგილის დაკავებაა, რათა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე პლეი ოფის გარეშე მოვხვდეთ".

გონსალო იგუაინი (იუვენტუსი): "მიუხედავად იმისა, რომ ორი თამაშის განმავლობაში ტრიბუნებიდან მხოლოდ შეურაცხყოფა მესმოდა, ვეცადე რომ გატანილი გოლების შემდეგ, ემოციები არ გამომეხატა. ვცდილობ, გავუგო ქომაგებს, თუმცა სიმართლე გითხრათ, მიჭირს. არ მესმის არც ჟურნალისტების, რომლებიც მუდამ ფულზე აპელირებენ, როდესაც საქმე ტრანსფერს ეხება - გარწმუნებთ, რომ "იუვენტუსში" არ გადავსულვარ ფულის გამო, რადგან ეს არც ნეაპოლში მაკლდა.

მეუბნებოდნენ, რომ ტურინი ლამაზი და მშვიდი ქალაქია, რაც ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, "იუვენტუსი" ის გუნდია, სადაც ტიტულების მოგების მეტი შანსი მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და დღეს "იუვენტუსის" ღირსებას ვიცავ".

გზა ფინალამდე
ლაციო: ჯენოა (შ) - 4:2, ინტერი (ს) - 2:1, რომა - 2:0, 2:3
იუვენტუსი: ატალანტა (შ) - 3:2, მილანი (შ) - 2:1, ნაპოლი - 3:1, 2:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული