ექსრეალელი "ბარსელონასთან" მატჩს კარგი განწყობით ხვდება, მის საინტერესო ინტერვიუს კი ქვემოთ გაეცნობით...
- თქვენი ტრანსფერი "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" ჯერ კიდევ აქტუალურია. რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ტურინში გადაბარგდით?
- ნეაპოლში დაუვიწყარი წლები გავატარე, რის შემდეგაც ახალი გამოწვევა
- რა არის მთავარი განსხვავება "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის?
- მოვხვდი გუნდში, სადაც გამარჯვებულის მენტალიტეტია დამიკვიდრებული. "იუვენტუსში" ყველამ იცის, რომ თითოეულ შეხვედრაში და თითოეულ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებაა მიზანი. ტურინში გავიცანი ძალიან კარგი ხალხი, რომლებიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. ეს არის ერთი დიდი მანქანა, რომელიც მოგებაზეა დაგეშილი.
- რით განსხვავდება იტალიური ფეხბურთი ესპანურისგან?
- ესპანეთში უფრო გახსნილი თამაშია და ამიტომ ბევრი გოლიც გადის. "იუვენტუსი" ობიექტურად ყველაზე ძლიერი იტალიური გუნდია, მაგრამ იშვიათად რომ დიდი ანგარიშით მოვიგოთ. მიზეზი მარტივია: აქ თამაში ძალიან რთულია, რადგან სერია A-ს ყველა გუნდი ორგანიზებულად დგას დაცვაში და ტაქტიკურად კარგად არის განსწავლული. მეტოქის საჯარიმოში თავისუფალი სივრცეების მოძებნა ძალიან რთულია. ამიტომ ფორვარდებს იტალიაში განსაკუთრებით უჭირთ. შემიძლია ვთქვა, რომ იტალიაში თამაში უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთში.
- როგორი განწყობა გაქვთ "ბარსელონასთან" მატჩის წინ?
- საბრძოლო და ოპტიმისტური. კარგად მესმის, რომ ჩვენ წინააღმდეგ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ითამაშებს, მაგრამ "იუვენტუსს" ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეუძლია. "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ კატალონიელები შევაჩეროთ. მთავარია საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე.
- არადა, დიდი იყო იმის შანსი, რომ "ბარსელონას" ნაცვლად, მეოთხედფინალში პსჟ-სთან გეთამაშათ...
- პარიზში "ბარსას" ცუდი დღე ჰქონდა, რაც აღარ მგონია, რომ გამეორდეს. ლუის ენრიკემ და მისმა გუნდმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთული ვითარებიდან შეუძლიათ გამოსვლა. ვერავინ იფიქრებდა, თუ პსჟ ასეთ ფორას გაანიავებდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. ამიტომ ბრძოლა გრძელდება არა 90 წუთის, არამედ 180 წუთის განმავლობაში.
- ხომ არ გაქვთ იმის შიში, რომ რა ანგარიშითაც უნდა მოუგოთ "ბარსელონას" საკუთარ მოედანზე, საპასუხო შეხვედრაში მეტოქე ერთით მეტს გაგიტანთ?
- არა, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. შეიძლება "ბარსელონას" მოუგო ოთხი ბურთის სხვაობით და გამოვარდე ტურნირიდან, მაგრამ შეიძლება შინ ფრედ დაასრულო შეხვედრა და "კამპ ნოუზე" მოიგო. ეს ფეხბურთია, რომელიც ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკუთარ კედლებში სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ შემდეგ ესპანეთში გაძლებაზე ვიყოთ. თამაშია საჭირო ორივე შეხვედრაში და არა გაძლება.
- რა არის "ბარსელონას" ძლიერი მხარე?
- რა თქმა უნდა, თავდასხმა. ჩემი აზრით, "ბარსელონას" საუკეთესო შეტევა ჰყავს მსოფლიოში. ლიონელ მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი მოედანზე სასწაულებს სჩადიან. ჩვენს დაცვას დიდი ჯაფა დაადგება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "იუვეს" კოზირი უძლიერესი უკანა ხაზია.
- 2015 წელს "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო. მზადაა გუნდი, რომ ეს შედეგი გააუმჯობესოს?
- სწორედ იმიტომ მოვედი "იუვენტუსში", რომ დიდი ოცნება ავიხდინოთ და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გამარჯვება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. რაც მთავარია, ჩვენ გვყავს ის გუნდი, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა ხელეწიფება.
- "იუვეს" აქვს შანსი, რომ ტრიპლეტი შეასრულოს?
- როდესაც ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკუდეტოს ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ. "იუვენტუსს" შეუძლია ზედიზედ მეექვსედ გახდეს ჩემპიონი, რაც აქამდე არავის გაუკეთებია და ეს ისტორიული შანსია. ბუნებრივია, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არავის უნდა. ამასთან, ჩვენ შეგვიძლია ზედიზედ მესამედ მოვიგოთ იტალიის თასი, რაც ასევე მიუღწეველია აქამდე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"