რომაული დერბის გამოძახილი: იმპერატორის ბოლო დერბი?

AutoSharing Option
სიმონე ინძაგიმ ბოლოს მაინც აჯობა დანიელე ორსატოს. "ლაციომ" სავსებით დამსახურებულად მოიგო რომაული დერბი. კიდევ ერთი კარგი ტაქტიკური ლექცია პიაჩენცაში დაბადებული მწვრთნელისგან. და რას აკეთებდა ამ დროს "რომა"?

"რომა" საერთოდ არ იყო მინდორზე. ძალიან ძნელია, გუნდი უწოდო ფეხბურთელთა ჯგუფს, რომელიც მინდორზე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოდის.

"ისინი ძალიან პასიურები არიან და ნელები" - ასე დაახასიათა გუნდის თამაში ალდო სერენამ, ვინც მატჩის წაყვანაში ეხმარებოდა ერთ-ერთ ტელეარხზე პიერლიუჯი პარდოს. ეს დახასიათება სერენამ "რომას" გარჯას ჯერ კიდევ შესვენებ
ამდე მისცა.

არ იყო ის, რის ხარჯზეც ამ ბოლო დროს რომაული კლუბი გადის ფონს - სალაჰის სისწრაფე, რუდიგერის ჩაწოდებები, ნაინგოლანის ემოციები, დე როსის "ვერტიკალური" პასები. ეს არის ყოველივე ის, რასთანაც ასოცირდება მარადიულ ქალაქში ლუჩანო სპალეტის დაბრუნება.

ვინ თქვა, რომ გენიოსს ყოველთვის ყველაფერი გენიალური გამოსდის? მაშინ ცხოვრებაში ერთ შედევრს მეორე მოჰყვებოდა. ამ შეხვედრაში საჩვენებელი იყო ერთი მომენტი. "ჯალათ" ლულიჩს უკვე გაკეთებული ჰქონდა თავისი საქმე. მას უკვე შეესრულებინა თავისი "მკვლელი" პასი. მატჩის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება. "რომა" შეტევას იწყებს. თამაშის შედეგს ვერაფერი შეცვლის. "რომას" აქვს ერთადერთი შანსი - შეძლოს და საჩუქარი გაუკეთოს მის დიდ კაპიტანს, ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტის, ვისთვისაც ეს, დიდზე დიდი ალბათობით, ბოლო დერბია.

სიმონე ინძაგი მინდვრის კიდეზე დგას და განწირული ხმით მოუწოდებს შეგირდებს, კიდევ ერთი, დამატებითი დაცვითი ეშელონი ააგონ "რომას" შემტევების წინაშე. ინძაგი მზადაა, ემოციისგან მოკვდეს. ამ დროს კი მისი კოლეგა ძალიან მშვიდად დგას. დგას უდრტვინველი სახით, ჯიბეში ხელებჩაწყობილი.

არადა, თამაშის წაგება ერთი მხარეა და მეორე მხარეა ბრძოლა ფრანჩესკოს ღირსებისათვის. რას-რას და, ის ასეთ გაცილებას ნამდვილად არ იმსახურებს. არაფერი ამის მსგავსი. მწვრთნელი ბედსაა შეგუებული და, რა გასაკვირია, რომ ფეხბურთელებიც ასე იყვნენ.

ტოტის გარშემო ტრიბუნებზე ნაღდი სიგიჟეა. "რომას" ქომაგები მის სახელს გაჰყვირიან. მთავრდება თამაში და იტალიური პრესისა თუ ტელევიზიის მთავარი თემა სწორედ ტოტია. ითამაშებს თუ არა იგი კიდევ ერთ დერბის? გაგრძელდება თუ არა მისი კონტრაქტი კლუბთან? ესაა დიდი გაზეთების მთავარი სათაურები. ამ კითხვით იწყებენ ზეპოპულარულ იტალიურ შოუებს მათი წამყვანები.

ტოტი მინდორზე გამოდის. კამერა "რომას" ქომაგ გოგონას აჩვენებს, რომელიც ტირის. გულს ვერ მოატყუებ. გული გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა. წასვლის თაობაზე აზრს ალექს დელ პიეროსაც ეკითხებიან. დელ პიერო მწარედ იღიმება. მან იცის, რომ კლუბების პრეზიდენტებზე საშინელი ხალხი არ არსებობს. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. საკუთარ მაგალითზე იცის.

ზუსტად 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტოტის "რომაში" დებიუტი ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში მას ათასჯერ მაინც შეეძლო, დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და მშობლიური კლუბი. მან ეს არ გააკეთა არანაირი ფულისათვის. არადა, რომ წასულიყო, იმდენ ტიტულს მოიგებდა, თვით ფაბიო კაპელოსაც კი გააკვირვებდა.

ფეხბურთელი დიდი გულით და დიდი შესაძლებლობებით, რომელიც კარგი იყო ყველგან, სადაც კი მწვრთნელები დააყენებდნენ. ასე განსაჯეთ, ზდენეკ ზემანის ფორმაციაშიც, სადაც მას მისთვის აბსოლუტურად უცხო ფლანგის ფორვარდის როლი ეკისრებოდა.

რით დაგვამახსოვრდება ტოტი? დიდებული თამაშითა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჟესტებით. აწეული ხელით, რომელიც ნიშნავს გამარჯვებას. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ტოტი ძალიან ხშირად უნაყოფოდ იბრძოდა ტიტულებისათვის, მაგრამ თავისი არსით ის ყოველთვის გამარჯვებული იყო.

როგორ გინდა, არ გაიხსენო ახალგაზრდა ტოტი, რომელიც მართლაც რომ ლომივით იბრძოდა ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ და ბოლოს და ბოლოს, მაინც გაუტანა ედვინ ვან დერ საარს.

მასთან ერთად დასრულდება იტალიის ჩემპიონატის დიდი ეპოქა. ის საკულტო ფეხბურთელებიდან ჯიჯი ბუფონთან ერთად შემორჩა ლიგას, რომელიც ვარსკვლავებით ბოლო დროს ისეთი მდიდარი აღარ არის, როგორც ადრე იყო.

ის მხოლოდ "რომას" კი არა, მთელი იტალიის ჩემპიონატის ერთგვარი სიმბოლოც გახდათ. დიდი ალბათობით, ის მალე კარიერას დაასრულებს.

დავიტოვოთ იმედი, რომ "იმპერატორისათვის" ეს არ იქნება ბოლო დერბი. გულის სიღრმეში მაინც დავიტოვოთ. ის უბრალოდ არ იმსახურებს ასეთ ფინიშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იტალიური ფეხბურთის საუკეთესო და უკანასკნელი რომანტიკოსი, სამწუხაროა ასე დრამატულად რომ მიდის..
გიგა
23:26 05-05-2017
0
ბაჯოს მერე ტოტიზე დიდი ფეხბურთელი იტალიას არ ყოლია. დელ პიერო ძაან მაგარი იყო მაგრამ ტოტი ბევრად კლასნი იყო ბოლობოლო ლიდერი იყო ყველგან!
opaa
20:54 05-05-2017
0

სიახლეები პოპულარული