დანიელე "რომას" აკადემიის აღზრდილია, მთელი კარიერა მშობლიურ გუნდში აქვს გატარებული და არაერთხელ განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტის მსგავსად, "რომას" ბოლომდე უერთგულებს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დე როსიმ აქტუალურ თემებზე კომენტარი გააკეთა...
ახალი კონტრაქტი
სხვა გუნდში გადასვლაზე არასდროს მიფიქრია და ბუნებრივია, რომ ახალ ხელშეკრულებას ხელი ყოყმანის გარეშე მოვაწერე. ჩემპიონატი მეორე ადგილზე დავასრულეთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე წარმატებით
ლუჩანო სპალეტი
უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომლის დარჩენაც მხოლოდ გამახარებდა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ იყო და შესაბამისად, ვერც ჩავერეოდი. სპალეტი წავიდა და მინდა მას წარმატება ვუსურვო. ლუჩანოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა და მომავალშიც ასე იქნება. არ ვიცი, ვინ იქნება გუნდის ახალი მწვრთნელი, მაგრამ პირადად მე, ყოველმხრივ გვერდში დავუდგები.
ეს ჩემი ვალია, როგორც გუნდის კაპიტნის. ეუსებიო დი ფრანჩესკო? - ყველაზე ხშირად სწორედ მასზე საუბრობენ, მაგრამ უნდა დაველოდოთ კლუბის მესვეურთა ოფიციალურ პოზიციას. დი ფრანჩესკო კარგი მწვრთნელია და "სასუოლოში" წარმატებით იმუშავა - ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით...
ტოტის გარეშე
"რომა" ვერ წარმომიდგენია ფრანჩესკო ტოტის გარეშე, მაგრამ ეს ცხოვრებაა, წინ უნდა გავიხედოთ და ახალი მიზნები დავისახოთ.
ფრანჩესკომ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ უნდა უერთგულო გუნდს და როგორ იბრძოლო ყველგან და ყოველთვის. ლუჩანო სპალეტის შეცვლა შეიძლება, ფრანჩესკო ტოტის კი არა - იმედია, სპალეტი არ მიწყენს, რადგან ჩვენს გუნდში ეს მართლაც ასეა. ვნახეთ, როგორ გააცილა "სტადიო ოლიმპიკომ" კაპიტანი და ეს მართლაც საოცარი სანახაობა იყო - ემოციების კონტროლი გამიჭირდა, რადგან გარშემო ყველა ტიროდა. "რომას" საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს მსოფლიოში და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ბედნიერებაა მათთვის თამაში და სწორედ ამიტომ "რომას" არასდროს არაფერზე გავცვლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"