იტალიის ნაკრები: "აძურას" სარეკორდო ანგარიშით მოგებამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა სან მარინოსთან ამხანაგური მატჩი გამართა - "სკუადრა აძურამ" მეტოქეს ემპოლიში უმასპინძლა, ჯან პიერო ვენტურა კი ექსპერიმენტულ შემადგენლობას დაეყრდნო. იტალიელთა თავკაცმა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებმაც სერია A-ს განვლილ გათამაშებაში გამოიჩინეს თავი.

იტალიის ნაკრებს არ სჩვევია დიდი ანგარიშით გამარჯვება, მაგრამ ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც ახალგაზრდებს დასამტკიცებელი ჰქონდათ შესაძლებლობები და თავი არ დაუზოგავთ - შედეგად, სან მარინოს ეროვნულ გუნდს 8 უპასუხო გოლი გაუტანეს. იტალიელთა გოლები ერთიმეორეზე უკეთესი გახლდათ, მატეო პოლიტანოს კი გოლი-შედევრი გამოუვიდა, როდესაც მეკარეს
ბურთი თავზე გადაუგდო. პოლიტანოს გარდა, თავი მატია კალდარამ, ჯანმარკო ფერარიმ, ანდრეა პეტანიამ და ჯანლუკა ლაპადულამ გამოიჩინეს - ამ უკანასკნელმა ჰეთ თრიკი შეასრულა. ერთი გოლი საკუთარ კარში სტუმრებმა შეაგდეს.

საგულისხმოა, რომ 65-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 8:0 იყო და იტალიელებს ისტორიული ანგარიშით მოგება შეეძლოთ - 1948 წელს იტალიამ აშშ-ის ნაკრები 9:0 დაამარცხა და ეს სხვაობა "სკუადრა აძურასთვის" დღემდე სარეკორდოა; ვენტურას და მის გუნდს თავისუფლად შეეძლოთ მე-9 და თუნდაც მე-10 გოლების გატანა, თუმცა დარჩენილ 25 წუთში ტემპი დააგდეს და დრო ბურთის გორებაში გაჰყავდათ.

მატჩის შემდეგ ვენტურამ მოკლე კომენტარი გააკეთა: "საინტერესო მატჩი იყო, რომელშიც ფეხბურთელებს დავაკვირდი. დიდი არჩევანი გვაქვს და ასეთი თამაშები აუცილებლად წაგვადგება. ამ გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეს დავიტოვებთ და უახლოესი ორი მატჩისთვის მოვამზადებთ. წინ ურუგვაისთან და ლიხტენშტაინთან მატჩებია, რომლებშიც გულშემატკივარი კარგ თამაშს და დადებით შედეგს ელოდება".

იტალია-სან მარინო 8:0
გოლები: 1:0 ლაპადულა (10), 2:0 ფერარი (13), 3:0 პეტანია (16), 4:0 ლაპადულა (19), 5:0 კალდარა (48), 6:0 ლაპადულა (49), 7:0 პოლიტანო (58), 8:0 ბონინი (65-საკ. კარში)
იტალია (4-2-3-1): სკუფეტი - კონტი (70. ბირაგი), კალდარა, ფერარი, დამბროზიო - გალიარდინი (46. კატალდი), ბაზელი (46. პელეგრინი) - ბერარდი (46. პოლიტანო), პეტანია (46. ფალჩინელი), კიეზა (62. კაპრარი) - ლაპადულა
სან მარინო (4-4-1-1): ბენედეტინი (46. სიმონჩინი) - ჩეზარინი (63. ბონინი), ჩევოლი (71. მაცა), ბიორდი (87. სტეფანელი), ბროლი - ჰიში, ჩერველინი, გოლინუჩი, ვიტაიოლი (62. ძაფერანი) - ტოზი (56. დელა ვალე) - რინალდი
მაყურებელი: 10 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული