სერია A: ნადირობა კალჩოს ვარსკვლავებზე - დონარუმამ "მილანში" დარჩენა გადაწყვიტა

AutoSharing Option
ფეხბურთელებზე, რომლებმაც სერია A-ს გასულ გათამაშებაში კარგად წარმოაჩინეს თავი, ნადირობაა გამოცხადებული. გადავხედოთ იტალიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს და ისიც გავიგოთ, თუ სად შეიძლება ვიხილოთ მომდევნო სეზონში ეს ფეხბურთელები...

მეკარე
ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)
სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაა - მართალია, ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 27 გოლი ჯიჯი ბუფონმა გაუშვა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ გახლდათ და ამიტომ უპირატესობა დონარუმას უნდა მივანიჭოთ. ჯიჯომ "მილანის" შემადგენლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა და 18 წლის ასაკში ევროპული მასშტაბის ვარსკვლავად იქცა. როგორც იქნა, დონარუმამ "როსონერისთან" შეთანხმებას
მიაღწია და მშობლიურ კლუბთან ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ჯიჯოს გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო განისაზღვრა, მაგრამ თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, თანხა განახევრდება.

მარჯვენა მცველი
ანდრეა კონტი (ატალანტა)
საუკეთესო მარჯვენა მცველი ანდრეა კონტია - "ატალანტას" წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ასევე, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. მომდევნო სეზონიდან კონტი "მილანში" ითამაშებს და ეს გადაწყვეტილი ამბავია. ანდრეას სანაცვლოდ, ლომბარდიული გრანდი 22 მილიონ ევროს გადაიხდის. კონტის მიმართ სხვა კლუბებიც იჩენდნენ ინტერესს, მაგრამ თვითონ ფეხბურთელმა "როსონერიში" მოისურვა კარიერის გაგრძელება - როგორც თვითონ ანდრეამ განაცხადა, ის ბავშვობიდან "მილანის" გულშემატკივარია.

ცენტრალური მცველი
კალიდუ კულიბალი (ნაპოლი)
კალიდუ კულიბალი უკვე დიდი ხანია, "ნაპოლიში" ასპარეზობს. მისი საბაზრო ღირებულება კი 50 მილიონი ევროა. კალიდუს გადაბირების სურვილი ინგლისურ გრანდებს აქვთ - "ჩელსი" ჯონ ტერის შემცვლელს ეძებს და კანდიდატებში კულიბალიც მოიაზრება. თუ დიეგო მარადონას დავუჯერებთ, კულიბალი რომ თეთრკანიანი იყოს, მისი ფასი მინიმუმ 100 მილიონი ევრო იქნებოდა. საკამათო განცხადებაა, მაგრამ ფაქტია, რომ კულიბალი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და ძლიერი მცველია.

ცენტრალური მცველი
ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი)
კიდევ ერთი ცენტრალური მცველი: ლეონარდო ბონუჩი, რომელიც "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერია. ბონუჩის მიმართ "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" იჩენენ ინტერესს - ლეონარდოს საბაზრო ღირებულება 60-დან 70 მილიონ ევრომდე მერყეობს. არის ვარაუდი, რომ ამ ზაფხულს ბონუჩი "იუვენტუსს" დატოვებს და ინგლისში გააგრძელებს კარიერას. ეჭვებს აღრმავებს ის ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესვენებისას, ბონუჩის თანაგუნდელებთან უთანხმოება მოუვიდა და ამ ინციდენტის შემდეგ წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა.

მარცხენა მცველი
ალექს სანდრო (იუვენტუსი)
მარცხენა მცველი ალექს სანდროა - კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "ჩელსის" უკავშირებენ. ლონდონური კლუბი მზადაა, ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადოს - ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით, უცნობია. სანდროს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში მყარად მოიკიდა ფეხი და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა.

საყრდენი ნახევარმცველი
რაჯა ნაინგოლანი (რომა)
ბევრის აზრით, საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი იტალიაში რაჯა ნაინგოლანია. ბელგიელი შესანიშნავ ფორმაში იყო და მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. რაჯა ცნობილია "იუვენტუსის" მიმართ სიძულვილით - მას "რომასთან" ერთად ტურინელთა ჰეგემონიის დამხობა სურს და არსად წასვლას არ აპირებს. არადა, ნაინგოლანის მიმართ არაერთი გრანდი იჩენს ინტერესს, მათ შორის, "ინტერი" და რა თქმა უნდა, ინგლისური კლუბები, რომლებსაც ფული არასდროს ელევათ.

საყრდენი ნახევარმცველი
მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი)
კიდევ ერთი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკია. სლოვაკი "ნაპოლის" ერთგულია და როგორც ჩანს, კარიერას ნეაპოლში დაასრულებს. ჰამშიკი გასულ სეზონშიც შეუდარებელი იყო - მის აქტივში 12 გოლი და 10 საგოლე პასია. მარეკის გადაბირების სურვილს ჩინური კლუბები გამოთქვამენ და სლოვაკს კოლოსალურ ხელფასს სთავაზობენ, მაგრამ თვითონ ფეხბურთელი იტალიაში თავს კარგად გრძნობს და აზიაში გადაბარგებას არ აპირებს.

გარემარბი
მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი)
მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკური ნოვაცია მარიო მანჯუკიჩის მარცხენა გარემარბად გამწესებაა - ხორვატი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში მის მიერ გატანილი გოლი დიდხანს ემახსოვრება გულშემატკივარს. მარიო "იუვეში" რჩება და როგორც თვითონ აცხადებს, ჩემპიონთა ლიგის მოგებას მომდევნო სეზონში შეეცდება. მანჯუკიჩზე ალეგრიმაც ილაპარაკა - მწვრთნელის თქმით, ხორვატი "იუვესთვის" მომავალშიც უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება.

გარემარბი
დრის მერტენსი (ნაპოლი)
კიდევ ერთი გარემარბი დრის მერტენსია. ბელგიელს საუკეთესო სეზონი ჰქონდა კარიერაში - მის აქტივში 28 შედეგიანი დარტყმაა. მერტენსს ზღაპრულ კონტრაქტებს სთავაზობენ ჩინური კლუბები, მაგრამ "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის თქმით, ის არ იყიდება. მართალია, სიმბოლურ გუნდში მერტენსი ფლანგზე გავამწესეთ, მაგრამ რეალურად ის ცენტრფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობდა. დრისის თქმით, მას ძალიან მოსწონს მაურიციო სარისთან მუშაობა და ნეაპოლში სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას...

თავდამსხმელი
ედინ ჯეკო (რომა)

ედინ ჯეკო - 29 გატანილი გოლი და პირველი ადგილი ბომბარდირთა დავაში. ბოსნიელს საუკეთესო სეზონი ჰქონდა - მას თანაბარი წარმატებით გაჰქონდა როგორც ფეხით, ისე თავით - "რომას" მესვეურთა თქმით, ჯეკო ხელშეუხებელია. თვითონ ბოსნიელი არ მალავს, რომ რომში თავს ბედნიერად გრძნობს და მისი სურვილი კარიერის ბოლომდე "ჯალოროსიში" ასპარეზობაა.

თავდამსხმელი
ანდრეა ბელოტი (ტორინო)
მეორე ფორვარდი ანდრეა ბელოტია, რომლის აქტივში 26 გოლია - ტორინოს გოლების 36% სწორედ ანდრეას გატანილია. ბელოტის საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა. ერთ-ერთი ვერსიით, ანდრეა "მილანში" გააგრძელებს კარიერას, თუმცა მას ინგლისური ვარიანტებიც აქვს. "ტორინოს" პრეზიდენტის, ურბანო კაიროს თქმით, თუ რომელიმე კლუბი 100 მილიონ ევროს არ გადაიხდის, ბელოტი "ტორინოში" დარჩება. თვითონ ფეხბურთელი არ გამორიცხავს ტურინში დარჩენას და აცხადებს, რომ კიდევ ერთი სეზონი სიამოვნებით გააგორებს ბურთს "გრანატას" შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული