დე შილიო უკვე ოფიციალურად
მატია დე შილიო "იუვენტუსის" ფეხბურთელია. 25 წლის განაპირა მცველმა ტურინულ გრანდთან 2022 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. მის სანაცვლოდ, "მილანი" 12 მილიონ ევროს აიღებს, თუმცა ამ თანხას ტურინელები 3 წლის განმავლობაში გადაიხდიან. დე შილიოს ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამში, თუმცა ის უფრო მაინც მარჯვნივ მოიაზრება დანი ალვეშის შემცვლელად.
დღესვე ექსიუვენტუსელი ლეონარდო ბონუჩი ოფიციალურად გახდა "მილანის" ფეხბურთელი.
იუვეს კიდევ
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებით დაინტერესდა. 22 წლის სერბი ნახევარმცველი "ლაციოში" შესანიშნავად ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, "იუვენტუსი" სავიჩის სანაცვლოდ "ლაციოს" 35 მილიონ ევროს შესთავაზებს და პლუს 5 მილიონ ევროს ბონსების სახით. წესით, "ლაციო" არ უნდა იყოს დაინტერესებული წამყვანი ფეხბურთელის გასხვისებით - მით უმეტეს, გუნდმა უკვე დაკარგა კიდევ ერთი ნახევარმცველი ლუკას ბილია.
კეიტას არჩევანი
"ლაციოს" სავარაუდოდ, კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბალდე კეიტა დატოვებს - 22 წლის სენეგალელს "იუვენტუსში" სურდა გადასვლა და ერთი ხანობა, თითქოს, ტურინელებიც დაინტერესდნენ მისი გადაბირებით - თუმცა, "იუვეს" ინტერესი არ გაღრმავდა და თუ სად გააგრძელებს ბალდე თამაშს, ჯერ ისევ უცნობია.
ამასობაში, კეიტას გადაბირებით "ინტერი" დაინტერესდა - მილანელები მზად არიან ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადონ. თავად ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია - შესაძლოა, ის ისევ ტურინიდან ელოდება ზარს...
შიკი ინტერს უახლოვდება
პატრიკ შიკს "იუვენტუსთან" უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ჩააგდო და ტურინულმა კლუბმა მასზე უარი თქვა. როგორც "იუვეს" მთავარი ექიმი აცხადებს, შიკს ორჯერ ჩაუტარდა შემოწმება და ფეხბურთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა. შიკი გენუაში გააბრუნეს და ის "სამპდორიას" საწვრთნელ შეკრებას შეუერთდა.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატრიკის გადაბირებით უკვე "ინტერი" დაინტერესდა - მილანელები მზად არიან, ჩეხის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ და ეს თანხა ორი წლის განმავლობაში დაფარონ. გენუური კლუბისათვის ეს წინადადება მისაღებია და წესით, არც შიკი უნდა იყოს "ინტერში" გადაბარგების წინააღმდეგი.
ინტერი კოვაჩიჩის დაბრუნებას ცდილობს
"ინტერს" ნახევარდაცვის გაძლიერებაც სურს და მატეო კოვაჩიჩის დაბრუნებას შეეცდება. 2015 წელს, კოვაჩიჩი "რეალში" სწორედ "ინტერიდან" გადავიდა და მაშინ, "სამეფო კლუბმა" ასალგაზრდა ხორვატის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. კოვაჩიჩმა ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და წესით, "რეალისთვის" არ უნდა იყოს უინტერესო მისი სარფიანად გასხვისება.
რომას ვალენსიას მცველი უნდა
"რომა" ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქვენტს - კლუბის მესვეურებმა უკვე გადაიბირეს 21 წლის ლორენცო პელეგრინი "სასუოლოდან" და 20 წლის ჯენგიზ იუნდერი თურქული "ბაშაკშეჰირიდან". იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქლთა მომდევნო სამიზნე "ვალენსიას" მცველი ხოსე გაიაა.
22 წლის ფეხბურთელი 2012 წლიდან "ვალსენიას" მთავარ გუნდში ასპარეზობს და 56 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ითქვა ისიც, რომ "რომამ" უკვე შესთავაზა ესპანურ კლუბს 18 მილიონი ევრო გაიას სანაცვლოდ და პასუხის მოლოდინშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"