რას ლაპარაკობენ "იუვენტუსის" ფეხბურთელები ლეონარდო ბონუჩიზე

AutoSharing Option
"იუვენტუსი" იტალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია. ტურინული გრანდი ახალი სეზონისთვის ამერიკაში ემზადება.

"ბიანკონერიმ" ორი გამორჩეული ფეხბურთელი დაკარგა დანი ალვეშის და ლეონარდო ბონუჩის სახით, თუმცა რამდენიმე კარგი ფეხბურთელიც დაიმატა - მაგალითად ვოიცეხ შჩესნი "რომადან", მატია დე შილიო "მილანიდან", ფედერიკო ბერნარდესკი "ფიორენტინადან" და დუგლას კოშტა "ბაიერნიდან".

როგორ "იუვენტუსს" ვიხილავთ ახალ სეზონში, რთული სათქმელია, მაგრამ თვითონ ტურინელები ოპტიმიზმის ნაკლებობას არ უჩივიან და ეს მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო აქტიურად საუბრობენ პაულო დიბალას "ბარსელონაში" სავარაუდო გადასვლის შესახებ...

იტალიურ სპორტულ პრესაში "იუვეს" ფეხბურთელთა საინტერესო კომენტარები
გავრცელდა...

ჯორჯო კიელინი: "ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ვემზადებით. მართალია, ლეონარდო ბონუჩიმ დაგვტოვა, მაგრამ არა მგონია რომ მისმა წასვლამ ძალიან დაგვასუსტოს.

"იუვენტუსს" აქვს იმის რესურსი, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი შეცვალოს. ერთი მცველის დამატება ალბათ დაგვჭირდება, რადგან ანდრეა ბარძალის და მეჰდი ბენატიას პერიოდულად დასვენება სჭირდებათ. "იუვენტუსი" მომდევნო სეზონშიც მხოლოდ უმღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს როგორც იტალიაში, ისე ევროპასპარეზზე".

გონსალო იგუაინი: "ლეონარდო ბონუჩი წლების განმავლობაში იცავდა "იუვენტუსის" ღირსებას და ის ჩვენ პატივისცემას იმსახურებს. მის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება რომ თვითონ აირჩიოს თავისი გზა.

მეც ბევრს მაკრიტიკებდნენ, როდესაც ნეაპოლიდან ტურინში გადმოვედი და ამას ვერასდროს გავამართლებ. თავისი გზა აქვს პაულო დიბალასაც, თუმცა დიდი იმედი მაქვს რომ ის "იუვენტუსში" დარჩება - პაულო ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე "ბარსელონას" და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ჯანლუიჯი ბუფონი: "ჩვენ ისევ ენთუზიაზმით ვართ აღსავსე და ვემზადებით ახალი სეზონისთვის. გასული სეზონი წარმატებული გამოდგა, თუმცა იყო რთული მომენტებიც - იმედია, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება გველოდება.

გუნდში გარკვეული ცვლილებები მოხდა და ეს ნორმალური პროცესია - გუნდი ციოცხალი ორგანიზმია და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. გასულ სეზონში, დანი ალვეშმა და ლეონარდო ბონუჩიმ შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ ჩვენ გვყავს ახალი ფეხბურთელები, რომლებიც მჯერა რომ არანაკლებ კარგად წარმოაჩენენ თავს".

ვოიცეხ შჩესნი: "დიდ გუნდში გადმოვედი და შესაბამისად, დიდი მიზნები მამოძრავებს. "იუვენტუსი" ის გუნდია, რომელსაც ყველა იმ ტურნირის მოგება შეუძლია, რომელშიც ასპარეზობს.

ბედნიერი ვარ, რომ ისეთი დიდებული მეკარის თანაგუნდელი ვარ, როგორიც ჯიჯი ბუფონია - მისგან ბევრ რამეს ვისწავლი. ვარ თუ არა ბუფონის მემკვიდრე? - ჯიჯი ჯერ მოქმედი მეკარეა და მე მისი თანაგუნდელი ვარ, დანარჩენზე მომავალში ვისაუბროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული