ფრანჩესკო ტოტი: აქაც ღირსეულად მოვიხდი ჩემს ვალს!..

AutoSharing Option
ფრანჩესკო ტოტიმ ინტერვიუ მისცა "რომას" ტელევიზიას. ლეგენდარული კაცი ფეხბურთს ორიოდ თვის წინ დაემშვიდობა და დღეს ახალ ცხოვრებასთან ადაპტაციის პერიოდი უდგას.

ყველამ ვნახეთ ტოტის გაცილების საზეიმო ცერემონიალი და დავრწმუნდით, თუ რამხელა რანგის ფიგურაა ის იტალიის დედაქალაქისთვის, და არა მარტო - მას აღიარებენ აპენინების მიღმაც!..

"რომას" ხელმძღვანელობამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა - უფლება მისცა ტოტის, თავად განსაზღვროს კლუბში მისი როლი და საქმიანობის სფერო...

ამიტომ არ გვიკვირს, რომ ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავდა "იმპერატორის" ამ ინტერვიუსაც, რომელსაც "ლელოს" მკითხველიც გაეცნობა...

- აბა, რითი დავიწყოთ?
-
თქვენი ნებაა... მე მაგალითად, დავიწყებდი 28 მაისიდან, ანუ იმ მომენტიდან, როცა ფეხბურთს დავემშვიდობე. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო, ისტორიული, ანუ დღე, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილებები დამიტოვა. და ეს დღე ყოველთვის ჩემთან იქნება. ძალიან ძნელია იმის ახსნა, თუ რას განვიცდიდი იმ მომენტში.

- მაგრამ ფაქტია, დასრულდა თქვენი ცხოვრების ეს ნაწილი და იწყება მეორე, ახალი ეტაპი...
- ...ეტაპი, როცა მე ვიქნები ახალ როლში - "ჯალოროსის" ერთ-ერთი მმართველის როლში. იმედი მაქვს, ამ ფრონტზეც ისევე ღირსეულად მოვიხდი ჩემს ვალს, როგორც ამას მოედანზე გასვლისას ვაკეთებდი.

- ის დრო მაინც დაუვიწყარია, არა?
- ფეხბურთი ჩემი ვნებაა, მასში ყველაფერია - გართობა, მეგობრობა, სიხარული, მწუხარება... ეს ყველაფერი აუცილებელია ადამიანის ცხოვრებაში. ის ჩემშიც თითოეულ სიმს ეხება.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს, არ გინდოდათ 28 მაისი რომ დასრულებულიყო...
- "ჯენოასთან" ამ თამაშში ჩაეტია მთელი ის 25 წელიწადი, რაც მოედანზე "რომას" მაისურით გავატარე. ამ მაგიურმა მწვანე ოთხკუთხედმა ძალიან ბევრი მომცა ცხოვრებაში. საპასუხოდ, მეც ვცდილობდი, ვალში არ დავრჩენილიყავი და მთელი ენერგია დამეტოვებინა მოედანზე, სიხარული მიმენიჭებინა იმ ადამიანებისთვის, რომელთაგანაც დიდ სიყვარულს ვგრძნობდი.

- ახლა თქვენს ცხოვრებაში გაცილებით სერიოზული და საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება...
- შეიძლება, პასუხისმგებლობა ახლა მართლაც მეტი იყოს, რადგან არ არის ადვილი, შენი უდიდესი გამოცდილება ზუსტად მიიტანო იმ ადამიანებამდე, რომელთაც ეს სჭირდებათ. მე დღეს ახალი გამოწვევის საწყის წერტილში ვარ. დრო ვითხოვე იმისთვის, რათა ყველაფერი კარგად გავიაზრო და გავაანალიზო. თან ნაბიჯ-ნაბიჯ, წყნარად უნდა გავერკვიო საკლუბო სტრუქტურაში და ჩავწვდე იმ ფუნქციებს, რაც ყველაზე უკეთ მომერგება, ის გაკეთებასაც შევძლებ. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება ამას - ნახევარი წელიწადი, ერთი, ორი თუ კიდევ რამდენი...

- არის თუ არა ვინმე ისეთი, ვისაც განსაკუთრებულ მადლობას გადაუხდიდით?
- ყველა რომ ჩამოვთვალო, ძალიან დიდ დროს წაიღებს. მადლობას ვუხდი ყველას: დაწყებული - ჩემი ოჯახით და დამთავრებული - მეგობრებით, ყველა იმ ადამიანით, ვისაც ამ დროის განმავლობაში შევხვდი - ფეხბურთელები იქნებოდნენ ეს თუ კლუბების პრეზიდენტები, ან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც ყოველდღე ვხვდებოდი "ტრიგორიაში" ("რომას" საწვრთნელი კომპლექსი - რედ).

- და მაინც, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი?
- ნათელი და ლამაზი! ვეცდები, დავეხმარო "რომას" განვითარებაში.

- ისე კი, ძნელი იქნება 40 წლის ასაკში გეგმების დაწყობა, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ არასოდეს ყოფილხართ ერთი ჩვეულებრივი, რიგით ადამიანი...
- ახლა ადვილი არ არის ამაზე ლაპარაკი. არიან ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ მომავალზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდნენ, როცა მოედანზე ბურთს აგორებდნენ. სრულიად გულწრფელად ვამბობ - 28 მაისამდე ამაზე არასოდეს არ მიფიქრია.

- ყველა საკითხი განიხილეთ უკვე კლუბის ხელმძღვანელობასთან?
- დიახ, სპორტულ დირექტორ მონჩისთან ბევრი ვილაპარაკე მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენ გვაქვს დრო, რათა კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი... ვიცი, გამახსენებთ პრეზიდენტ პალოტასთან დაძაბულ ურთიერთობას, მაგრამ ჩვენ წყნარად ვისაუბრეთ, ყველაფერი გავარკვიეთ და გაუგებრობა წარსულში დავტოვეთ. ახლა ყველამ ერთად უნდა ვცადოთ, რომ "რომამ" მწვერვალები დაიპყროს.

- დი ფრანჩესკოსაც ელაპარაკეთ?
- რა თქმა უნდა! მასთანაც მშვენიერი ურთიერთობები მაკავშირებს (ტოტი და დი ფრანჩესკო ერთად თამაშობდნენ "რომაში" 1997-2001 წლებში - რედ). ყოველთვის ვაკვირდებოდი მის მუშაობას, სანამ "რომას" მწვრთნელი გახდებოდა. ეს არის დიდი პიროვნება, ბრწყინვალე ადამიანი, რომელიც "ჯალოროსის" წონას შემატებს.

- ახლა როგორ უნდა მოგმართოთ ხოლმე?
- როგორც ყოველთვის - ფრანჩესკო.

- და რა ეწერება თქვენი სამუშაო ოთახის აბრაზე ან სავიზიტო ბარათებზე?
- ფრანჩესკო ტოტი, "რომა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული