კონფედერაციათა თასი: ჩეზარე პრანდელი ძველ გვარდიას ენდო

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში იტალიის ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გაგაცანით, საიდანაც ჩეზარე პრანდელის კონფედერაციათა თასისთვის 23 ფეხბურთელი უნდა შეერჩია.

"სკუადრა აძურას" თავკაცმა გააკეთა არჩევანი და სანამ განაცხადს გაგაცნობდეთ, დავძინოთ, რომ ბრაზილიაში გამგზავრებამდე იტალიის ნაკრები ამავე შემადგენლობით ჩეხეთის ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება. პრაღაში "აძურა" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ითამაშებს...

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ინაციო აბატე (მილანი), დავიდე ასტორი (კალიარი), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მატია დე შილიო
(მილანი).


ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (ფიორენტინა), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესიო ჩერჩი (ტორინო), დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ემანუელე ჯაკერინი (იუვენტუსი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (მილანი).

თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (მილანი), მარიო ბალოტელი (მილანი), ალბერტო ჯილარდინო (ბოლონია), სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი).

მეკარეები
გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი მეკარე იყო, რომელთაგან ზედმეტი ანდრეა აგაცი გამოდგა. "კალიარის" კარის დარაჯმა სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ეროვნულ გუნდში თუნდაც სამეულში მოხვედრილიყო. ჯანლუიჯი ბუფონი ულაპარაკოდ პირველია, მეორის სტატუსზე კი ფედერიკო მარკეტის და სალვატორე სირიგუს თანაბარი შანსები აქვთ.

სან მარინოსთან შეხვედრის 71-ე წუთზე ბუფონი სირიგუმ შეცვალა და ამ ლოგიკით, შეგვიძლია სალვატორეს მცირე უპირატესობა მივანიჭოთ. ერთი ცხადია, ამ რგოლში იტალიას ნამდვილად არ უჭირს...

მცველები
ლუკა ანტონელიმ სან მარინოსთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მისი კონფედერაციათა თასზე ასპარეზობა გამოირიცხა. მოკლედ, ანტონელი თვითონვე გაიცხრილა, პრანდელიმ კი ოფსაიდში კიდევ ორი მცველი დატოვა: ანჯელო ოგბონა და ანდრეა რანოკია. როგორც ჩანს, მათი მომზადების დონით ჩეზარე უკმაყოფილო დარჩა.

იტალიელი ჟურნალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პრანდელის შერჩეულ სიაში მხოლოდ ერთი ნომინალური მარცხენა მცველია; მატია დე შილიოს კონკურენტი სწორედ ანტონელი უნდა ყოფილიყო. ჩეზარემ ლუკას შემცვლელის გამოძახება არ ისურვა და დე შილიო, ფაქტობრივად, უკონკურენტოდ დატოვა... არადა, "სკუადრა აძურას" დამრიგებელს არაერთი ვარიანტი ჰქონდა: ფედერიკო ბალცარეტი, დომენიკო კრიშიტო, დავიდე სანტონი, მანუელ პასკუალი და კიდევ შეიძლება რამდენიმე გვარის ჩამოთვლა.

მარჯვნივ კრისტიან მაჯოს და ინაციო აბატეს კონკურენციას ვიხილავთ - ამ შემთხვევაში, პრანდელის არჩევანი სრულიად გასაგები და ლოგიკურია. სიურპრიზები არც ცენტრში გვხვდება: ანდრეა ბარცალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის დავიდე ასტორი დაემატა. აქვე ვთქვათ, რომ კიელინის მარცხნივაც შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში, დე შილიოს ალტერნატივად გამოდგება.

ნახევარმცველები
ჯაკომო ბონავენტურას და ანდრეა პოლის ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემათ, ამ ეტაპზე კი ადგილი უფრო გამოცდილებს უნდა დაუთმონ.

ჩეზარე პრანდელიმ ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავა და იმ ფეხბურთელებს დაეყრდნო, რომლებსაც "აძურას" სტაჟიანი წევრები შეგვიძლია ვუწოდოთ. ძირითადი ოთხეული ასე მოიაზრება: ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი, კლაუდიო მარკიზიო, რიკარდო მონტოლივო. ყოველთვის მზად არიან თამაშში ჩასართავად ანტონიო კანდრევა, ალესანდრო დიამანტი, ალესიო ჩერჩი და ემანუელე ჯაკერინი, რომელსაც პრანდელი ყოველთვის ენდობა.

ამ სიას აქამდე ოფსაიდში მყოფი ალბერტო აკვილანი დაემატა და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო – ფლორენციელს საოცრად კარგი სეზონი ჰქონდა. სამომავლოდ, სადღაც აქ უნდა მოვიაზროთ მარკო ვერატი, რომელიც ამჟამად იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

თავდამსხმელები
"კალიარიში" წარმატებული ასპარეზობა მარკო საუს ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაუფასდა, მაგრამ კონფედერაციათა თასზე გამგზავრებას ვეღარ შესწვდა... ჩეზარე პრანდელიმ განაცხადში ოთხი ფორვარდი დატოვა - მილანელები: მარიო ბალოტელი და სტეფან ელ შაარავი, მეორე ტაიმის ფეხბურთელი სებასტიან ჯოვინკო და ჩეზარეს "ძველი სიყვარული" ალბერტო ჯილარდინ.

ელ შაარავი და ბალოტელი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებიან და განურჩევლად იმისა, რა ტაქტიკას დაეყრდნობა პრანდელი. 4-4-2-ის შემთხვევაში, ყველაფერი ნათელია, სამი შემტევის პირობებში კი სუპერმარიო ცენტრფორვარდად დადგება, პატარა ფარაონი კი მისთვის ჩვეულ მარცხენა ფრთაზე გადაიწევს... ასეთ შემთხვევაში, მარჯვენა გარემარბიც მოსაძებნი იქნება და ამ როლის შესრულება არაერთ "აძურელს" შეუძლია – თუნდაც ანტონიო კანდრევას, ალესიო ჩერჩის ან სულაც სება ჯოვინკოს.

ერთი სიტყვით, პრანდელიმ ოთხი ნომინალური თავდამსხმელი შეარჩია და რამდენი დატოვა განაცხადს მიღმა? – ანტონიო კასანო, პაბლო დანიელ ოსვალდო, ალესანდრო მატრი, ჯამპაოლო პაცინი, ფაბიო კვალიარელა და თუნდაც ანტონიო დი ნატალე, რომელიც მუნდიალზე გამგზავრებას ეშურება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სკუადრა აძურამ" სან მარინოსთან წაივარჯიშა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული