"მილანი" და "ინტერი": ორი კაპიტნის ამბავი

AutoSharing Option
ამბროზინი
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომდევნო სეზონიდან მასიმო ამბროზინი სხვა გუნდში ითამაშებს. 36 წლის ნახევარმცველის გადაბირება ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს სურთ, განსაკუთრებით კი, "ვესტ ჰემი" აქტიურობს. ამის თაობაზე თვითონ გალიანიმ ისაუბრა:

"ამბროზინი უკვე შესულია "მილანის" ისტორიაში და ის ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ჩვენგანი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი გზები უნდა გაიყაროს. გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს და ამ გადაწყვეტილებას მასიმო გაგებით მოეკიდა. თვითონაც გამოთქვა სურვილი, რომ ახალი გამოწვევა მიიღოს და თავი სრულიად განსხვავებულ გარემოში გამოსცადოს. ვიცი, რომ "ვესტ ჰემთან"
აქვს მოლაპარაკებები და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო"
.

მოგეხსენებათ, ამბროზინი "მილანის" კაპიტანია და შესაბამისად, სამკლავური სხვა ფეხბურთელს უნდა გადააბაროს - გალიანიმ ამ თემაზეც ისაუბრა: "ამ თემაზე მასიმილიანო ალეგრის ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ კაპიტანი რიკარდო მონტოლივო უნდა იყოს. ვფიქრობ, სწორედ რიკარდოს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც კარგ კაპიტანს სჭირდება. თუმცა ამ თემაზე კიდევ ერთ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ და ეს კრისტიან აბიატია. გუნდში ჩატარებული მატჩების მიხედვით, სამკლავური სწორედ კრისტიანს ეკუთვნოდა და ჩვენი გადაწყვეტილება მასაც უნდა შევუთანხმოთ. დარწმუნებული ვარ, ნაწყენი არ დარჩება".

მასიმო ამბროზინიმ საფეხბურთო კარიერა "ჩეზენაში" დაიწყო, 1995 წელს კი "მილანში" გადავიდა და თუ "ვიჩენცაში" ერთი სეზონით განათხოვრებას არ ჩავთვლით, მას შემდეგ ლომბარდიულ გრანდში ასპარეზობს. "როსონერის" შემადგენლობაში 343 მატჩი აქვს ჩატარებული და 29 გოლი გატანილი. მასიმოს პერიოდულად "სკუადრა აძურაშიც" იძახებდნენ და ეროვნულ გუნდში 35 მატჩი დაუგროვდა.

ამბროზინიმ კაპიტნის სამკლავური თვით პაოლო მალდინისგან გადაიბარა და თავის მხრივ, რიკარდო მონტოლივოს გადაულოცავს.

ძანეტი
ხავიერ ძანეტი ამბროზინიზე 3 წლით უფროსია, მაგრამ "ინტერის" დატოვებას და კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. "ნერაძურის" პრეზიდენტმა უბერებელ კაპიტანს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა და თანხმობაც მიიღო. ამ თემაზე თვითონ ძანეტიმ ისაუბრა:

"კლუბის მესვეურები კიდევ ერთხელ მენდნენ და ამისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ. "ინტერს" არასდროს მივუტოვებივარ, გასაჭირში ყოველთვის გვერდით მედგა და ახალი კონტრაქტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ერთი სული მაქვს, როდის მოვიშუშებ ტრავმას და მოედანს დავუბრუნდები. მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოგებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძანეტის სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მოედანს შემოდგომის ბოლოს დაუბრუნდება, ანუ კაპიტანი თავის გუნდს სეზონის მეორე ეტაპზე დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილანის "ინტერმა" ხავიერ ძანეტისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული