მასიმო მორატი: აქცენტი ახალგაზრდებზე!

AutoSharing Option
ვწერდით, რომ შესაძლოა, ანტონიო კასანომ კარიერა "ჯენოაში" გააგრძელოს, სანაცვლოდ კი გენუური გუნდიდან "ინტერში" ლუკა ანტონელი გადაბარგდესო.

თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და უახლესი ინფორმაციით, კასანო გაცილებით უფრო ახლოა "პარმასთან", ვიდრე "ჯენოასთან". დიახ, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "ნერაძურის" 30 წლის შემტევი, დიდი ალბათობით, ემილიურ გუნდში იასპარეზებს. მაინც რა ხდება და რა გარიგება მზადდება? - ამაზე ქვემოთ...

მორატი ბერლუსკონის კვალზე
ძველი ამბავია, რომ "მილანის" მესვეურებმა აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გააკეთეს და "როსონერიში" სრულიად ახალი გუნდის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი... "შავ-წითელთა" ბანაკში წამყვან როლებში არიან 22
წლის მარიო ბალოტელი, 20 წლის სტეფან ელ შაარავი და თუნდაც 18 წლის მბაიე ნიანგი.

როგორც ჩანს, "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჩათვალა, რომ სილვიო ბერლუსკონის და კომპანიის მიერ არჩეული გეზი სწორია და მის გამეორებას აპირებს...

მოკლედ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ანტონიო კასანო კარიერას "პარმაში" გააგრძელებს, სანაცვლოდ კი "ინტერში" ისაკ ბელფოდილი გადაბარგდება. ეს უკანასკნელი მხოლოდ 21 წლისაა - გასულ სეზონში 33 მატჩი გამართა და 8 გოლი გაიტანა. ამასთან, ისაკი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობს და ზოგადად, პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.

"პარმასთან" მიმდინარე მოლაპარაკებები მასიმო მორატიმ დაადასტურა და სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა, რომელსაც კითხვა-პასუხის ფორმატით გთავაზობთ...

- მართალია, რომ ანტონიო კასანოს ისაკ ბელფოდილში ცვლით?
- ისაკ ბელფოდილის გადაბირება ჩვენს გეგმებშია და მიზანთან ახლოს ვართ. იქნება თუ არა ამ გარიგებაში ჩართული ანტონიო კასანო, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება ამ თემაზეც მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია.

- ამბობენ, რომ კასანოსთან ერთად, "პარმას" 10 მილიონი ევრო ერგება. ასე ძვირად ფასობს ბელფოდილი?
- ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, რადგან თანხაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. ისე კი, ბელფოდილი მართლაც ძვირად ფასობს, რადგან მხოლოდ 21 წლისაა და უკვე შესანიშნავად ირჯება. რაღაცით ის ქარიმ ბენზემას მაგონებს და მჯერა, მასსავით წარმატებული იქნება. ჩვენ გუნდის გაახალგაზრდავება გვსურს და ამ გზაზე არც ფულის დახარჯვას მოვერიდებით. დიახ, გვჭირდება ბელფოდილი, მაურო იკარდი და მათი თაობის გამორჩეული მოთამაშეები. ბედნიერი ვიქნები, თუ "ინტერის" შეტევაში ბელფოდილი-იკარდის ტანდემს ვიხილავ.

- ამ ფონზე, ხავიერ ძანეტისთან და ვალტერ სამუელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ალოგიკურია...
- სამუელი და ძანეტი "ინტერის" ლეგენდები არიან და ახალგაზრდებმა სწორედ მათთან ურთიერთობით უნდა გაიღრმავონ ცოდნა. არ მითქვამს, რომ გუნდში ვეტერანების ადგილი არაა. უბრალოდ, აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს მალე გამოიღებს.

კასანო - საიუბილეო საჩუქარი
მასიმო მორატის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ლომბარდიულ-ემილიურ გარიგებას წინ ბევრი არაფერი უდგას. ანტონიო კასანოსა და ისაკ ბელფოდილის ბარტერი რომ მწიფდება, ამას "პარმას" გენერალური დირექტორის, პიეტრო ლეონარდის სიტყვებიც მოწმობს:

"მილანელებთან მოლაპარაკების დასკვნით სტადიაზე ვართ და შეთანხმების ალბათობა დიდია. ანტონიო კასანო უდიდესი ტალანტია და არც ასაკი აქვს ისეთი, რომ ხვალ-ზეგ კარიერის დასრულებაზე იფიქროს. "პარმას" 100 წლის იუბილე აქვს და კასანო ბრწყინვალე საჩუქარი იქნება. დარწმუნებული ვარ, ანტონიოსთან ერთად, ჩვენი გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძოლებს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კასანომ "ინტერის" ვარჯიშზე ხელი მოიტეხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული