იტალიამ წააგო, მაგრამ "ნაპოლიმ" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
მატჩი, რომელიც გუნდებმა რომის პაპს და ღმერთს უნდა მიუძღვნან; მატჩი, რომელიც მთელი გულით უნდა ითამაშონ - ასეთი განცხადება გააკეთა იტალია-არგენტინის პაექრობის წინ ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ და დასძინა, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას. სინამდვილეში, ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომლის დაწყებამდე გუნდებს რომის პაპმა უმასპინძლა...

ლიდერების გარეშე
ორივე ნაკრებს მთავარი ვარსკვლავი აკლდა - არგენტინას ლიონელ მესი, ხოლო იტალიას მარიო ბალოტელი. მიუხედავად ამისა, თამაში სანახაობრივი გამოდგა და "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცალათ. მატჩი ორმხრივ იერიშებში
წარიმართა, იტალია უფრო უტევდა, არგენტინა კი კონტრიერიშებზე ქმნიდა სახიფათო მომენტებს. მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და პირდაპირ გოლებზე გავამახვილებთ ყურადღებას...

პირველი შედეგიანი დარტყმა გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ერთი გახედა კარს და უზუსტესად დაარტყა, 0:1. მეორე გოლი არგენტინელებმა ანტრაქტის შემდეგ გაიტანეს, კონტრშეტევაზე დაიჭირეს მეტოქე, მარცხენა ფრთიდან განვითარებული იერიში კი ევერ ბანეგას შესანიშნავი დარტყმით დაგვირგვინდა, 0:2.

იტალიელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, როდესაც ლორენცო ინსინიემ მოჭრილი დარტყმით გაგზავნა ბურთი და ბადეში გაახვია, 1:2. დარჩენილი წუთები იტალიელებმა შეტევებში გალიეს, მაგრამ ანგარიშის გაქვითვა ვეღარ მოახერხეს.

საუკეთესოები
არგენტინელთაგან გოლების ავტორები უნდა გამოვარჩიოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტოქის დამწუხრება შეძლეს... გონსალო იგუაინმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ისე ითამაშა, სტუმრებს ლეო მესის არყოფნა არ დასტყობიათ. გონსალო სიღრმიდანაც იწყებდა იერიშებს და აგვირგვინებდა კიდეც, რამაც იტალიელ მცველებს უამრავი პრობლემა შეუქმნა. რაც შეეხება ბანეგას, თანაბრად ნაყოფიერი იყო როგორც დაცვითი, ისე შეტევითი ფუნქციების შესრულებისას. ბანეგა ვერაფრით გააჩერეს იტალიელებმა და შედეგად, მისგან გოლიც მიიღეს.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ახალგაზრდა ფეხბურთელები: ლორენცო ინსინიე და მარკო ვერატი უნდა გამოვყოთ... როგორც "გაძეტა დელო სპორტში" ეწერა: "პატარა პესკარელებმა" არგენტინელებს ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნეს და დაამტკიცეს, რომ მათი ადგილი ეროვნულ ნაკრებშია.

უნდა გამოვარჩიოთ ფედერიკო მარკეტი, რომელიც მეორე ტაიმში, 0:2-ზე გამოჩნდა მინდორზე და არაერთხელ გადაარჩინა "აძურა" მესამე გოლის გაშვებისგან.

მატჩის შემდგომ
ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ბოლო დროს ამხანაგურ მატჩებში არ გვიმართლებს, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. არგენტინასთან მატჩმა ბევრი საფიქრალი მოგვცა და სწორი დაკვნები უნდა გამოვიტანოთ. ფეხბურთელთა ნაწილი შორსაა ოპტიმალური ფორმისგან, რაც მეორე ტაიმში აშკარად დაგვეტყო. მთლიანობაში, არგენტინამ ალბათ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, მეტოქე ერთი ნაბიჯით მაღლა იდგა და გაიმარჯვა კიდეც".

ლორენცო ინსინიე: "ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე და როდესაც ბურთი ბადეში გაეხვა, ენითაუწერელი გრძნობა დამეუფლა. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და საგანგაშო არაა, რომ მარცხი ვიწვნიეთ. იტალიის ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა შემდეგ გავუშინაურდი გარემოს და უკეთესად ავთამაშდი.

მინდოდა, მაისური ლიონელ მესისთვის გამეცვალა, მაგრამ სამწუხაროდ, არგენტინელთა ლიდერს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. შედეგად, მაისური ჩემს
ახლო მეგობარს და თანაგუნდელს, ფედერიკო ფერნანდესს გავუცვალე".

გაიმარჯვა... "ნაპოლიმ"
იტალია-არგენტინის შეხვედრაში "ნაპოლის" ფეხბურთელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. არგენტინელთა დაცვაში საიმედოდ იდგა ფედერიკო ფერნანდესი, იტალიელთა რიგებში კი ერთ-ერთი გამორჩეული კრისტიან მაჯო იყო... აღარაფერს ვამბობთ გოლების ავტორებზე, გონსალო იგუაინსა და ლორენცო ინსინიეზე - ამ ყველაფერმა "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აალაპარაკა:

"სამწუხაროდ, იტალიის ნაკრებმა წააგო, მაგრამ სამაგიეროდ, გაიმარჯვა "ნაპოლიმ". ჩვენმა ფეხბურთელებმა თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს, რამაც ძალიან გამახარა. გონსალო იგუაინმა საჩემპიონო შეხვედრა ჩაატარა და ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია. რაც შეეხება ლორენცო ინსინიეს, ნამდვილი ფენომენია, რომელიც წლიდან წლამდე უმატებს. კარგად წარმოჩინდნენ ფერნანდესი და მაჯო, რომლებზეც ასევე დიდ იმედებს ვამყარებთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014 და ამხანაგური მატჩები: ირლანდიური ხაფანგი მაესტროსთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული