მოკლედ, იტალიურ მოედნებზე გოლთაცვენა იყო, საინტერესო და მოსაყოლი კი იმდენი დაგროვდა, საიდან დავიწყოთ, ეგაა საკითხავი...
გაწბილებული დიეგო "ოლიმპიკოზე"
სანამ უქმეებზე დატრიალებულ ამბებზე ვიტყოდეთ, ორი სიტყვით პარასკევს ჩატარებულ "რომა"-"ნაპოლის" პაექრობას მივუბრუნდეთ. ეს იყო მატჩი, რომელშიც "რომამ" მიჯრით მერვე სასტარტო პაექრობა მოიგო
სკუდეტომდე დიდი გზაა, მაგრამ "ჯალოროსი" რომ უკან დახევას არ აპირებს, ცხადზე უცხადესია. რუდი გარსიამ მხოლოდ გასულ ზაფხულს ჩაიბარა გუნდი.
"რომა"-"ნაპოლის" პაექრობას ტრიბუნიდან დიეგო მარადონამ მიადევნა თვალი და ბუნებრივია, ნეაპოლელებს გულშემატკივრობდა. დიეგო ყურადღების ცენტრში იყო, კამერა მას ხშირად აჩვენებდა და ისიც ემოციურად უჭერდა მხარს სამხრეთელებს - თამაში დამთავრებული არ იყო, როდესაც გაწბილებულმა და გაბრაზებულმა დატოვა "ოლიმპიკო".
მოგვიანებით, "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში მარადონამ არ გამორიცხა, რომ რაფაელ ბენიტესის შემდეგ "ნაპოლი" სწორედ მან ჩაიბაროს. ვნახოთ...
რაღაც უცნაური და ამოუხსნელი...
"იუვენტუსმა" "ფიორენტინას" პირველი ტაიმი ორი ბურთის სხვაობით მოუგო და მეორეში ანგარიშის გაზრდის არაერთი შანსი მიეცა - თამაშს თითქოს ინტრიგა ჰქონდა დაკარგული, როდესაც ფლორენციელებმა თავი გამოიდეს და 15-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. აქედან სამი ჯუზეპე როსის ანგარიშზეა, ერთი კი ხოაკინ სანჩესის.
როგორც ნამატჩევს ანტონიო კონტე იტყვის, ეს იყო რაღაც უცნაური და ამოუხსნელი:
"პირველ ტაიმში სრულად ვდომინირებდით და არც მეორეში დაგვიკლია, მაგრამ რა მოხდა დასკვნით პერიოდში, ვერაფრით ამიხსნია. უცნაური გოლები გავუშვით და შედეგად, გაუგებარი მარცხი ვიწვნიეთ.
ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი. ამ მარცხისგან სასარგებლო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რათა ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდეს".
მატჩის შემდეგ ფლორენციაში დიდი ზეიმი იყო - გულშემატკივრებმა გამარჯვება ქუჩებში აღნიშნეს, ამ ფიესტას კი "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე შეუერთდა. ერთ მომენტში პრეზიდენტი ტიფოზებში გადახტა და შემდეგ ჰაერშიც ატყორცნეს...
გარეშე თვალისთვის ეს ნამეტანი იყო, მაგრამ მატჩი გამოვიდა იმდენად დრამატული, რომ 90-მა წუთმა ემოციები ვერ დაიტია. დელა ვალემ მოკლე კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი, რაც კი ოდესმე უნახავს.
ემოციებს ვერ მალავდა მატჩის გმირი ჯუზეპე როსი, რომელმაც შემდეგი განაცხადა:
"ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მიმდინარე სეზონში ნამდვილად შეგვიძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა".
წავიდა თუ არა პეტკოვიჩი?
"ლაციომ" კიდევ ერთი მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზე დაეშვა. ასეთი კონკურენციის პირობებში რთულად წარმოსადგენია, რომ მიმდინარე სეზონში "ბიოანკოჩელესტემ" სამეულისთვის იბრძოლოს, აღარაფერს ვამბობთ სკუდეტოზე.
მოკლედ, გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ პეტკოვიჩს ისე კარგად ვეღარ მისდის საქმეები, როგორც გასულ სეზონში და ეს შეიძლება გახდეს კიდეც მისი გათავისუფლების საბაბი. ან, შესაძლოა, თავად მან დაწეროს განცხადება და ამის შესახებ "რაი სპორტმა" უკვე გაავრცელა კიდეც ინფორმაცია. ავტორიტეტული წყარო იუწყება, რომ პეტკოვიჩმა დატოვა გუნდი და ამის შესახებ ოფიციალური ცნობა მალე გავრცელდება.
"ლაციოს" მესვეურები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პეტკოვიჩი ჯერ კიდევ გუნდის მთავარი მწვრთნელია. თუმცა კლუბის გენერალური დირექტორის, იგლი ტარეს მოკლე კომენტარში ფრაზამ: "ჯერ კიდევ", დიდი ყურადღება მიიქცია - როგორც ჩანს, პეტკოვიჩის რომაული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ახალი მწვრთნელი "კატანიაში"
"კატანიამ" კიდევ ერთი მატჩი წააგო, ამჯერად "კალიარისთან" და კლუბის მესვეურებმაც მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს. "კატანიას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ამიერიდან როლანდო მარანა აღარ არის გუნდის მთავარი მწვრთნელი, მის ადგილზე კი ლუიჯი დე კანიო იმუშავებს. ეს უკანასკნელი ბოლოს "ჯენოას" ედგა სათავეში და იქიდან 2012 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. მოკლედ, დე კანიო ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა იტალიის ელიტარულ დივიზიონს.
ჯერჯერობით დაკავებულ პოსტზე რჩება "ბოლონიას" დამრიგებელი სტეფანო პიოლი, არადა, მისი გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა. "როსობლუმ" კიდევ ერთი მატჩი წააგო, ამჯერად "სასუოლოსთან" და თანაც, პიოლის დაბადების დღეს. "ბოლონიას" არ ჰყავს ცუდი შემადგენლობა, მარტო ალესანდრო დიამანტი რად ღირს, მაგრამ გუნდი საშინლად თამაშობს.
თრილერი ტურინში
ტურის უკანასკნელი მატჩი ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც "ტორინომ" "ინტერს" უმასპინძლა. ისევე, როგორც ფლორენციაში, აქაც მეტად დრამატული და ემოციური მატჩი გამოვიდა, შედეგი კი საყაიმო დაფიქსირდა, 3:3.
თამაში 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც "ინტერის" მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, თერთმეტმეტრიანი "აიკიდა" და წითელი ბარათი მიიღო. მართალია, ტურინელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს, მაგრამ შეხვედრის სტარტზევე რიცხობრივი უპირატესობის მიღება ბრწყინვალე საჩუქარი იყო.
თითქოს ტურინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ როგორც მატჩის მიმდინარეობამ გვიჩვენა, მასპინძლები უბრალოდ, არ აღმოჩნდნენ მზად, პირველ ნომრად ეთამაშათ... "ინტერი" ნელ-ნელა გონს მოვიდა და მთლიანობაში, უკეთ გაისარჯა, ვიდრე მეტოქე.
ნამატჩევს პრესამ ვალტერ მაცარი გააკრიტიკა, ბოლო წუთებში პალასიო უნდა შეეცვალა და უკანა ხაზი კიდევ უფრო გაეძლიერებინაო. აი, ასეა იტალიაში, 10-მა ფეხბურთელმა 11-ს არაფერი დაუთმო და კრიტიკა მაინც მაცარის დაატყდა თავს. "ინტერმა" დასანანი ქულები დაკარგა, მილანელები კი მსაჯს მისდგნენ და მიწასთან გაასწორეს. კლუბის მესვეურებმა მსაჯობას სამარცხვინო უწოდეს, მაცარიმ კი შედარებით რბილი კომენტარი გააკეთა:
"შესანიშნავი მატჩი იყო, რომელიც უკეთეს მსაჯობას იმსახურებდა. არბიტრმა აშკარად გაგვწირა, როდესაც საწყის წუთებში მეკარე გაგვიგდო, მაგრამ საბედნიეროდ, ამან არ გაგვტეხა.
მადლობა შეგირდებს თავდადებული თამაშისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიგვეღო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავართ".
ციფრები და ფაქტები
* "ფიორენტინამ" პირველი მატჩი მოუგო "იუვენტუსს" 1998 წლის შემდეგ.
* "იუვენტუსმა" პირველად გაუშვა 4 გოლი მას შემდეგ, რაც გუნდს ანტონიო კონტე წვრთნის.
* ხოაკინ სანჩესმა "ფიორენტინადან", ბრაიან პერეამ "ლაციოდან", ლუკა სილიგარდიმ "ლივორნოდან", ალექსანდრ ფარნერუდმა "ტორინოდან", ნიკოლა ბელომომ "ტორინოდან", გაიტანეს პირველი გოლები სერია A-ში.
* ჯუზეპე როსიმ პირველად შეასრულა ჰეთ თრიქი კარიერაში.
* "რომას" მიჯრით 5 შეხვედრაში არ გაუშვია გოლი. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 10 წლის წინ ჰქონდა.
* "ნაპოლის" სერია A-ს ბოლო 18 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდა, ეს სერია კი "რომასთან" შეწყდა.
* განვლილ 8 ტურში 11 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ასეთი შედეგი ბოლოს 1950/51 წლების სეზონში იყო.
* მიმდინარე სეზონში "უდინეზემ" ყველა გასვლითი მატჩი წააგო.
*"ტორინოს" "ინტერისთვის" 1994 წლის შემდეგ არ მოუგია, საყაიმო შედეგით კი მილანურ გრანდთან 9-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
* "ბოლონიამ" სერია A-ში გამართული ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
* მიმდინარე სეზონში "ვერონამ" ყველა საშინაო მატჩი მოიგო.
* "კიევომ" მიჯრით 4 მატჩი წააგო. ასეთი სერია გუნდს ბოლოს 2010 წელს ჰქონდა.
* "ლივორნოს" 5 ტურია არ მოუგია.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ფრიზონი (კატანია)
კაჩატორე (ვერონა, მარჯ.), სტენდარდო (ატალანტა, ცენტრ.), კასტანი (რომა, ცენტრ.), მანფრედინი (ჯენოა, მარცხ.)
ჟორჟინიო (ვერონა, მარჯ.), პიანიჩი (რომა. მარცხ.), პისარო (ფიორენტინა, ცენტრ.)
პალასიო (ინტერი, მარჯ.), როსი (ფიორენტინა, მარცხ.), ჯილარდინო (ჯენოა, ცენტრ.).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯუზეპე როსი: ეს "ფიორენტინა" ნებისმიერს მოუგებს [VIDEO]
კაკა: სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც "სან სიროზე" ვიგრძენი [VIDEO]
იტალია. სერია A. VIII ტური: დიდი შემობრუნება ფლორენციულად [VIDEO]