სერია A. I ნაწილის შეჯამება: რჩეულნი რჩეულთა შორის

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ეკვატორი ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ რადგან საშობაო პაუზა გამოცხადდა და პირველი წრის დასრულებამდეც მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, შეგვიძლია ჩემპიონატის პირველი ეტაპი შევაჯამოთ. ამჯერად I ნახევრის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
ჯანლუიჯი ბუფონმა სეზონი მძიმედ დაიწყო და რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და მატჩების უმრავლესობა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მეტიც, მიჯრით რვა მატჩის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა (!), რაც ჯამში 720 წუთზე მეტს შეადგენს. ეს ბრწყინვალე სერია მხოლოდ გასულ უქმეებზე, "ატალანტასთან" შეხვედრისას შეწყდა. ჯიჯი
კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა, მის გარეშე კი "იუვენტუსი", უბრალოდ, წარმოუდგენელია.

მარჯვენა ცენტრალური მცველი: მეჰდი ბენატია (რომა)
გასულ ზაფხულს მეჰდი ბენატია "რომამ" "უდინეზედან" გადაიბირა და სოლიდური თანხაც გადაიხადა, რაც დედაქალაქში ერთი წუთითაც არ უნანიათ. მეჰდიმ მყისვე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და ლეანდრო კასტანთან ერთად, დაცვის ცენტრში ბრწყინვალე ტანდემი შექმნა. "რომამ" 17 ტურში მხოლოდ 7 გოლი გაუშვა და უმეტესობა მაშინ, როდესაც ან ბენატია იყო დაშავებული, ან კასტანი. ყველა სიკეთესთან ერთად, მეჰდიმ გოლებიც გაიტანა.

ცენტრალური მცველი: ლეანდრო კასტანი (რომა)
ლეანდრო კასტანზე უკვე ვისაუბრეთ და მხოლოდ ის დავამატოთ, რომ ბენატიასგან განსხვავებით, ბრაზილიელი "ჯალოროსიში" 2012 წლიდან ასპარეზობს, თუმცა შესაძლებლობები რუდი გარსიას ხელში წარმოაჩინა და საიმედო მცველად ჩამოყალიბდა. სეზონის წინ დაცვის ცენტრში მეჰდი ბენატიას და ნიკოლას ბურდისოს მოიაზრებდნენ, მაგრამ არგენტინელი სწორედ ლეანდრომ შეავიწროვა. განვლილ 17 ტურში კასტანი, ფაქტობრივად, უშეცდომო იყო.

მარცხენა ცენტრალური მცველი: ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი)
თუ მეჰდი ბენატია და ლეანდრო კასტანი 4-მცველიან ტაქტიკას არიან მიჩვეულნი, ჯორჯო კიელინისთვის ჩვენ მიერ შერჩეული ამპლუა ზედგამოჭრილია. ჯორჯოს სწორედ 3-მცველიან სქემაში უწევს მარცხენა ფრთის გაკონტროლება და მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს. კიელინის ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, ის კვლავაც რჩება ყველაზე უხერხულ მეტოქედ ფორვარდთათვის.

მარჯვენა ნახევარმცველი: ალესიო ჩერჩი (ტორინო)
ცოდვა გამხელილი სჯობს: ალესიო ჩერჩი უფრო მარჯვენა გარემარბია, ვიდრე ნახევარმცველი, მაგრამ თავს უფლება მივეცით და ცოტა უკან დავხიეთ. ალესიო "ტორინოს" ლიდერად ჩამოყალიბდა და დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "გრანატამ" სეზონის პირველი ნახევარი მე-7 პოზიციაზე დაასრულა. "ტოროს" კარგი შანსი აქვს, ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოლოს, რაც უდავოდ დიდი წარმატება იქნება. ჩერჩის 9 გოლი აქვს გატანილი, ბომბარდირთა დავაში ერთ-ერთი მეწინავეა.

ცენტრალური ნახევარმცველი: არტურო ვიდალი (იუვენტუსი)
არტურო ვიდალი "იუვენტუსის" ლიდერად ჩამოყალიბდა, გუნდის, რომელიც მოქმედი ჩემპიონია და მიმდინარე პირველობასაც სათავეში უდგას. ჩილელი თანაბრად ნაყოფიერია როგორც დაცვით ფაზაში, ისე შეტევაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განვლილ 17 ტურში 7 გოლი აქვს გატანილი. ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება, რომ ვიდალი ტურინული გრანდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

ცენტრალური ნახევარმცველი: კევინ სტროტმანი (რომა)
კევინ სტროტმანმა სეზონის პირველი წრე სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა და ის, რომ "რომა" მოედნის ცენტრს, ფაქტობრივად, არავის უთმობდა, ამაში ლომის წილი დაიდო. ჰოლანდიელი ბრწყინვალედ მოერგო იტალიურ ფეხბურთს და "ჯალოროსის" საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. თავიდან ცოტა შებოჭილი ჩანდა, თუმცა შემდეგ გაშალა ფრთები და დაგვარწმუნა, რომ რომაელებს მასში მილიონები ტყუილად არ გადაუხდიათ.

მარცხენა ნახევარმცველი: ბორხა ვალერო (ფიორენტინა)
უკვე მეორე სეზონია, ბორხა ვალეროს ქება-დიდებაში ვართ და თუ ასე გააგრძელა ასპარეზობა, ხოტბა არც მომავალში მოაკლდება. ესპანელი ნახევარმცველი "ფიორენტინას" ლიდერად ჩამოყალიბდა და პოზიციის დათმობას არც სამომავლოდ აპირებს. ვინჩენცო მონტელას "ვიოლა" მაღალი ადგილებისთვის იბრძვის, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ამაში ბორხას დიდი წვლილი მიუძღვის.

მარჯვენა გარემარბი: კარლოს ტევესი (იუვენტუსი)
კარლოს ტევესის ტრანსფერმა აშკარად გაამართლა - 17 ტურში არგენტინელ ფორვარდს 11 გოლი აქვს გატანილი და აქედან მხოლოდ ერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით. ტურინულ გრანდს უდავოდ აკლდა გამტანი ფორვარდი და კარლიტოს სახით, მიიღო კიდეც. გარდა გოლებისა, ტევესი მოედანზე კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს და არც უკანახაზელთა დახმარებას ერიდება. ამად არის, რომ ანტონიო კონტეს მუდმივი როტაციები არგენტინელს არ ეხება.

მარცხენა გარემარბი: ჯუზეპე როსი (ფიორენტინა)
ჯუზეპე როსი "ფიორენტინას" მთავარი დამრტყმელი ძალაა და მის ანგარიშზე უკვე 14 გოლია. რა თქმა უნდა, როსი უფრო ცენტრფორვარდია, ვიდრე ფლანგის მოთამაშე, მაგრამ მისივე უნივერსალური თვისებებიდან გამომდინარე, ფრთაზე მივუჩინეთ ადგილი. ვგონებთ, პეპიტო არც ფლანგიდან დააკლებს გოლების გატანას. როსი უდავოდ საუკეთესო შემტევია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: ჯუზეპე სათავეში უდგას ბომბარდირთა სიას.

ცენტრფორვარდი: როდრიგო პალასიო (ინტერი)
ამ პოზიციაზე გონსალო იგუაინის დასახელებაც შეგვეძლო, მაგრამ არჩევანი როდრიგო პალასიოზე შევაჩერეთ. თუ გონსალომ 9 გოლი შეაგდო და აქედან 3 თერთმეტმეტრიანი დარტყმით, როდრიგოს ანგარიშზე 10 შედეგიანი დარტყმაა და აქედან არც ერთი პენალტით. პალასიო "ინტერის" არათუ მთავარი, ერთადერთი დამრტყმელი ძალაა და იმაში, რომ ვალტერ მაცარის გუნდი ლიდერებშია, უდიდესი წვლილი მიუძღვის. გასულ უქმეებზე როდრიგომ მილანურ დერბიში გაიბრწყინა და დაგვარწმუნა, რომ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის ღირსია.

მწვრთნელი: რუდი გარსია (რომა)
ამ გუნდს აუცილებლად რუდი გარსია უნდა ჩავუყენოთ სათავეში, რომელმაც იტალიურ საკლუბო ფეხბურთში გასულ ზაფხულს შეაბიჯა და უმოკლეს დროში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მისმა "რომამ" 10-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო, დღემდე დაუმარცხებელია, ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული და სკუდეტოსთვის იბრძვის; როგორც "ჯალოროსის" ტიფოზები ამბობენ: Veni Rudi Vici.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული