სტეფან ელ შაარავი 10 კვირას დაისვენებს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში სტეფან ელ შაარავი ტრავმებმა გატანჯეს. 21 წლის თავდამსხმელმა მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ეს სტატისტიკა კიდევ კარგა ხანს ვერ გაუმჯობესდება, რადგან 29 დეკემბერს "პატარა ფარაონს" ოპერაცია გაუკეთეს.

დიახ, ქრონიკული ტკივილებით გაწამებული ფეხბურთელი დანის ქვეშ დაწვა და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა - "მილანის" ექიმთა განცხადებით, სტეფანის სარეაბილიტაციო პერიოდი 10 კვირას გასტანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ელ შაარავი მოედანს მარტის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

კრიზისში მყოფი "მილანისთვის" ეს მეტად მძიმე დარტყმაა - არადა, მარტის შუა რიცხვებამდე გუნდს ბევრი
მნიშვნელოვანი მატჩი ელის, მათ შორის, მადრიდის "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე. თანაც, სანამ ელ შაარავისთვის ოპერაციის გაკეთების საკითხი გადაწყდებოდა, მილანელებმა ახალგაზრდა ფორვარდი მბაიე ნიანგი იჯარით "მონპელიეში" გაუშვეს. შედეგად, "როსონერის" შეტევის ხაზი შეუთხელდა და ამ საქმეს ვერც ჯამპაოლო პაცინის გამოჯანმრთელება შველის.

შესაბამისად, იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლომბარდიელები თავდამსხმელის დამატებას შეეცდებიან.

კანდიდატი
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანის" მესვეურები მარკო საუს გადაბირებას შეეცდებიან, რომელიც "კალიარიში" ასპარეზობს და გოლების გატანაც ეხერხება.

საუსთვის განსაკუთრებულად წარმატებული გასული სეზონი აღმოჩნდა, როდესაც მან იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც კი დაიმსახურა მიწვევა. მარკო კონფედერაციათა თასისთვის ჩეზარე პრანდელის გაფართოებულ სიაშიც მოხვდა. საუ გამტან ფორვარდად ითვლება და მის მიმართ ინტერესიც სრულიად ლოგიკურია. მით უმეტეს, "კალიარის" უჭირს და კლუბის პრეზიდენტი წამყვან ფეხბურთელთა გასხვისებას ორივე ხელით ემხრობა.

"მილანის" შესახებ კიდევ ერთი სატრანსფერო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, კლუბის მესვეურები საბოლოო იერიშზე გადადიან დანილო დამბროზიოს მიმართულებით - ადრიანო გალიანის "ტორინოს" განაპირა მცველის გადაბირება სურს და საამისოდ არაფერს იშურებს.

ბოლო ცნობის თანახმად, 25 წლის დამბროზიოს სანაცვლოდ, ლომბარდიელები ტურინელებს 7 მილიონ ევროს და რიკარდო საპონარას ნახევარწლიანი იჯარით სთავაზობენ - თანაც ისე, რომ ამ ნახევარი სეზონის განმავლობაში, ახალგაზრდა შემტევის ხელფასს მილანელები გადაიხდიან. საბოლოო სიტყვა "ტორინოზეა" და ვნახოთ, რით დასრულდება მოლაპარაკება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული