იტალიის თასი. 1/- ფინალი: "რომამ" "იუვე" დაიფრინა [VIDEO]

AutoSharing Option
"რომას" და "იუვენტუსის" დუელი საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამაში მძიმედ წარიმართა და მომენტებიც ორივე კართან თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა.

სასტარტო შემადგენლობებით ნათლად გამოჩნდა, რომ რომაელთათვის სათასო პაექრობა გაცილებით მნიშვნელოვანი გახლდათ.

რუდი გარსიამ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და ეს მაშინ, როდესაც ანტონიო კონტემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი თადარიგში დატოვა. მაგალითად, კარში მარკო სტორარი იდგა და არა ჯანლუიჯი ბუფონი; ნახევარდაცვაში ფედერიკო პელუზო და მაურისიო ისლა გამოჩნდნენ; კვადვო ასამოამ, შტეფან ლიხტშტაინერმა და პოლ პოგბამ კი დაისვენეს. მოკლედ, გარსიამ უფრო მოინდომა და ეს მონდომება დაუფასდა კიდეც.

ზემოთ
აღვნიშნეთ, რომ მომენტები ორივე კართან თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა, მაგრამ რომაელებს მაინც ჰქონდათ უპირატესობა. მასპინძლები მეტს რისკავდნენ და მეტჯერაც დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით. შესაბამისად, მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე გატანილი ერთადერთი გოლი კანონზომიერი გახლდათ. საგოლე შეტევა მირალემ პიანიჩმა დაიწყო, მარცხენა ფლანგზე კევინ სტროტმანი მოძებნა, რომელმაც ჟერვინიოს დაუტოვა ბურთი და ამ უკანასკნელმა უზუსტესად დაარტყა, 1:0.

აღსანიშნავია, რომ გოლში ლომის წილი პიანიჩმა დაიდო, რომელიც სულ რამდენიმე წუთის ჩართული იყო თამაშში.

თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მატჩის ბედი ან ერთ გოლს უნდა გადაეწყვიტა, ან საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მისულიყო და ეს ერთი გოლი სწორედ ჟერვინიომ გაიტანა. ამრიგად, იტალიის თასის პირველი ნახევარფინალისტი რუდი გარსიას გუნდი გახდა, რომელსაც მომდევნო ეტაპზე "ნაპოლი"-"ლაციოს" შორის გამარჯვებულთან მოუწევს შერკინება. თუ "ბიანკოჩელესტემ" იძალა, ნახევარფინალში შარშანდელ ფინალს ვიხილავთ: "რომა" "ლაციოს" წინააღმდეგ, ეს კი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.

რუდი გარსია (რომა): "ჩვენთვის აღნიშნულ პაექრობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ორ ფრონტზე ვაგრძელებთ ბრძოლას და გვსურს, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ. ურთულესი თამაში იყო, რომელშიც უფრო მონდომებულმა მოიგო. ვისთან მსურს ნახევარფინალში ასპარეზობა? - ვიცი, რომ ბევრი ვენდეტაზე ოცნებობს, მაგრამ მე ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. "ნაპოლი"-"ლაციოს" პაექრობაში დაე, ძლიერმა გაიმარჯვოს".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მივეცი თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც სერია A-ში თამაში იშვიათად უწევთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თასის გათამაშება ჩვენთვის უმნიშვნელო იყო. უბრალოდ, გუნდში 20-ზე მეტი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი მყავს და თავის გამოჩენის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. "რომამ" მეტი მომენტი შექმნა და გამარჯვება დაიმსახურა, ჩვენ კი მთელი ყურადღება სერია A-ზე უნდა გადავიტანოთ. "რომა" ძლიერი კონკურენტია და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა".

რომა-იუვენტუსი 1:0
გოლი: 1:0 ჟერვინიო (79).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, ტოროსიდისი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი (75. პიანიჩი), ჟერვინიო, ტოტი (83. ლიაიჩი).
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი (46. ოგბონა) - ისლა, ვიდალი, მარკიზიო, პირლო, პელუზო (80. ტევესი) - ჯოვინკო (77. ლორენტე), კვალიარელა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვეს, რომ გოლი არ ჩაუთვალეს მაგაზე არაფერი არ უნდა დაწეროთ?
nika
10:35 23-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული