"იუვენტუსის“ ლეგენდამ ტურინული გუნდიდან წასვლის შემდეგ, ჯერ ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშა, ახლა კი ინდოეთში უწევს ფეხბურთის პოპულარიზაციას და "დელი დინამოში“ ირიცხება.
ვფიქრობთ, 40 წლის დელ პიეროს აზრი განვლილ საფეხბურთო წელზე ინტერესმოკლებული არ იქნება
- ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას რომ "ოქროს ბურთი" ყველაზე დიდი აღიარებაა ფეხბურთელისთვის?
- ეს ინდივიდუალური ჯილდოა, რომელიც ნამდვილად ყველაზე დიდი აღიარებაა ფეხბურთელისთვის. დღესდღეობით საუკეთესოს ნაკრებებების მწვრთნელები და კაპიტნებიც ასახელებენ და ამაზე დიდი აღიარება მართლაც ძნელი
- როგორ დაახასიათებთ იმ სამეულს რომელიც 2014 წლის "ოქროს ბურთისთვის" წარადგინეს?
- უდავოდ ძალიან ძლიერი და დამსახურებული სამეული ვიხილეთ. კრიშტიანო რონალდოზე მისი სტატისტიკაც კარგად მეტყველებს, ამ ფეხბურთელს ყველაფერი აქვს, რაც თანამედროვე ფეხბურთელს სჭირდება და არამარტო თანამედროვეს, იგი მომავლის ფეხბურთელიცაა. ასე რომ, მისი გამარჯვება ლოგიკურია.
მესი კლასიკური ათიანია და ის იმდენად ცდება საზღვრებს, რომ მახსოვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიელ ქომაგებს, პატარა ბავშვებს მესის, არგენტინელის (!) ფორმები ეცვათ.
რაც შეეხება მანუელ ნოიერს, იგი არა უბრალოდ შეუდარებელი მეკარეა და ამავდროულად არამარტო, ფეხით და გამოსვლებზე თამაშობს კარგად, ამავდროულად, გუნდზე დიდი გავლენა აქვს და მას ლომის წვლილი მიუძღვის გერმანიის გაჩემპიონებაში.
- კანდიდატებს შორის იტალიელი ფეხბურთელი კვლავ ვერ მოხვდა, რა არის ამის მიზეზი?
- ჩვენ ნამდვილად გვყავს არაერთი კარგი ფეხბურთელი, თუნდაც ჩემი ყოფილი გუნდელები, ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო რად ღირს, მაგრამ თუ ნაკრები და კლუბი ხელს ვერ შეგიწყობს, წარმოუდგენელია, ასეთი ჯილდოს მოგების რეალური შანსი გქონდეს.
- ბოლო წლებში "ოქროს ბურთი" სულ მესისა და რინალდოს შორის თამაშდება. როგორ ფიქრობთ, მათ გარშემო მითქმა-მოთქმა და კონკურენცია მათ ეხმარება და დამატებით მოტივაციას აძლევს?
- დიახ, ვფიქრობ, ეს დამხმარე ფაქტორი და დამატებითი მოტივაციაა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს რომ არ იყოს ისინი მაინც ბოლომდე დაიხარჯებოდნენ და ყველანაირად ეცდებოდნენ წარმატების მიღწევას, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია. მოგებით სიამოვნებას იღებ და გსურს, რომ ეს, რაც შეიძლება ხშირად და დიდხანს ხდებოდეს.
- თქვენ ნათელი მაგალითი ხართ იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაში შეიძლება, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რა რთულია ასეთი წარმატებების ზედიზედ მიღწევა. ამის ფონზე, რონალდოსა და მესის ასეთი დომინაცია არ გაკვირვებთ?
- სიმართლე ითქვას, იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც მათ აქვთ, არ მაკვირვებს. ისინი თავიანთ "ლიგაში" თამაშობენ და საკუთარი მიზნები აქვთ. მათზე კიდევ მრავალი წელი ვილაპარაკებთ, ისევე როგორც ახლა გასული წლების ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ.
- ვახსენოთ მანუელ ნოიერიც, იგი მსოფლიოს ჩემპიონია და ბრწყინვალე წელი ჰქონდა. როგორც 2006 წლის მუნდიალის ტრიუმფატორს, მშვენივრად მოგეხსენებათ რას ნიშნავს ეს ტრიუმფი...
- მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შენ ცხოვრებას ცვლის, ეს უბრალო ჭეშმარიტებაა. ამას ვერაფერს შეადარებ, ამაზე წინ არაფერია და ეს მიღწევა ჩემი კარიერის პიკი, საუკეთესო მომენტი და ახდენილი ოცნებაა. საბედნიეროდ, იქ აღმოვჩნდი, სადაც საჭირო იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და ერთ-ერთი გადამწყვეტი პენალტითაც დავეხმარე ნაკრებს. "სკუადრა აძურას" ფორმითა და მსოფლიოს თასით ტკბობა დაუვიწყარია.
- ამ სამს შორის თქვენ საუკეთესოდ ვის დაასახელებდით?
- ასეთ დროს ერთის გამორჩევა ყოველთვის ძალიან რთულია და მეც გამიჭირდება. ვიტყვი, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა უდიდესი მიღწევაა და ნოიერმა გერმანელთა ტრიუმფში ფუნდამენტური როლი ითამაშა.
რაღაცით ეს მაგონებს 2006 წელს, როდესაც ჩვენ ვიმარჯვეთ და ჯანლუიჯი ბუფონის წვლილი უმნიშვნელოვანესი გახლდათ ამ წარმატებაში. იგი ძალიან ახლოს იყო "ოქროს ბურთთან", მაგრამ საბოლოოდ, ის ასევე იტალიელსა და ჩემს მეგობარს ფაბიო კანავაროს დარჩა, რომელმაც არანაკლებ ბრწყინვალედ ითამაშა.
- წლის მწვრთნელობის კანდიდატები იოახიმ ლიოვი, კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე იყვნენ და ლიოვმა იმარჯვა...
- სამივე შესანიშნავი სპეციალისტია და აქაც გადამწყვეტი როლი დიდი ტურნირის მოგებას ენიჭება - მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა... და ცხადია, ადგილობრივი წარმატებებიც გამოსარჩევია, საშინაო არენაზე მოპოვებული.
ზოგჯერ კი მწვრთნელის წვლილი იმხელაა, რომ იგი გუნდის შედეგებზე მაღლაც კი დგება. პირადად ჩემი სიმპათია პირველ რიგში ანჩელოტისკენაა მიმართული, რადგან მას კარგად ვიცნობ და ვიცი, თუ როგორი ბრწყინვალე მწვრთნელი და ადამიანია. ტიტულებიც უამრავი მოიპოვა იტალიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. მან მადრიდის"რეალს" ნანატრი "ლა დესიმაც" მოაპოვებინა.
- ახლა სხვა თემაზეც ვისაუბროთ, თქვენ ბოლო პერიოდი ინდოეთში გაატარეთ. რას გვეტყვით ამაზე?
- ინდოეთს დიდი პოტენციალი აქვს, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, რომელსაც უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს და აქვს ზრდის სერიოზული სურვილი. იგივე ინდოეთის სუპერლიგის ექსპერიმენტი აშკარა წინგადადგმული ნაბიჯია და კარგი დასაწყისია.
რასაკვირველია, სამუშაო კიდევ ბევრია, მაგრამ ინდოელებს შეუძლიათ წარმატებების მიღწევა და ადგილობრივ ფეხბურთელებს თავისუფლად შეუძლიათ იმ დონეზე ასვლა, რომ საკუთარი ნაკრები მუნდიალზე წარმოადგინონ.
- დაბოლოს, რამე კონკრეტული გეგმები თუ გაქვთ ახლო მომავალში?
- კონკრეტული ჯერ არაფერი, მაგრამ მოგზაურობას ვაპირებ, ხოლო ფეხბურთი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"