დიდი გუნდის სევდიანი ისტორია

AutoSharing Option
სანამ იქნება ფეხბურთი, იქნება ნოსტალგია იმ დიდი გუნდებისა, სხვადასხვა დროს მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ. ერთ-ერთი ასეთი უნგრეთის "დიდი გუნდია", ორმოცდაათიან წლებში ტოლი რომ არ ჰყავდა მთელ მსოფლიოში.

იმ გუნდმა არსებობის ისტორიაში არაერთი დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა, მათ შორის - "ქვეყნის მატჩად" წოდებული შეხვედრა ინგლისის ნაკრებთან (1953 წელს), ასევე 1954 წლის მუნდიალის გამორჩეული შეხვედრები ბრაზილიასა და ურუგვაისთან.

სამწუხაროდ, უნგრეთის 1956 წლის რევოლუციამ დაასამარა ეს უნიკალური გუნდი, მაგრამ მანამდე მან ძალიან ბევრის გაკეთება მოასწრო. ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ...

უნიკალურები
ფეხბურთში სტატისტიკა ყველაფერს როდი ნიშნავს, მაგრამ გუნდის
სიძლიერის ხაზგასასმელად კი გამოდგება. უნგრეთის "დიდი გუნდი" ამ მხრივ მართლაც უნიკალური იყო. საკმარისია, აღინიშნოს, რომ 1950-56 წლებში უნგრეთის ნაკრებმა 42 მატჩი მოიგო, 7 თამაში ფრედ დაასრულა და ერთადერთ შეხვედრაში დამარცხდა, ისიც... მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ფინალში (2:3) დასავლეთ გერმანიასთან, რომელსაც იმავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 8:3(!) მოუგო.

ლიდერები და მწვრთნელი
იმ გუნდში ყველა უმაღლესი კლასის ოსტატი იყო, თუმცა, საყოველთაო აღიარებით, "დიდი გუნდი" 6 საკვანძო მოთამაშის გარშემო აშენდა - ფერენც პუშკაში, შანდორ კოჩიში, ნანდორ ჰიდეგკუტი, ზოლტან ციბორი, იოჟეფ ბოჟიკი და დიულა გროშიჩი.

გუნდის დამრიგებელი გახლდათ გუსტავ შებეში. ის ომამდე პარიზში, "რენოს" ქარხნებში მუშაობდა, მერე კი ბუდაპეშტში სავაჭრო ორგანიზაცია დააარსა. ის უმკაცრეს ყურადღებას აქცევდა ფეხბურთელების ცხოვრების რეჟიმს და შექმნა თვისებრივად ახალი ტაქტიკური სქემა, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი გახლდათ.

მესამე და უმთავრესი - შებეშმა პირველმა დანერგა საფეხბურთო უნივერსალიზმი. მისი გუნდის ფეხბურთელებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ პოზიციების შეცვლა მინდორზე. ამით ის მოგვევლინა "ტოტალური ფეხბურთის" ფუძემდებლად.

ქვეყნის მატჩი
1953 წელს უნგრეთის "დიდმა გუნდმა" არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო. უნგრელებმა ევროპის ჩემპიონატის წინამორბედ ტურნირში (ცენტრალური ევროპის საერთაშორისო თასი) იმარჯვეს - ფინალში შანსი არ დაუტოვეს იტალიის ნაკრებს - 3:0. მადიართა შორის დუბლი მიითვალა პუშკაშმა, ერთი ბურთი კი ჰიდეგკუტიმ შეაგდო.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას შემორჩა 1953 წლის 25 ნოემბერს "უემბლიზე" გამართული ამხანაგური შეხვედრა ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის. ბრიტანეთის უპირველესი გუნდი მანამდე შინ არასოდეს დამარცხებულიყო არაბრიტანულ გუნდთან. ერთადერთი საშინაო მარცხი ფეხბურთის ფუძემდებლებმა 1949 წელს, ირლანდიის ნაკრებისგან იწვნიეს.

იმ დროს უნგრეთის ნაკრები რეიტინგში პირველი იყო, ინგლისისა კი - მესამე. ამის მიუხედავად, ინგლისელები რაღაც მაგიური ძალით იყვნენ დარწმუნებულნი თავიანთ უპირატესობაში.

ინგლისურმა პრესამ ამ თამაშს "ქვეყნის მატჩი" უწოდა. 27-ე წუთისთვის უნგრეთი უკვე 4:1-ს იგებდა, საბოლოოდ კი 6:3 გაიმარჯვა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ჰიდეგკუტიმ, 2 გოლი პუშკაშისა იყო, ერთიც - ბოჟიკის. ინგლისელებმა, აქამდე თავს დაუმარცხებლად რომ მიიჩნევდნენ, უმწარესი გაკვეთილი მიიღეს. ფეხბურთი უკვე წინ იყო წასული ტაქტიკურადაც და ტექნიკის მხრივაც. ისინი მიხვდნენ, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა აღარ არგებდათ.

1954 წლის 23 მაისს საპასუხო შეხვედრა დაინიშნა ბუდაპეშტში. სამი კვირა რჩებოდა მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის სტარტამდე. უნგრეთმა 7:1 მოიგო. ინგლისი ასე მძიმედ საერთაშორისო არენაზე არასოდეს დამარცხებულა...

დასაწყისი
მსოფლიოს ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრები უპირველესი ფავორიტის რანგში ჩავიდა. 1950 წლის შემდეგ ეს დიდებული გუნდი არასდროს დამარცხებულიყო. მათ ზურგს ინგლისელთა ორი განადგურებაც უმაგრებდათ.

16 ფინალისტი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. უნგრეთი თურქეთთან, დასავლეთ გერმანიასა და სამხრეთ კორეასთან მოხვდა. "დიდმა გუნდმა" სასტარტო მატჩში 9:0 მოსრა სამხრეთი კორეა. ჰეთ-თრიკი შეასრულა კოჩიშმა. ამის შემდეგ იყო ზემოთ ნახსენები ბრწყინვალე გამარჯვება დასავლეთ გერმანიასთან (8:3). აქ კოჩიშის ყულაბაში უკვე 4 გოლი "ჩაჩხრიალდა".

ამ მატჩში მუხლი იტკინა უნგრელთა გულმა - პუშკაშმა, რამაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს საშუალება არ მისცა, ეთამაშა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში.

ბერნის ომი
მეოთხედფინალში გახსნილი, შემტევი ფეხბურთის აპოლოგეტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბრაზილიას შოკისმომგვრელი დასკვნითი მატჩი ჰქონდა წაგებული ურუგვაისთან წინა მუნდიალზე, ლეგენდარულ "მარაკანაზე" და ახლა რევანშის წყურვილით იწვოდა. მსოფლიო ფეხბურთის მატიანეში ეს მატჩი "ბერნის ომის" სახელწოდებითაა შესული.

სამწუხაროდ, თამაში ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ელოდნენ. ხშირი იყო უხეშობა და ტაქტიკური ფოლები. საწყის შვიდ წუთში უნგრეთმა 2 უპასუხო ბურთი შეაგდო და მატჩიც მოიგო - 4:2. მინდორზე დაწყებული ძიძგილაობა გასახდელშიც გაგრძელდა.

მატჩის ინგლისელმა არბიტრმა არტურ ელისმა მოგვიანებით გაიხსენა: "ეს არ იყო სანახაობრივი თამაში, მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი მატჩი, რაც ოდესმე მინახავს. ის მოგაგონებდათ სხვადასხვა რელიგიის ან პოლიტიკური მოძღვრების ფანატიკოსთა ჯახს. მოთამაშეები ცხოველებივით იქცეოდნენ. დღევანდელ პირობებში იმდენი ფეხბურთელი იქნებოდა მინდვრიდან გაძევებული, რომ თამაში ვერც კი ჩამთავრდებოდა".

ნახევარფინალი
ურუგვაი შვეიცარიაში ტიტულის დასაცავად იყო ჩასული. ამდენად, ეს გუნდი განსაკუთრებულად მოემზადა უპირველეს ფავორიტთან საბრძოლველად. თამაში მართლაც შესანიშნავი გამოვიდა.

პუშკაშის გარეშე მოთამაშე უნგრეთი ციბორმა დააწინაურა. ურუგვაიმ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში ვერ გაათანაბრა. ჰიდეგკუტიმ მეორე შეაგდო, თუმცა მოქმედი ჩემპიონი არ დანებდა. ხუან ჰოჰბერგმა 2 ბურთი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ურუგვაელები ამას იმსახურებდნენ. ისინი გამუდმებით უტევდნენ უნგრელთა კარს.

დამატებითი დროისთვის უნგრეთს მეტი ენერგია შემორჩა. კოჩიშის დუბლს ურუგვაელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. უნგრეთი ფინალში გავიდა. თამაში ღია, შემტევი და კორექტული გამოვიდა.

საბედისწერო ფინალი
ფინალში უნგრეთის "დიდ გუნდს" დასავლეთ გერმანიის ნაკრები ელოდა. უპირობო ფავორიტი უნგრეთი იყო. მათთვის ეს მეორე ფინალი იყო. პირველად მათ პარიზში 2:4 წაეგოთ იტალიასთან, 1938 წელს.

უნგრეთს მიჯრით 31 მატჩი არ დაეთმო. ერთი ეგაა, არავინ იცოდა, ითამაშებდა თუ არა პუშკაში - მას მუხლი კვლავ აწუხებდა. შებეშმა მიიღო გადაწყვეტილება, სატიტულო მატჩში მაინც დაეყენებინა ლიდერი.

სწორედ პუშკაშმა გახსნა ანგარიში მე-6 წუთზე. გადის ორი წუთი და ციბორი კიდევ უფრო ზრდის ფავორიტთა უპირატესობას, მაგრამ... მე-18 წუთისთვის უკვე ფრეა. გერმანელთაგან მაქს მორლოკსა და ჰელმუტ შიონს გააქვთ.

მეორე ტაიმში უნგრეთმა გასატანად გაიწია, თუმცა გერმანელთა დაცვას და დიდებულად მოთამაშე მეკარე ტონი ტურეკს ვერაფერი მოუხერხა. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჰელმუტ რანმა გერმანელთა მესამე გოლი შეაგდო. თამაშის დასრულებას 2 წუთი აკლდა, როცა პუშკაშმა თითქოს გაათანაბრა, მაგრამ... თამაშგარე!

ამ მარცხით დასრულდა "დიდი გუნდის" სარეკორდოდ დაუმარცხებელი სვლა, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიო ფეხბურთში. უნგრელი ქომაგები გაწყრნენ. მათ ერთ-ერთ გაშვებულ გოლში მეკარე გროშიჩი დაადანაშაულეს, პუშკაშს "ოფსაიდში" მოხვედრა არ აპატიეს...

გასეირნება შოტლანდიაში
1954 წლის 8 დეკემბერს უნგრეთის ნაკრებმა შოტლანდიას ჩააკითხა. "ჰემპდენ პარკზე" გამართულ სერობას 113 ათასი ქომაგი დაესწრო. პირველ 26 წუთში უნგრეთმა ორჯერ გაიტანა. ჯერ კოჩიშმა შეაგდო, მერე ჰიდეგკუტიმ და პირველი ტაიმი უნგრეთმა 3:1 მოიგო.
მეორე ტაიმში მადიარებმა მოუმატეს და 4:2 მოიგეს. პუშკაშმა კი დითირამბები არ დაიშურა შოტლანდიელთა გარემარბის ჯონ მაკენზის მიმართ. მისი თქმით, არასოდეს უნახავს ასე მოთამაშე ფრთის ფეხბურთელი.

გამარჯვება საბჭოეთთან
1956 წლის 23 სექტემბერს, ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრნენ საბჭოთა კავშირის ნაკრები და უნგრეთის "დიდი გუნდი". მატჩს 102 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

საბჭოეთს შინ მანამდე არასოდეს წაეგო. კომუნისტი ლიდერები გუნდისგან კომფორტულ მოგებას ითხოვდნენ. უნგრელებმა ციბორის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ შედეგმა მნიშვნელოვნად გააფუჭა ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის.

დასასრული
უნგრეთი საერთაშორისო ფეხბურთში დომინაციას აგრძელებდა. 1954 წლის ივლისიდან 1956 წლის თებერვლამდე მადიართა ნაკრებმა ჩაატარა 19 მატჩი, მოიგო 16 და არც ერთში არ დამარცხებულა.

ამის მიუხედავად, ნაკრების დამრიგებელი შებეში 1956 წლის ივნისში მოხსნეს. მისი ადგილი მარტონ ბუკოვიმ დაიკავა. შებეშმა მაინც იმუშავა უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისა და უეფას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე. გარდა ამისა, წვრთნიდა სხვადასხვა უნგრულ კლუბებს.

უნგრეთის ნაკრების ძირითადი ბირთვი ბუდაპეშტის "ჰონვედში" თამაშობდა. 1956-57 წლებში ამ გუნდმა ევროპის თასზე ითამაშა და ბილბაოს "ატლეტიკს" შეხვდა. გასვლითი შეხვედრა "ჰონვედმა" 2:3 წააგო. საშინაო მატჩამდე უნგრეთის რევოლუცია მოხდა. ფეხბურთელებმა შინ დაბრუნება იუარეს და "ატლეტიკს" ბელგიაში, "ეიზელის" სტადიონზე დაუხვდნენ. ორი მატჩის ჯამში უნგრელებმა 5:6 წააგეს.

უნგრელმა ფეხბურთელებმა მშობლიურ ბედაპეშტში დაბრუნება კვლავ იუარეს და უნგრეთის საფეხბურთო ოფიციოზის ნების საწინააღმდეგოდ, ტურნე მოაწყვეს იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაში. ევროპაში დაბრუნების შემდეგ მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ.

კოჩიში და ციბორი "ბარსელონაში" ჩაირიცხნენ. პუშკაში - "რეალში". ჰიდეგკუტი მოგვიანებით უნგრეთში დაბრუნდა, ჯერ თამაშობდა, მერე კი მწვრთნელობდა....
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი წერილი!
niko
12:08 16-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული