ამის მიუხედავად, იტალიის ჩემპიონატი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგად. ძალიან ძნელად, მაგრამ მაინც ცდილობენ ფეხზე დადგომას იქაური გრანდები - "მილანი" და "რომა". "იუვენტუსი" კი ისედაც ფეხზე დგას და აკი ჩემპიონთა ლიგაზეც დიდებულად ითამაშა - ფინალში მხოლოდ "ბარსელონასთან" დამარცხდა.
ვინ არიან იტალიური ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მწვრთნელები და ფეხბურთელები
მწვრთნელები
რობერტო მანჩინი"ინტერის" დამრიგებელი ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. იტალიური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი წლიურ ჯამაგირად ერთობ სოლიდურ თანხას, 4 მილონ ევროს იღებს. ასეთი ხელფასით ვერც ერთი სხვა დამრიგებელი ვერ დაიტრაბახებს.
მანჩინის თავის დროზე მხსნელივით შეხვდნენ "ინტერში". ხალხს ახსოვდა მის მიერ მოგებული ტიტულების გემო. "ინტერი" ახლა უკეთესია, ვიდრე რობერტოს მისვლამდე იყო, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მას არაერთი ფეხბურთელი უყიდეს.
ამის მიუხედავად, ძალიან საეჭვოა, მიმდინარე სეზონში "ინტერმა" ქვეყნის ჩემპიონობისათვის იბრძოლოს. ეს იმის მიუხედავად, რომ "ნერაძურის" უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს.
ეს ფაქტორი სათვალავშია ჩასაგდები, თუმცა ვერც იმას გავექცევით, რომ იმავე "რომას" თამაში უფრო დალაგებულია. თავი რომ დავანებოთ სტარტის ჩამგდებ "იუვენტუსს", რომელიც სტაბილურობას უსათუოდ იპოვის.
მასიმილიანო ალეგრი
მეორე ადგილზეა ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი. ის წელიწადში 3,5 მილიონ ევროს იღებს. იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი პირველი არ არის. ეს უკვე უცნაურია.
თავის დროზე ალეგრი "იუვენტუსში" ჭკვიანურად მივიდა. მან ახალი დეტალები, ფაქტობრივად, არ დაამატა ანტონიო კონტეს მიერ გამოგონილ ველოსიპედს და ამით მხოლოდ მოიგო. "იუვე" დაღვინდა და იტალიის ჩემპიონატის გარდა, წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწია.
სხვა საქმეა, რომ სეზონი, წესით, "ბებერი ქალბატონისათვის" რთული უნდა გამოვიდეს. ალეგრის გუნდი დაეშალა. "იუვენტუსში" აღარ არიან მისი გული ანდრეა პირლო და მოტორი არტურო ვიდალი. წავიდა კარლოს ტევესი. ბევრი იქნება დამოკიდებული პოლ პოგბაზე.
რუდი გარსია
"რომას" დამრიგებელი სეზონში 2,8 მილიონ ევროს იღებს. მიმდინარე სეზონში მას მოტივაცია არ აკლია - "იუვენტუსის" დასუსტებამ "რომა" ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად აქცია. ფრანგმა დამრიგებელმა "იუვეს" უკვე მოუგო.
მთავარია, გარსიას ოდინდელმა სენმა არ იჩინოს თავი და "რომას" შესანიშნავ სტარტს დიდი ჩავარდნა არ მოჰყვეს. სხვა შემთხვევაში შესანიშნავად დაკომპლექტებულ რომაელებს კარგი სეზონი უნდა გამოუვიდეთ.
ასევე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების სიაში არიან "მილანის" დამრიგებელი სინიშა მიხაილოვიჩი (2 მილიონი ევრო) და "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი - 800 ათასი ევრო.
ფეხბურთელები
დანიელე დე როსიიტალიური ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დანიელე დე როსია. იტალიის ნაკრებისა და "რომას" ლიდერის წლიური ანაზღაურება 6,5 მილიონი ევროა. დე როსი "რომას" სიმბოლოა. მას შემდეგ, რაც ფრანჩესკო ტოტი კარიერას დაასრულებს, ის "რომას" ფანებისათვის მეორე ფრანჩესკო უნდა გახდეს.
დე როსის გადაბირებას სხვადასხვა დროს ცდილობდნენ მსოფლიო ფეხბურთის გრანდები, თუმცა დანიელე "რომას" ერთგულია. როგორც ჩანს, ამ ერთგულებას კლუბის ხელმძღვანელობა სათანადოდ აფასებს.
გონსალო იგუაინი
"ნაპოლის" არგენტინელი ვარსკვლავი წელიწადში 5,5 ევროს იღებს. გონსალო იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავია. თავის დროზე მას ბლომად გაჰქონდა "რეალში" და ნეაპოლში იმიტომ წავიდა, რომ ხალხს დიდი დიეგო მარადონა გაახსენოს.
იგუაინს "ნაპოლიში" გააქვს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ბევრსაც აცილებს. მიმდინარე სეზონი არგენტინელისა და "ნაპოლისათვისაც" გადამწყვეტი უნდა იყოს - გუნდი გუნდად უნდა შედგეს და გონსალოც უფრო ცივსისხლიანი იყოს.
პოლ პოგბა
"იუვენტუსის" ახალი ლიდერი პოლ პოგბა წელიწადში 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. პოლი "იუვეს" გამოკვეთილი ლიდერი უნდა იყოს, რადგან გუნდში აღარ არიან ანდრეა პირლო, კარლოს ტევესი და არტურო ვიდალი.
ვნახოთ, გაუძლებს თუ არა ახალგაზრდა ფრანგი ამხელა ტვირთს. ყოველ შემთხვევაში, "იუვენტუსი" მის თამაშზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.
ხელფასების მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ტურინის "იუვენტუსს" ჰყავს. "ბებერი ქალბატონი" ხელფასებში 124 მილიონ ევროს გასცემს. მეორე ადგილზეა "რომა" (113 მილიონი), სამეულს კი "მილანი" ხურავს (101 მილიონი ევრო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"