* მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბოლო 10 მატჩში მხოლოდ გოლი აქვს გაშვებული (ანტონიო კასანოსგან) და 8 შეხვედრაა ჯანლუიჯი ბუფონი კარს მშრალად ინახავს.
* "იუვე" ზედიზედ 15 ტურია, იგებს და "ინტერის" რეკორდის გამეორებამდე ორი თამაში აკლია. "ნერაძურიმ" 2006/07 წლების სეზონში მიჯრით 17-ჯერ იძალა.
* "ბიანკონერის" სერია A-ში უკანასკნელი 59 საშინაო მატჩიდან 51 მოგებული აქვს და მხოლოდ ერთი წაგებული ("უდინეზესთან"
* "იუვენტუსს" მეორე ტაიმებში გატანილი გოლებით 13 ქულა აქვს მოპოვებული, რაც იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.
* "ნაპოლის" მოქმედ ჩემპიონთან საგარეო მატჩი 2001 წლის მერე არ მოუგია. მაშინ "ვეზუვიანიმ" "ლაციო" დაამარცხა.
* 6 იანვარს "ინტერი" ჩემპიონატის ლიდერი გახლდათ, მაგრამ იმის მერე 7 ტური გავიდა და "ნერაძური" ახალ ლიდერ "იუვეს" 12 ქულით ჩამორჩება.
* მილანურ დერბიმდე რობერტო მანჩინის "ინტერს" თავური დარტყმით გოლი არ გაეშვა, ახლა კი ბოლო 8 გაშვებული გოლიდან "ნერაძურიმ" 5 თავური დარტყმის მერე მიიღო.
* "ფიორენტინამ" "ინტერი" ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა. ასეთი კარგი სერია "იებს" მილანელებთან 1940/42 წლების სეზონის მერე არ ჰქონიათ.
* "ნერაძურის" ვალენტინობაზე გამართული მატჩი 1971 წლის მერე არ მოუგია... მაშინდელ 14 თებერვალს "ინტერმა" "ბოლონიას" სძლია, მას მერე კი მილანელებმა ორი თამაში ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
* ედინ ჯეკომ 709-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა, ლუჩანო სპალეტიმ კი "რომას" ზედიზედ მეოთხედ მოაგებინა.
* ფრანგ მცველს, ლუკა დინს "გლადიატორების" მაისურით მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე "კარპისთან".
* ყველა ტურნირის ჩათვლით, "მილანს" 9 მატჩია არ წაუგია. უშუალოდ სერია A-ში 7 თამაშია და ასეთი კარგი სერია გუნდს 2013 წლის აპრილის მერე არ ჰქონია. 25 ტურის მერე "როსონერის" 43 ქულა აქვს, ანუ 9-ით მეტი, ვიდრე წინა სეზონში ამ დროისთვის ჰქონდა.
* კარლოს ბაკამ თავისი მე-12 გოლი გაიტანა, მაგრამ აქედან 10 შემთხვევაში მან მეტოქის კარი თავისი პირველივე ზუსტი დარტყმით აიღო.
* "ბიანკოჩელესტის" მეკარემ, ფედერიკო მარკეტიმ სერია A-ში თავისი მე-200 მატჩი ჩაატარა.
* "ტორინომ" ცუდი სერია "პალერმოსთან" საგარეო მოგებით შეწყვიტა, არადა, სიცილიაზე 1962 წლის სექტემბრის მერე არ მოეგო უმაღლეს ლიგაში.
* "პალერმოს" 25 ტურის მერე 42 გოლი აქვს გაშვებული. ასეთი ცუდი შედეგი "როზანეროს" სერია A-ში ამ ეტაპისთვის 1963 წლის მერე არ ჰქონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"