"ნაპოლის" მაქსიმუმი "იუვენტუსის" მდევრის როლია? [VIDEO]

AutoSharing Option
27-ე ტური ისე დასრულდა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფავორიტობა სკუდეტოსთვის ბრძოლაში კიდევ უფრო გამოიკვეთა - ქულები დაკარგა კონკურენტმა "ნაპოლიმ".

როცა პრიორიტეტი ევროპალიგაა
ეს ის შემთხვევაა, როდესაც იტალიური გუნდისთვის პრიორიტეტი ევროპალიგა ხდება და არა სერია A.

საკუთარ კედლებში "სასუოლოსთან" მარცხი "ლაციოსთვის" (0:2) განაჩენია და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომაული გუნდი ევროზონას ვერ შესწვდება. "ბიანკოჩელესტე" ცხრილის შუაგულში საფუძვლიანად გაიჭედა და ისეთი პირი უჩანს, რომ ჩემპიონატსაც სწორედ იქვე დაასრულებს - კარგ შემთხვევაში, მერვე ან სულაც მეათე ადგილზე.

სამაგიეროდ, "ლაციო" ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც
ევროპალიგის გათამაშებას შემორჩა, ამ ტურნირის გამარჯვებული კი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არაა, რომ რომაელთათვის ევროასპარეზი პრიორიტეტული ხდება და სტეფანო პიოლი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა გუნდმა სწორედ საერთაშორისო ტურნირში მიაღწიოს წარმატებას.

რაც შეეხება "სასუოლოსთან" მატჩს - განსაკუთრებული და საინტერესო არაფერი გვინახავს: "ლაციო" ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მომენტიც მეტი შექმნა მეტოქის კართან, მაგრამ კონტრშეტევები გაეპარა და ორი გოლი მიიღო. ერთი სიტყვით, კლასიკური იტალიური სცენარი გათამაშდა, რომლის მსგავსი ბევრჯერ გვინახავს, ნამატჩევს კი "ლაციოს" დამრიგებელმა შემდეგი განაცხადა:

"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა გოლი დაგვაკლდა და შემდეგ აქეთ გავუშვით. ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიე და ვფიქრობდი, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო, თუმცა რეალობა სხვაგვარი გამოვიდა. დასანანია, მაგრამ ეს მატჩი კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. წინ ევროპალიგის მნიშვნელოვანი მატჩებია და ეს ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საპატიო, მაგრამ მიუღებელი ფრე
"ფიორენტინა"-"ნაპოლის" შემდეგ სტუმართა თავკაცმა მაურიციო სარიმ ვრცელი კომენტარი გააკეთა, რომლის მოკლე რეზიუმე ასეთია: "ეს იყო საპატიო ფრე, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი შედეგით დასრულდა". სარის კიდევ დავუბრუნდებით, იქამდე კი თამაშზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

"სტადიო არტემიო ფრანკიზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ბევრი ბრძოლა იხილეს, ფეხბურთელები კი სიხისტის ზღვარზე ირჯებოდნენ - იყო გააზრებული კომბინაციები, სახიფათო მომენტები და არც ტემპი დაიწუნებოდა.

მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1, ორივე გოლი კი სტარტზე გავიდა: მე-6 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფლორენციელებმა სტანდარტული შეასრულეს და თავური დარტყმით მარკოს ალონსომ იხეირა; ნეაპოლელთა გოლი თამაშის განახლებისთანავე გავიდა - გაათამაშეს სტუმრებმა ბურთი, პირდაპირ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ჩააგდეს და იქ შექმნილი სრულიად გაუგებარი ქაოსით კი გონსალო იგუაინმა ისარგებლა და ბურთი პრაქტიკულად დაუცველ კარში შეაგორა.

მოგების უკეთესი შანსი "ფიორენტინას" ჰქონდა, რადგან პირველი ტაიმის შუაწელს ნიკოლა კალინიჩი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მთლიანობაში, მაინც თანაბარი თამაში იყო და შედეგსაც ლოგიკური ეთქმის.

კიდევ ერთხელ მოვუბრუნდეთ მაურიციო სარის და მის ვრცელ კომენტარს გავეცნოთ: "ლიდერთან ჩამორჩენა გაიზარდა, თუმცა არა იმდენად, რომ განგაშის ზარი შემოვკრათ. მეორე საქმეა, რომ თუ "იუვენტუსმა" ასე გააგრძელა, რთული იქნება კონკურენციის გაწევა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი შეგირდები ქებას იმსახურებენ, რომ ტურინულ გრანდს კუდში მისდევენ. განვლილი პაექრობა თვალსასეირო გამოვიდა - ეს იყო იტალიური ფეხბურთის სარეკლამო მატჩი, რადგან ტემპიც მაღალი იყო და გუნდებმაც გააზრებული თამაში აჩვენეს.

ეს იყო საპატიო ფრე ძლიერ მეტოქესთან, თუმცა შედეგს ვერ დავარქმევ მისაღებს, რადგან "იუვენტუსთან" კონკურენციის პირობებში, ორი ქულის დაკარგვა არასახარბიელოა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული