ხავიერ ძანეტი: ჩვენთვის "იუვენტუსი" ბარომეტრი არ არის

AutoSharing Option
ზაფხულში, "ინტერმა" აქტიური სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა და არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი დაიმატა.

მილანური გრანდი სერია A-ს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად შეირაცხა და მასზე დიდი ავანსებიც გაიცა. თუმცა, "ინტერმა" ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო, რასაც რობერტო მანჩინის გათავისუფლება და მის ადგილაზე ფრანკ დე ბურის დანიშვნა მოჰყვა. ჰოლანდიელის თავკაცობით, "ნერაძურიმ" 6 მატჩი გამართა, საიდანაც 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა.

მთლიანობაში, "ინტერი" არასტაბილურად ასპარეზობს და აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში, ამ გუნდის მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. არადა, "ინტერი" ბევრს ხარჯავს
სატრანსფერო ბაზარზე, ჰყავს ძლიერი შემადგენლობა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, გუნდს არ გამოსდის "იუვენტუსისთვის" კონკურენციის გაწევა.

"ინტერში" არსებულ ვითარებაზე, "იუვენტუსზე" და სხვა საინტერესო თემებზე ჟურნალისტებთან კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ ისაუბრა.

დე ბურს დრო სჭირდება
პირადად მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ფრანკ დე ბურის მწვრთნელად დანიშვნა გამართლებული ნაბიჯი იყო. იოლი იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ თავიდან ჰოლანდიელს გაუჭირდებოდა შესაძლებლობების წარმოჩენა, რადგან იტალიური ფეხბურთი მისთვის უცხოა.

დე ბურმა გამოავლინა დიდი პროფესიონალიზმი, მალევე აუღო ალღო კალჩოს და "ინტერიც" თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ფრანკს თავისი ხედვა, თავისი საფეხბურთო ფილოსოფია აქვს და მას აუცილებლად უნდა მივცეთ დრო. არ შეიძლება მწვრთნელი გააკრიტიკო დანიშვნიდან ერთ თვეში და თუ ასე იქცევი, ე.ი. არ გესმის ფეხბურთი.

იუვენტუსი, როგორც მაგალითი
ხშირად მესმის, რომ უნდა მივბაძოთ "იუვენტუსს", რადგან ეს გუნდი წარმატების მაგალითად გვევლინება. ტურინული გრანდი 5 წელია, რაც იტალიის ჩემპიონობას არავის უთმობს და კარგად ასპარეზობს საერთაშორისო სარბიელზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და "იუვეს" მაგალითებით გზის გაკვლევას ნამდვილად არ ვაპირებთ. "ინტერი" სულ სხვა კლუბია, განსხვავებული მენეჯმენტით და მმართველობის ფორმით, რომელიც ასევე იქნება წარმატების მომტანი.

სულ ახლო წარსულში, "ინტერმა" ევროპაში ტრიპლეტი შეასრულა და ამისთვის სულაც არ იყო საჭირო სხვისთვის მიბაძვა. "იუვენტუსს" თავისი პოლიტიკა აქვს, ჩვენ კი ჩვენი გზით მივდივართ.

თავდაჯერებულობა
ჩემი აზრით, "ინტერს" დღეს ყველაზე მეტად თავდაჯერებულობა სჭირდება. ამ მხრივ, "იუვენტუსის" დამარცხება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მწვრთნელი მუშაობს ამ მიმართულებით, მთავარი სიტყვა კი მაინც ფეხბურთელებმა უნდა თქვან. მათ უნდა დაიჯერონ, რომ დიდი საქმეების კეთება შეუძლიათ. როდესაც ტრიპლეტი შევასრულეთ და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ჩვენი მთავარი იარაღი სწორედ რწმენა იყო. როდესაც მოედანზე გავდიოდით, უბრალოდ ვერ ვუშვებდით იმ ფაქტს, რომ შეიძლებოდა წაგვეგო. "ინტერი" ევროპული ფეხბურთის გრანდია და ეს თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გაიაზროს.

მიზანი
მიმდინარე სეზონში, ჩვენი მიზანი მაღალი ხარისხის ფეხბურთის თამაშია, დანარჩენი კი მაისში გამოჩნდება და ერთად ჩავხედავთ სატურნირო ცხრილს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ და მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ. "ინტერი" ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის გარეშე და პირიქით, ჩემპიონთა ლიგა "ინტერის" გარეშე, ეს ანომალიაა და დაუშვებელია.

გვესმის, რომ ფრანკ დე ბურისთვის არ იქნება ადვილი პირველივე სეზონში სამეულში დაიმკვიდროს ადგილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რეალურია და სწორედ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ჩემპიონთა ლიგა გაზრდილ შემოსავლებს ნიშნავს, რაც სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიურად მოქმედების საშუალებას მოგვცემს.

ევროპალიგა
ევროპალიგის გათამაშებაში წარუმატებელი სტარტი ავიღეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება. ევროტურნირზე წარმატების მიღწევა პრესტიჟის ამბავია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. შეგახსენებთ, რომ "ინტერი" ბოლო იტალიური გუნდია, რომელმაც ევროტურნირი მოიგო. გუნდში თითქმის ყველა პოზიციაზე ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, ეს კი როტაციის და ძალების გადანაწილების საშუალებას იძლევა.

"ინტერის" კალიბრის გუნდს უბრალოდ არ აქვს იმის უფლება, რომ რომელიმე ტურნირზე უარი თქვას და აქცენტი სხვა ჩემპიონატზე გადაიტანოს. კლუბი ხელფასს უხდის 30-ზე მეტ ფეხბურთელს და არა იმიტომ, რომ მოედანზე დავისვენოთ და ძალები დავზოგოთ. ასე რომ, ჩვენი მიზანი და მისიაა ყველა ტურნირზე წარმატებით ასპარეზობა.

ტოტის იუბილე
ფრანჩესკო ტოტი განსაკუთრებული ადამიანია, რადგან მან მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარა. კარგად ვიცი, რა არის გუნდის ერთგულება და ისიც, რომ ამაზე ფასეული და მნიშვნელოვანი არაფერია. ფრანჩესკო ახლოს იყო "რეალში" გადასვლასთან და შეეძლო, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ყოფილიყო მსოფლიოში, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია და ამიტომ იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას და სიყვარულს.

მინდა 40 წლის იუბილე მივულოცო და დავიტოვო იმედი, რომ კიდევ დიდ ხანს ითამაშებს ფეხბურთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული