"სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ იმ 28 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც ამ შეხვედრებში დაეყრდნობა, თუმცა მოგვიანებით განაცხადში არაერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა. დაცვაში ანდრეა ბარძალი დავიდე ასტორიმ ჩაანაცვლა, ნახევარდაცვაში კლაუდიო მარკიზიოს ნაცვლად რობერტო გალიარდინი იხმეს, შეტევაში კი დაშავებული მანოლო გაბიადინი ჯანლუკა ლაპადულამ შეცვალა. "მილანის" 26 წლის თავდამსხმელისთვის ეს პირველი გამოძახებაა იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
მიმდინარე სეზონში, ლაპადულამ მხოლოდ ერთი გოლი
აღსანიშნავია, რომ ლაპადულას პერუელი დედა ჰყავს და შეეძლო, რომ არჩევანი პერუს სასარგებლოდ გაეკეთებინა. იქამდე, სანამ მისით იტალიის ნაკრების მწვრთნელი დაინტერესდებოდა. ლაპადულას პერუდან ჰქონდა შეთავაზება და კოპა ამერიკაზე თამაშის პერსპექტივა, თუმცა ფეხბურთელმა მოცდა ამჯობინა და იტალიის ნაკრებში თავის შანსს დაელოდა.
ბედნიერმა ფორვარდმა "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი კომენტარი მისცა:
"საოცარი კვირა მქონდა, რადგან ჯერ "მილანში" გავიტანე სადებიუტო გოლი, შემდეგ კი იტალიის ნაკრებიდან მივიღე მიწვევა. ეს საოცარი შეგრძნებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მინდა ვენტურას მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის, გულშემატკივარს კი დავპირდე, რომ ეროვნული ნაკრებისთვის თავს არ დავზოგავ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"