იტალიის ნაკრები: პელემ შეცდომა აღიარა

AutoSharing Option
იტალია-ესპანეთის მატჩისას მოხდა ინციდენტი, რომელსაც იტალიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა - მატჩის მეორე ტაიმი მიმდინარეობდა, როდესაც ჯამპიერო ვენტურამ გრაციანო პელე შეცვალა, ეს უკანასკნელი კი გაბრაზდა და მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა.

- გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]

შედეგად, პელე მოკვეთეს ეროვნული ნაკრებიდან და მაკედონიაში არ წაიყვანეს. ამ თემაზე კომენტარები გააკეთეს როგორც თავად ფეხბურთელმა, ისე "აძურას" მწვრთნელმა და კაპიტანმა.

გრაციანო პელე: "შეცდომა დავუშვი და ამას მაშინვე მივხვდი, როდესაც ემოციებიდან გამოვედი. შევცდი როგორც პირადად მწვრთნელთან,
ისე თანაგუნდელებთან და ისე გულშემატკივრებთან.

დაუშვებელია ის, რაც მე გავაკეთე და ამას კარგად ვაცნობიერებ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჯამპიერო ვენტურას და მთლიანად გუნდს. პასუხს ვაგებ ჩემს ქმედებაზე და ვიღებ ყველანაირ სასჯელს - დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდი მაპატიებს და ისევ მოვირგებ ეროვნული ნაკრების მაისურს".

ჯამპიერო ვენტურა: "გრაციანო პელე ძალიან ცუდად მოიქცა და შეურაცხყოფა მომაყენა არა მარტო მე, არამედ მთელ გუნდს. გადაწყვეტილება მისი გუნდიდან მოკვეთის შესახებ სწორი იყო, რადგან ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებაზე. ჩვენ უნდა გავიზარდოთ თამაშიდან თამაშამდე როგორც გუნდი, ასეთი საქციელი კი ამ პროცესს ხელს უშლის".

ჯანლუიჯი ბუფონი: "ის, რაც პელემ გააკეთა, სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვართ სამაგალითო გუნდი, ასე იყო ევროპის ჩემპიონატზე და ასე უნდა იყოს მომავალშიც. გრაციანო შეცდა, მაგრამ მთავარია, რომ მან მოინანია ჩადენილი ქმედება და ეს საჯაროდ აღიარა. რა თქმა უნდა, პელე დაბრუნდება ეროვნულ ნაკრებში და ჩვენ მას მივიღებთ დიდი სიყვარულით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული