შოტლანდიის ნაკრები კრიზისში - სტრაჩანი ბეწვის ხიდზე

AutoSharing Option
სამშაბათს შოტლანდიის ნაკრებმა ტრნავაში მძიმე საღამო გადაიტანა - სლოვაკეთთან 0:3 წააგო და 3 ტურის შემდეგ 4 ქულით ჯგუფში მხოლოდ მეოთხე ადგილზეა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, სქოთებმა გლაზგოში ვერ მოუგეს (1:1) ლიტვას და, როგორც ამბობენ, შოტლანდიური ფეხბურთის მამები უკვე დაფიქრდნენ - ხომ არ არის დროული ქირურგიული ჩარევა, რათა მერე სანანებლად არ გაუხდეთ საქმე?

ფაქტია, ამ ორმა თამაშმა გორდონ სტრაჩანის პოზიციები გვარიანად შეარყია. ის წნეხის ქვეშაა, რადგან იცის, რომ შესაძლოა, მალე უმუშევარი დარჩეს. მართალია, ჯერ დაკარგული არაფერია და F ჯგუფში თვით ინგლისის
ნაკრებიც ანიავებს ქულებს, მაგრამ აქ დამაფიქრებელია სხვა მომენტიც - ოდინთგანვე, შოტლანდიის ნაკრების უმთავრესი კოზირი იყო უკიდეგანო თავდადება, მაგრამ ახლა ამისგანაც აღარაფერი დარჩა.

თუმცა 59 წლის სტრაჩანი პრესკონფერენციაზე სულაც არ ჩანდა დათრგუნული, პირიქით, ჟურნალისტების რისხვას საპასუხო "შეტევა" და დიპლომატია დაუპირისპირა.

"ახლა ყველაზე მეტად გული მწყდება ფეხბურთელების გამო. ბოლო დღეებში მათ დიდი სამუშაო გასწიეს და ამისთვის მადლობას იმსახურებენ. უნდა ვიფიქროთ იმაზეც, როგორ ხასიათზე დაბრუნდებიან ისინი თავიანთ კლუბებში, როგორ ითამაშებენ მომდევნო მატჩებში, რის შემდეგაც მალე ისევ ნაკრებში უნდა ვუხმოთ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის... ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი და გასაფრთხილებელია... მაგრამ მე ძალიან ბევრს ვფიქრობ გულშემატკივარებზეც, მეტიც - მათ წინაშე თავს დამნაშავედაც ვგრძნობ. როგორ გგონიათ, რა არის ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი? საკუთარი თავი? არანაირად!

ვფიქრობ იმაზე, რომ ჩვენს ქომაგებს რაც შეიძლება მალე მივცეთ სიხარულის საბაბი... მაგრამ მათ ცოტა უნდა მოითმინონ. ფეხბურთელები აუცილებლად შევლენ ფორმაში და ეს გამოჩნდება "უემბლიზე", სადაც 3 ქულის აღების შანსი გვაქვს. შესარჩევი ტურნირი ჯერ კიდევ წინ არის და დაკარგულიც არაფერია".

ისტორიულად, შოტლანდიელებისთვის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. "უემბლიზე" მატჩი 11 ნოემბერს გაიმართება და მის შედეგზე დიდწილად იქნება დამოკიდებული სტრაჩანის ბედიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული