"სკუადრა აძურას" ევროპულ საკვალიფიკაციოებში (იგულისხმება როგორც ევროპის ჩემპიონატი, ისე მუნდიალი) უკვე 54 თამაშია, არ წაუგია. მას მერე მოდის გუნდი, რომელსაც 33-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. გამოიცნობთ, რომელი?
იტალიელთა მიღწევა იმითაც არის ღირსშესანიშნავი, რომ მათ მერე მხოლოდ ორი გუნდია, რომელთაც საკვალიფიკაციო მატჩებში დაუმარცხებელი სერია ორნიშნა რიცხვით გამოეხატებათ. ბარაქ ობამა ჯერ კიდევ სენატორი იყო, როცა "აძურამ" შესარჩევ მატჩში ბოლოს წააგო. ეს კი 2006 წლის სექტემბერში
ესპანეთი, ტრადიციულად, ძლიერია საკვალიფიკაციო მატჩებში, თუმცა "როხას" სერია სულ რაღაც 12-მატჩიანია. ეს სლოვაკეთის დამსახურებაა, რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში 2:1 დაამარცხა დელ ბოსკეს გუნდი. აი, ინგლისის ნაკრების ბოლო მარცხი შესარჩევებში უფრო ძნელი გასახსენებელია. ეს იყო 2009 წელს, როცა ბოლოს ათი კაცით მოთამაშე "სამმა ლომმა" 0:1 დათმო უკრაინასთან.
მას მერე 33 თამაშია, ინგლისს შესარჩევებში წაგება არა აქვს. ზემოთ დასმულ კითხვასაც ეპასუხა.
მიულერისა და კინის ტოლი, წინ მხოლოდ სამია
კრიშტიანო რონალდო რეკორდს რეკორდზე ამხობს. ლატვიასთან მატჩში მას ჰეთ თრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ დუბლით დაკმაყოფილდა, რადგან ორიდან ერთი პენალტი ვერ გაიტანა. ასე რომ, ახლა რონალდოს ანგარიშზე 68 საერთაშორისო გოლია. ამით რონალდოს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 7 გოლი (სამ მატჩში) დაუგროვდა და რობერტ ლევანდოვსკისთან (პოლონეთი) ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ევროპის სანაკრებო გოლეადორების ყველა დროის პრესტიჟულ ჩამონათვალში პორტუგალია-ლატვიის მერე რონალდოზე წინ მხოლოდ სამი გვარი წერია, რადგან "რეალის" ვარსკვლავი 68 გოლით (136 სანაკრებო მატჩში) გერდ მიულერსა (გერმანია) და რობი კინს (ირლანდია) გაუთანაბრდა.
რონალდოს შემდეგი სამიზნე მიროსლავ კლოზეა (გერმანია) 71 გოლით. შემდეგ კი ორი ლეგენდარული უნგრელი მოდის - 75 გოლით შანდორ კოშიჩი და 84 გოლით ფერენც პუშკაში (უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებებში). ამ საკვალიფიკაციო ციკლის ბოლომდე 6 მატჩი რჩება. რონალდოს კარგი შანსი აქვს, უკვე გაისად გადაასწროს კლოზეს და თუ იყოჩაღებს, კოშიჩსაც და შემდეგ უკვე პუშკაშის რეკორდზეც გაიწევს.
სხვადასხვა
* მხოლოდ სამ ნაკრებს აქვს 4 ტურის მერე მაქსიმალური (12) ქულები: ბელგიას, გერმანიასა და შვეიცარიას. ამასთან, მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია უახლოეს მეტოქეს უკვე 5 ქულით უსწრებს. * ბოლო 4 საკვალიფიკაციო მატჩში ნეიმარმა (ბრაზილია) 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 5 საგოლე პასი).
* ინგლისის ნაკრებმა კარში ზუსტად სამჯერ დაარტყა (სამივე თავით) და სამი გოლი გაიტანა. ასეთი რამ ნაკრებმა ბოლოს 2014 წელს შეძლო (3 დარტყმა - 3 გოლი პერუსთან).
* ინგლისის ნაკრებმა შოტლანდიას 1975 წლის მერე ყველაზე დიდი სხვაობით მოუგო. მაშინ ინგლისმა შოტლანდია 5:1 გაანადგურა.
* ინგლისელთა ბოლო 8 გოლიდან შოტლანდიელთა კარში 7 თავური იყო.
* გარეთ მაკოული (ჩრ. ირლანდია) ევროპული შესარჩევი ციკლის ყველაზე ხანდაზმული მეგოლეა - მან აზერბაიჯანს 36 წლისა და 341 დღის ასაკში გაუტანა.
* ინგლისის ნაკრები ბოლო 33 შესარჩევ მატჩში არ დამარცხებულა - 25 მოგება, 8 ფრე.
* სერჟ გნაბრი პირველი ფეხბურთელია გერმანიის ნაკრებში დიტერ მიულერის (1976) მერე, ვინც სადებიუტო მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა.
* მართალია, გერმანიის ნაკრებმა სან მარინოს სტუმრად 8:0 მოუგო, მაგრამ 10 წლის წინანდელი რეკორდი ვერ მოხსნა. მაშინ ბუნდესგუნდმა სან მარინო სტუმრად 13:0 გაანადგურა.
* საფრანგეთის ნაკრებმა 2016 წელს 13 მატჩი მოიგო, რაც ამ გუნდის წლიური რეკორდის გამეორებაა.
* "ბრიუგეს" მცველი ტიმი სიმონსი ბელგიის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი წევრი გახდა. ის შეცვლაზე შევიდა ესტონეთთან 8:1 მოგებულ თამაშში, 39 წლის ასაკში. სიმონსის დებიუტი ნაკრებში 2001 წელს შედგა. მის ანგარიშზე 94 კეპია, მაგრამ მას 2013 წლის მერე გუნდში აღარ იძახებდნენ.
* ლუქსემბურგელმა მაქსიმ შანომ ჰოლანდიის კარი პენალტით დალაშქრა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ამ ქვეყნის ნაკრებისთვის, რომელსაც აქამდე 53 წლის (!) განმავლობაში ვერ გაეტანა გოლი ჰოლანდიისთვის. ბოლოს ეს კამილ დიმერმა მოახერხა 1963 წელს.
* არიც ადურისმა ესპანეთის ნაკრების 86-წლიანი რეკორდი დაამხო - მან 35 წლისა და 275 დღის ასაკში გაიტანა ნაკრებში. აქამდე ყველაზე ხანდაზმული მეგოლე "როხაში" ხოსე მარია პენია იყო, რომელიც 50 დღით უმცროსი იყო, როცა გაიტანა (1930 წ).
* ესპანეთის ნაკრებმა 93-ე საშინაო მატჩი მოიგო საკვალიფიკაციო შეხვედრებში. ის ამ მაჩვენებლით ევროპაში პირველზე გავიდა. 92 საშინაო მატჩი აქვს მოგებული სსრკ-ის (რუსეთი) ნაკრებს.
* იოახიმ ლიოვი გახდა გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი მოგებების მიხედვით. სან მარინოსთან მოგება მისთვის 95-ე იყო ნაკრების თავკაცის პოსტზე. ეს ზეპ ჰერბერგერის მიღწევის გამეორებაა.
* მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე (ევროპა) ყველაზე მეტი პასი აქვს კოკეს (ესპანეთი) - 423 პასი, აქედან 380 ზუსტი. ორივე მაჩვენებელი საუკეთესოა.
* კრიშტიანო რონალდომ კლუბსა და ნაკრებში 2016 წელს 10-დან 6 პენალტი ვერ გაიტანა. აქ არ ითვლება პენალტების სერია.
* ანტუან გრიზმანმა მას მერე, რაც ნაკრებში პირველად გამოიძახეს, საფრანგეთის ნაკრების 41 თამაშიდან 39-ში მიიღო მონაწილეობა.
* გარეთ ბეილმა (უელსი) ნაკრების 7 გოლიდან 5-ში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 1 საგოლე პასი).
* ესპანეთი არ დამარცხებულა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 56 (!) შესარჩევ მატჩში - 43 მოგება, 13 ფრე.
* გერმანიამ სან მარინოს კარისკენ 40-ჯერ დაარტყა.
* იტალიის ნაკრების 9 გოლიდან 7 ჩირო იმობილესა (4) და ანდრეა ბელოტის (3) ანგარიშზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"