2014 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ განვითარების ვექტორი მკვეთრად შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა. მკვეთრად შემცირდა გუნდის სახელფასო ფონდი.
აღარ გამოიყო ძველებურად დიდი თანხა ტრანსფერებზე. არადა, იქამდე ამ საქმეში მთელი 160 მილიონი ევრო დაიხარჯა. აღარავინ
ვინ წარმოიდგენდა, რომ კვლავ გაცოცხლდებოდა რადამელ ფალკაო.
ფეხბურთელი, ვინც "მონაკოდან" ინგლისში წავიდა, მიიღო არაერთი ტრავმა და საერთოდ ვერ ითამაშა ალბიონზე. არადა, დღეს რადამელი მონაკოელთა შეტევის ლიდერია.
ფაქტია, ნამდვილი წარმატება მოვიდა მხოლოდ მაშინ, როცა "მონაკომ" უარი თქვა ძვირად ღირებულ ფეხბუთელებზე და აქცენტი საკუთარი საფეხბურთო აკადემიის აღზრდილებზე გააკეთა. ამ სეზონში გუნდის სტატისტიკა საფრანგეთის ჩემპიონატში უბრალოდ დიდებულია: გუნდმა 29 შეხვედრაში 84 გოლი გაიტანა. საუკეთესო თავდასხმა ევროპაში! და ეს იმ ჩემპიონატში, სადაც ისტორიულად არაა ადვილი გოლების გატანა.
მათ შეტევაში არ არიან სუპერვარსკვლავები. გამონაკლისს მხოლოდ ფალკაო წარმოადგენს. კილიან მბაპე და ვალერი ჟერმენი ახლაღა იხვეჭენ პოპულარობას. ისინი შემთხვევით როდი ვახსენეთ - ორივე "მონაკოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.
ამ ზაფხულს "მონაკოს" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი საფრანგეთში ძალიან ცნობილი ადამიანი, ბერტრან რეზო გახდა. მას ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის უდიდესი ნიჭი და გამოცდილება აქვს. აქამდე ის 11 წლის განმავლობაში ამავე თანამდებობაზე მუშაობდა "პარი სენ-ჟერმენში". როგორ იმუშავა მან, ეს კარგად გამოჩნდა "სენ-ჟერმენისა" და "ბარსელონას" პარიზულ მატჩში, სადაც იმ ფეხბურთელებმაც ითამაშეს, სხვადასხვა დროს კლუბის აკადემიამ რომ აღზარდა.
"მიმაჩნია, რომ ჩემი მოსვლით ბევრი არაფერი შეცვლილა. "მონაკოში" ჩემამდეც ყველაფერი აწყობილად მუშაობდა", - ამბობს რეზო. ამ განცხადებას ანალიზი რომ მოვაყოლოთ, აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ ისტორიას. თუნდაც მცირედით.
პატარა სამთავროში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოელია, 18-ათასიანი სტადიონი ძალიან ხშირად რჩებოდა ცარიელი. "მონაკოს" პრაქტიკულად არაფერი შემოსდიოდა ბილეთებიდან. არადა, ერთი შეხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ ადგილას ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.
1975 წელს კლუბის პრეზიდენტი გახდა ჟან-ლუი კამპორა. მან თქვა, რომ "მონაკო" მაგალითს აიღებდა "ნანტისა" და "სოშოს" ცხოვრებიდან. ამ კლუბებმა წარმატებას საკუთარი აკადემიის აღზრდილების ხარჯზე მიაღწიეს.
"მონაკოს" აკადემია განლაგებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ახლოს, ყოფილი კარიერის ტერიტორიაზე. მონაკოს სამთავრო იმდენად პატარაა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ფეხბურთით დაინტერესებული ბავშვების საკმარისი რაოდენობა იპოვო. მოსახლეობის საერთო რაოდენობა 35 ათას კაცზე ცოტა მეტია.
აქედან გამომდინარე, აკადემია თავისებურად მუშაობს. ახლა ისევ რეზოს მოვუსმინოთ.
"ჩვენ ბავშვთა გუნდები არ გვყავს. ჩვენ აკადემიაში ვიღებთ 15 წლის მოზარდებს სხვადასხვა საფეხბურთო აკადემიიდან. მანამდე მათ ასაკის გამო ვერ ვიღებთ სხვადასხვა ქალაქიდან. მოკლედ, ამ ბიჭებს სრულყოფაში ვეხმარებით", - ამბობს აკადემიის ხელმძღვანელი.
მონაკო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ როგორც ყველაფერში, მას საფრანგეთი ფეხბურთშიც სჭირდება. სჭირდება ფრანგული საფეხბურთო ცენტრების ნიჭიერი ბიჭები. სწორედ "მონაკოში" დაიწყეს კარიერა ტიერი ანრიმ, ლილიან ტურამმა და ემანუელ პეტიმ.
როგორ მიმდინარეობს აკადემიაში სამუშაო პროცესი? ამის თაობაზე რეზო გვიამბობს: "ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ კანდიდატებს და მერე თითოეული მათგანის შესაძლებლობებს დაწვრილებით ვსწავლობთ. 12-13 წლის ასაკში ჩვენ ვიწყებთ მათ მშობლებთან მოლაპარაკებას. ჩვენი მიზანია, ბოლომდე ავუხსნათ მათ, თუ სად მიდიან მათი შვილები".
ბოლო 40 წლის განმავლობაში "მონაკოს" სისტემაში გაიარა ბევრმა პრეზიდენტმა, მწვრთნელმა და ფეხბურთელმა. და ეს სისტემა დღესაც ძალიან გამართულად, შედეგიანად მუშაობს.
გასულ ზაფხულს მან "არსენალს" უარი უთხრა. კილიან მბაპე ტიერი ანრის ნაკვალევზე მიდის. ორივე მათგანი "მონაკოს" საფეხბურთო აკადემიაში მისვლამდე ერთსა და იმავე საფეხბურთო ცენტრში სწავლობდა.
"მე ვიცი, რატომ ირჩევენ საფეხბურთო ცენტრების აღსაზრდელები "მონაკოს" აკადემიას. ისინი აქ სტაბილურობას და ხარისხს იღებენ. გარდა ამისა, მათ ზუსტად იციან, რომ ახალგაზრდობის გამო არავინ არაფერს დაუკარგავთ და თუ ღირსები იქნებიან, უსათუოდ დაწინაურდებიან მთავარ გუნდში", - ამბობს "მონაკოს" აკადემიის შეფი.
"მონაკოს" ახალი ტალღის" ლიდერებს - მბაპეს, ლემარს და ბაკაიოკოს უკვე ჰყავთ მსურველები ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. "ჩვენ ისინი კლუბის პატრიოტებად გავზარდეთ. გარდა ამისა, მათ იციან, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა იჩქარონ", - ამბობს რეზო.
მონაკოს აკადემიის ოთხი პრიორიტეტი
საინტერესოა, როგორია "მონაკოს" საფეხბურთო აკადემიის პრიორიტეტები. დღევანდელ ჩვენს წერილში ოთხი ძირითადი მიმართულების შესახებ ვისაუბრებთ. სკაუტინგი: "ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ გუნდში ჩემი მოსვლის დროს "მონაკოს" ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელების აღმოჩენის საუკეთესო სისტემა ჰქონდა. დიდი ხელფასები იყო დანიშნული იმ სკაუტებისათვისაც კი, რომლებიც კლუბისათვის 12-13 წლის ბიჭებს არჩევდნენ, ჯერ მხოლოდ კანდიდატურების დონეზე", - ამბობს კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი ტორ-კრისტიან კარლსენი.
მრავალფეროვნება: "ჩვენი მიზანია, ერთსა და იმავე პოზიციაზე ავარჩიოთ სხვადასხვა სათამაშო თვისების მქონე ფეხბურთელები. ჩვენი არცერთი კადრი, თუნდაც ერთ პოზიციაზე მოთამაშე არ უნდა ჰგავდეს მეორეს. ეს მწვრთნელისთვის მრავალფეროვან არჩევანს ნიშნავს", - ეს უკვე აკადემიის ხელმძღვანელის, რეზოს სიტყვებია.
საფეხურები: სანამ ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის დონეს არ მიაღწევენ, ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობენ. ამ დროს საბოლოოდ დგინდება მათი ამპლუა. ამის შემდეგ საუკეთესოები გადადიან "მონაკოს" დუბლშემადგენლობაში, რომელიც საფრანგეთის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.
ფეხბურთელების ხასიათი: "ჩვენ ძალიან ხშირად უარს ვამბობთ ცუდი ხასიათის ფეხბურთელზე. აკადემიის აღსაზრდელებისგან ვცდილობთ, ძლიერი პიროვნება და ფეხბურთელი გამოვიყვანოთ. ჩვენი აღსაზრდელები გადიან სოციალურ კურსებს და ეს მათ ადაპტაციაში ეხმარებათ", - ამბობს აკადემიის პირველკაცი.
...ფაქტია, როცა საქმე გვაქვს ასეთ აწყობილ მექანიზმთან, მომავალ მბაპეებსა და ლემარებს კიდევ უნდა ველოდოთ. რაც მთავარია, "მონაკო" წარმატებით თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და ეს საყურადღებო სიგნალია ყველა კლუბისათვის. განსაკუთრებით იმათთვის, ახალგაზრდების ნდობა რომ უჭირთ.
პატარა სამთავროს გუნდი დღეს გაცილებით კარგი და წარმატებულია, ვიდრე ცოტა ხნის წინ, როცა ასტრონომიულ თანხებს ხარჯავდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"