დანი ალვეში: ბოდიში, პეპ, მაგრამ ლიგის მოგება მინდა

AutoSharing Option
კარიერის მიწურულს დანი ალვეში გუნდებს ხელთათმანებივით იცვლის - დღეიდან ვეტერანი ბრაზილიელი "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელია! "თუ პეპი და "სიტი" ჩემ გამო იმედგაცრუებულნი დარჩნენ, ბოდიში მათთან, მაგრამ მე ჩემპიონობა მსურს", - თქვა დანიმ და ისეთ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც წელიწადში თითქმის 14 მილიონ ევროს მოუტანს.

თქმა არ უნდა, 34 წლის დანი ალვეში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია, თუმცა ბოლო დროს ის იმ მომენტში მიდის გუნდიდან, როცა ყველას დააჯერებს, რომ რჩება. ასე იყო "ბარსელონადან" "იუვენტუსში" გადაბარგების დროს ერთი წლის წინათ და ასეა ახლაც.
დანი ალვეში ჯერ "ბებერ ქალბატონს" დაეთხოვა, თავისუფალი აგენტი გახდა და ისე მივიდა პარიზში და არა მანჩესტერში, სადაც ყოფილი შეფი პეპ გვარდიოლა მოუთმენლად ელოდა.

აქ მხოლოდ ერთი ლოგიკური ჯაჭვი იკვეთება - მაღალი ანაზღაურება - პსჟ-ში ბრაზილიელი წელიწადში 12 მილიონ გირვანქას (თითქმის 14 მილიონი ევრო) მიიღებს, "მანჩესტერ სიტიში" მას ამდენს არ მისცემდნენ.

ალვეშის ტრანსფერი ორწლიანია. კარიერის მიწურულს კვირაში 230 ათასი გირვანქა მართლაც საოცარი პენსიაა, თანაც, ევროპიდან გაუსვლელად. არანაირი ჩინეთი და არც რომელიმე არაბული ქვეყანა - ალვეში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს და ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშიც დარჩება.

ზემოთ მისი კომენტარის ნაწილი მოვიყვანეთ.

იცით, რომელ ჩემპიონობაზე ლაპარაკობს? დანის საფრანგეთის ჩემპიონობა არ ადარდებს, ეს თავისთავად იგულისხმება (თუმცა პსჟ-ს დასაბრუნებელი აქვს ტიტული), დანი ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს. მას სურს, კარიერაში მეოთხედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

დანი ალვეშმა ახლახან იქორწინა მეგობარ გოგო ჟოანა სანსზე და მასთან ერთად პარიზში იცხოვრებს. მისი მეუღლის ხმა კი შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდა ახალი კლუბის შერჩევაში, თორემ, არა გვგონია, პსჟ-ს "სიტიზე" დიდად მეტი შანსი ჰქონდეს ლიგის მოგების. მაგრამ აბა, სად მანჩესტერი და სად პარიზი?

"პრეზიდენტს სურს, რომ პსჟ-მა ისტორია დაწეროს ლიგაზე. მე კი ამაში მონაწილეობა უნდა მივიღო. ის, რასაც პსჟ ბოლო წლებში აკეთებს, მსოფლიო ფეხბურთში მართლაც შთამბეჭდავია. პსჟ ამბიციური კლუბია.

მსურს, აქ ჩემი გამოცდილება და ცოდნა მოვიტანო. პროექტი საინტერესოა, მე კი გამოწვევების არ მეშინია. კიდევ ერთი, რის გამოც აქ გადმოსვლა გადავწყვიტე, ის არის, რომ აქ ბევრი მეგობარი მყავს", - განაცხადა "პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური "ბაიას" აღზრდილის პირველი ევროპული კლუბი "სევილია" იყო, სადაც 2002-08 წლებში თამაშობდა. შემდეგ იყო წარმატებული კარიერა "ბარსელონაში" და ერთწლიანი მოღვაწეობა "იუვენტუსში". პარიზში ალვეშმა 32-ნომრიანი მაისურა აირჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული