საფრანგეთი. ლიგა 1. პირველი წრის შეჯამება: სამი მუშკეტერი

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან, საფრანგეთის პირველობა ყველაზე დაძაბული იქნება. 19 ტურის შემდეგ, "პარი სენ ჟერმენს", "ლიონს" და "მარსელს" 38 ქულა აქვთ და ლიგა 1-ში ერთად ლიდერობენ.

ვნახოთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ გუნდებს და რას უნდა ველოდოთ მათგან...


პარი სენ ჟერმენი
დადებითი:
1. პსჟ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ლიდერობს, თანაც გუნდმა ნოემბრის კრიზისი გადალახა.

ჟურნალისტების ცნობით, კარლო ანჩელოტი გუნდიდან წასვლის პირას იყო, ფეხბურთელები კი ორად იყვნენ გაყოფილნი: ფრანგულად მოსაუბრე მოთამაშეები, იტალიურად მოლაპარეკე ფეხბურთელებს უპირისპირდებოდნენ, თუმცა ამდენი პრობლემის
მიუხედავად, გუნდმა ანჩელოტის ეპოქაში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა და როგორც ჩანს, ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდა.

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (თითქმის) ყოველ წელს ხდება ჩემპიონი.

3. ანჩელოტიმ იდეალურ სისტემას მიაგნო. ზეიმის დაწყება ჯერ ადრეა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალიელმა საყვარელ ტაქტიკას უღალატა და უფრო შემტევი სტილით დაიწყო თამაში, პარიზელებმა 12 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი ერთიც არ მოუღიათ.

ახალ განლაგებაში ხავიერ პასტორე მარჯვნივ დგას, ესეკილ ლავეცი მარცხნივ, ჟერემი მენეზი და ზლატანი კი შეტევაში მოქმედებენ.

თითქოს კლასიკური 4-4-2-ია, მაგრამ მთლად ასე არ არის - მატჩის დროს, პასტორე და იბრა ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე იხევენ, ხოლო შეტევაში მენეზი და ლავეცი მოქმედებენ.

4. გუნდში ლუკას მოურა მიდის, რომელიც პარიზელებს აშკარად გააძლიერებს.

უარყოფითი:
1. გუნდიდან ნენეს წასვლის მიუხედავად, მაინც ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილი არ არის და ამან შესაძლოა კლუბში სიტუაცია არიოს. საეჭვოა, მამადუ სახო რეზერვისტის როლს კიდევ დიდხანს დათანხმდეს და ტიაგო სილვა-ალექსის დუეტის ჩრდილში ყოფნა ისურვოს.

იგივე ეხება გრეგორი ვან დერ ვილს, რომელსაც პირველ წრეში ანჩელოტი იშვიათად ენდობოდა და უმეტესად კრისტოფ ჟალეს ათამაშებდა.

კევინ გამეირო, გიომ ოარო, მომო სისოკო - ყველა ეს ფეხბურთელი ძირითადის იშვიათი სტუმარია, რაც მათ ამბიციებს არ უნდა აკმაყოფილებდეს.

2. რამდენად მონდომებულია ხავიერ პასტორე? არგენტინელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იტალია ენატრება და ადრე თუ გვიან, "მილანში" აუცილებლად ითამაშებს.

3. "მარსელი" ევროტურნირებზე აღარ თამაშობს, "ლიონს" ევროპის ლიგაზე უწევს გამოსვლა, სადაც რეზერვისტების გაყვანაც შეუძლია, პსჟ-ს კი ჩემპიონთა ლიგაში ურთულესი მატჩები ელის, რაც შესაძლოა გუნდს ლიგა 1-ში ქულების დაკარგვად დაუჯდეს.

4. გუნდი იბრაჰიმოვიჩზეა დამოკიდებული - შვედმა სამი მატჩი გამოტოვა, რომელთაგანაც პსჟ-ს არც ერთი არ მოუგია. ფორვარდის სერიოზულად დაზიანების შემთხვევაში, დედაქალაქელებს დიდი პრობლემები შეექმნებათ.


ლიონი
Sportall.Ge

დადებითი:

1. ზეწოლა მთლიანად "პარი სენ ჟერმენზეა" - თუ პარიზელები ლიგა 1-ს ვერ მოიგებენ, ეს დიდ წარუმატებლობად შეფასდება, ხოლო თუ "ლიონი" მეორე ადგილზე გავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს, ყველა კმაყოფილი იქნება.

2. გუნდში საოცრად კარგი განწყობაა. ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები ერთად შესანიშნავად მოქმედებენ. ახალგაზრდებმა იციან, რომ მწვრთნელი მათ ედნობა და თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მისცემს.

ალექსანდრ ლაკაზეტი, სამუელ უმტიტი და კლემან გრენიე, თანდათან გუნდის შეუცვლელ ფიგურებად ყალიბდებიან.

3. "ლიონი" ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა. უმტიტი, გრენიე, გონალონი და ლაკაზეტი უკვე ძირითადის წევრები არიან, მაგრამ "ოლიმპიკს" რეზერვში კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ჰყავს, მაგალითად: რაშიდ გეზალი და იასინ ბენზია. ამ ორმა ფეხბურთელმა ევროპის ლიგაზე საკმაოდ კარგად ითამაშა და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ სეზონის მეორე ნახევარში, ლიგა 1-შიც უფრო ხშირად ვიხილავთ.

4. ლისანდრო ლოპესს "ლიონთან" ერთად ჩემპიონობა არ მოუპოვებია. კაპიტანი, როგორც მოედანზე, ასევე მას მიღმა, გუნდის ნამდვილი ლიდერია.

არგენტინელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს უსიამოვნო სერია დაასრულოს.

უარყოფითი:
1. გავრცელებული ცნობების თანახმად, გუნდში ფინანსური სიტუაციის გამოსწორების მიზნით, პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა, იანვარში მინიმუმ ერთი ლიდერის გაყიდვას აპირებს.

ბაფეტიმბი გომისის წასვლის შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია "ლიონმა" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

2. რემი ვერკუტრი კარგი მეკარეა და მან გუნდიდან უგო ლორისის წასვლის შემდეგ, თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, თუმცა ის ისეთივე სტაბილური ნამდვილად არ არის.

მე-17 ტურში, "ნანსისთან" გამართულ შეხვედრაში, ვერკუტრმა ბურთის მოგერიება ფეხით სცადა, არადა ხელით დაჭერაც შეეძლო - შედეგად ჟორდან ლოტიემ გაიტანა გოლი, რომლის წყალობითაც "ოლიმპიკმა" ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

3. მიშელ ბასტოსი და ლისანდრო ტრავმებს ხშირად იღებენ. ბრაზილიელმა ხუთი გოლი კი გაიტანა, მაგრამ ადრინდელივით ეფექტური ნამდვილად აღარ არის.

არგენტინელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, რამაც რემი გარდს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. გუნდის ორივე სამხრეთ ამერიკელი ლიდერი ჯანმრთელი უნდა იყოს, თორემ "ლიონს" ძალიან გაუჭირდება.

4. ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერები - სტიდ მალბრანკის მოსვლამ აშკარად გაამართლა, მაგრამ იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ფაბიან მონსონსა და არნოლდ მვუემბაზე. ამ ყველაფრის გამო, "ლიონის" შემადგენლობა, "პარი სენ ჟერმენის" "რუსტერს" აშკარად ჩამოუვარდება.

5. იოან გურკუფი მუდმივ თავისტკივილად იქცა. 22 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელი ან ცუდად თამაშობს, ან ტრავმირებულია.

გურკუფი ისეთ ფორმაში რომ იყოს, როგორშიც 2009 წელს გახლდათ, "ლიონი" ჩემპიონი თავისუფლად გახდებოდა, მაგრამ "ოლიმპიკის" ქომაგთათვის სამწუხაროდ, 2009 წელი დიდი ხნის წინ იყო.


მარსელი
Sportall.Ge
დადებითი:

1. ზეწოლა მთლიანად "პარი სენ ჟერმენზეა" - თუ პარიზელები ლიგას ვერ მოიგებენ, ეს დიდ წარუმატებლობად შეფასდება, ხოლო თუ "მარსელი" მეორე ადგილზე გავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს, ყველა კმაყოფილი იქნება.

2. ბოლო წლებში, აფრიკის ერთა თასი "მარსელის" აქილევსის ქუსლი იყო, მაგრამ წელს განსხვავებული სიტუაციაა: ჯორდან აიუ განის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა, ნიკოლას ნკულუს კამერუნმა კი ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა.

3. გუნდში ძალიან კარგი ფინანსური სიტუაციაა და როგორც ამბობენ, იანვარში ელი ბოპს ახალი ფეხბურთელების შესაძენი თანხა ექნება.

ჟურნალისტების ცნობით, "ბორდოს" ყოფილ დამრიგებელს "ვალანსიენის" ერთ-ერთი ლიდერი, ფუედ კადირი მოსწონს, რომელსაც ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

თუ კადირის ტრანსფერი შედგა, "მარსელი" სერიოზულად გაძლიერდება.

4. მიუხედვად იმისა, რომ ტრავმის გამო შვიდი კვირა გამოტოვა, ანდრე-პიერ ჟინიაკი შესანიშნავ ფორმაშია. თავდამსხმელმა მე-18 ტურში "ტულუზს" გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოაპოვებინა.

მატიო ვალბუენაც შესანიშნავად გამოიყურება და კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

თუ ორივე ჯანმრთელი და კარგ ფორმაში იქნება, "მარსელს" ტრიუმფზე ფიქრი სერიოზულად შეეძლება.

უარყოფითი:
1. მოკლე სათადარიგო სკამი - ჯოი ბარტონი კლუბს კარგად შეეწყო, მაგრამ ზაფხულის სხვა შენაძენებზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ფლორიან რასპენტინომ მხოლოდ რამდენიმე მატჩში ითამაშა, ლუკას მენდესს და კასიმ აბდალას კი ლიგა 1-თან ადაპტაციისთვის აშკარად დრო სჭირდებათ.

2. მე-19 ტურში "სენტ ეტიენი" კი დაამარცხა, მაგრამ წინა ორი საშიანო შეხვედრა "მარსელმა" აშკარად ჩააგდო. "ლიონთან" (1:4) და "ლორიანთან" (0:3) განცდილი ორი გამანადგურებელი მარცხი, "ოლიმპიკის" მომთხოვნი ქომაგისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

ელი ბოპის შეგირდებმა შინ უფრო დამაჯერებლად უნდა ითამაშონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონობის შანსი ნულის ტოლი გახდება.

3. როდესაც ვალბუენას თამაში არ მისდის, "მარსელი" კრეატიულობის და მომენტების შექმნის მხრივ აშკარად მოიკოჭლებს.

4. ლოიკ რემი საკუთარი თავის აჩრდილია. შარშან, ფრანგი ფორვარდი ბრწყინავდა და გოლებს ხშირად იტანდა, მაგრამ მაისში მიღებული ტრავმის შემდეგ, ფორმაში შესვლა ვერაფრით მოახერხა.

გავრცელებული ჭორების მიხედვით, კარგი წინადადების მიღების შემთხვევაში, "მარსელი" რემის გაყიდის, მაგრამ ამ შემთხვევაში გუნდი დიდწილად ტრავმებისკენ მიდრეკილი ჟინიაკის გოლებზე იქნება დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტური: "პსჟ" შემოდგომის ჩემპიონია [VIDEO]
"გუნდი კი არა, ნეხვია!" - ზლატან იბრაჰიმოვიჩის "ფრანგული" ციტატები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული