"ლიონი" ლიგას დაუბრუნდა
ტურის ორი ცენტრალური მატჩი ლიონსა და ლილში გაიმართა. "სტად ჟერლანზე" სტუმრად "რენი" ჩავიდა, რომელსაც სატურნირო მოტივაცია აღარ ჰქონდა. "ლილს" კი "სენტ ეტიენი" ესტუმრა. გამარჯვების შემთხვევაში, "ლილი" ევროპალიგის საგზურს მიიღებდა, "მწვანეებს" კი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი ჰქონდათ, ოღონდ ამისთვის საჭირო იყო, რომ "ლიონს" ვერ ემარჯვა.
რემი გარდის გუნდმა საქმეს ხელი თავიდანვე მოჰკიდა და საკმაოდ იოლი გამარჯვებაც მოიპოვა. ლისანდრო ლოპესის და კლემან გრენიეს გოლების წყალობით, "ლიონმა"
"ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. სეზონი საკმაოდ რთული გამოდგა; გვქონდა რამდენიმე ჩავარდნა, მაგრამ ყოველთვის დროულად ვახერხებდით გონს მოსვლას. ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩემპიონატს სამეულში დავასრულებდით.
"ლიონის" შემადგენლობაში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა და მათ თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. ვფიქრობ, გუნდს წინ კარგი მომავალი აქვს. ახლა მთავარია, სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ," - განაცხადა გახარებულმა რემი გარდმა.
ამასობაში სერიოზული ბრძოლა იყო ლილში, სადაც თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ - სალომონ კალუმ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა და პირველი ტაიმიც "ლილმა" 1:0 მოიგო. მეორე ნახევრის დებიუტში უკეთ "სენტ ეტიენი" გამოიყურებოდა და 59-ე წუთზე რომენ ამუმამ ანგარიშიც გაათანაბრა.
"ლიონის" მეორე გოლის შემდეგ გასაგები გახდა, რომ კრისტოფ გალტიეს გუნდს მესამე ადგილი არ ეღირსებოდა და "მწვანეებიც" მოეშვნენ. ამ ფრემ "მწვანეებს" არაფერი მისცა, სამაგიეროდ, რუდი გარსიას გუნდი დარჩა ევროტურნირებს მიღმა.
"ლილის" მიერ ქულების დაკარგვით ისარგებლა "ნიცამ" და ევროპალიგის საგზური მიიღო. ზღვისპირელებმა გასვლაზე "აიაჩოს" მოუგეს. სტუმართა მხრიდან თავი დარიო ცვიტანიჩმა და ერიკ ბოტეაკმა გამოიჩინეს. არგენტინელმა ცვიტანიჩმა სეზონში თავისი მე-19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პიერ-ემერიკ ობამეიანს წამოეწია, რომელსაც ბოლო ტურში არ გაუტანია.
მესამე უიღბლო "ტრუაა"
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბასტიას" და "სოშოს" დაპირისპირება ფრედ დასრულდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და საბოლოოდ მე-15 ადგილზეც კი გავიდა. წააგეს "ევიანმა" და "აიაჩომ", მაგრამ ამ გუნდებს გავარდნა არ ემუქრებოდათ. დამარცხდა "ტრუაც", რომელსაც რომც მოეგო, მაინც გავარდებოდა. ჟან-მარკ ფურლანის გუნდი "ვალანსიენს" ეთამაშებოდა და დიდი ხნის განმავლობაში იგებდა კიდეც.
სტუმართა მხრიდან გოლი 36 წლის ბენჟამინ ნივემ გაიტანა, ვისთვისაც ეს გოლი მე-10 იყო. საბოლოოდ, სტუმრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს. ჯერ ავტოგოლი მიითვალა ფლორიან ჟარჟამ, 89-ე წუთზე კი თავი გრეგორი პუჟოლმა გამოიჩინა.
საბოლოოდ, ლიგა 1-ს "ნანსი", "ტრუა" და "ბრესტი" დაემშვიდობნენ. ამ უკანასკნელმა სეზონის დასკვნითი ნაწილი, უბრალოდ, კატასტროფულად ჩაატარა და ჩემპიონატი ზედიზედ 11 წაგებით დაასრულა.
იბრა პაპენია
"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატი მოგებით დაასრულა. მორიგი ბურთი გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მონაგარი 30 გოლამდე გაზარდა. შვედი გახდა პირველი ფეხბურთელი, ჟან-პიერ პაპენის შემდეგ, ვინც ერთ სეზონში 30 ან მეტი გოლი გაიტანა. პაპენმა ასეთი რამ 1989/90 წლების სეზონში გააკეთა. იქამდე კი იყო კარლოს ბიანკი, ვინც 1977/78 წლების სეზონში (პსჟ-ის მაისურით) 37 ბურთი შეაგდო.
გოლის გარდა, იბრაჰიმოვიჩმა თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა. დუბლი კი კევინ გამეირომ შეასრულა, ვისაც ამ ჩემპიონატში 8 გოლი დაუგროვდა. ამ მატჩიდან კიდევ რამდენიმე მომენტია აღსანიშნავი: პსჟ-ის კარს იცავდა 20 წლის ალფონს არეოლა, რომელიც ძირითადში პირველად იყო, სულ კი მეორე მატჩს ატარებდა.
არეოლას საპირისპიროდ, კარიერაში ბოლო შეხვედრას ატარებდნენ 35 წლის არნო ლე ლანი და 36 წლის ლოდუვოკ ჟიული; მეორე ტაიმში (81-ე წუთზე), როდესაც ანგარიში 0:3 იყო, სტუმართა 38 წლის კიპერმა რონან ლე კრომმა, ვინც ცვლილებაზე გამოვიდა და პსჟ-ში სადებიუტო მატჩს ატარებდა, საჯარიმოში კერსია წააქცია და წითელი ბარათი მიიღო; კარში ცვლილებაზე შემოსული მამადუ სახო ჩადგა, პენალტი კი ლე ლანმა შეასრულა და კარიერის ბოლო შეხვედრაში ჩემპიონს გოლი გაუტანა.
საგზურები
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი: "პარი სენ ჟერმენი" და "მარსელი"
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი: "ლიონი"
ევროპალიგა: "ნიცა", "სენტ ეტიენი" და "ბორდო" ან "ევიანი" (რომელიც თასის ფინალს მოიგებს)
ლიგა 1 დატოვეს: "ნანსი", "ტრუა" და "ბრესტი"
ლიგა 1-ში გადავიდნენ: "მონაკო", "გენგამი" და "ნანტი".
ბოლოს კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებს შემოგთავაზებთ, რომელიც ლიგა 1-ის ოფიციალური საიტის მიხედვით არის შედგენილი.
მეკარე: სირიგუ (პსჟ)
მცველები: კლერი (სენტ ეტიენი), ნიკოლას ნკულუ (მარსელი), ტიაგო სილვა (პსჟ), მაქსველი (პსჟ).
ნახევარმცველები: ვალბუენა (მარსელი), მატუიდი (პსჟ), გილავოგი (სენტ ეტიენი), პაიე (ლილი).
ფორვარდები: იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ობამეიანი (სენტ ეტიენი).
სათადარიგოები: პერენი (სენტ ეტიენი), ტოვენი (ბასტია) და ალიადიერი (ლორიანი).
მწვრთნელი: გალტიე (სენტ ეტიენი).
საბოლოო მდგომარეობა
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა
ბომბარდირები: 30 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ცვიტანიჩი (ნიცა); 16 - გომისი (ლიონი); 15 - ალიადიერი (ლორიანი), მოდესტი (ბასტია), ბენ იედერი (ტულუზი); 14 - კალუ (ლილი).
ასისტენტები: 12 - ვალბუენა (მარსელი), პაიე (ლილი); 11 - დანიკი (ვალანსიენი), მოლო (ნანსი/სენტ ეტიენი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), პასტორე (პსჟ), როტენი (ბასტია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. ბოლო ტურის წინ: დაუსწრებელი დერბი დუ რონი