საფრანგეთი. ლიგა 1. I ტური: რადამელ ფალკაო იწყებს და იმარჯვებს [VIDEO]

AutoSharing Option
* 63 მილიონ ევროდ ნაყიდი ედინსონ კავანის უხმაურო დებიუტი

* "ლიონმა" ყატარში გადასული ლისანდრო ლოპესი გააცილა

* კიდევ ერთი ბელგიელი ტალანტი გამოჩნდა, ამჯერად "ლილში"


მაშინ, როცა "პარი სენ-ჟერმენმა" წაიფორხილა, მის ყველაზე დიდ კონკურენტად შერაცხულმა "მონაკომ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. თუ ედინსონ კავანის დებიუტმა შეუმჩნევლად ჩაიარა, რადამელ ფალკაომ შტურმით აიღო ლიგა 1. "ლიონმა" ლისანდრო ლოპესი არაბეთში გააცილა და სრული სვლით დაიწყო.

ბლანს უკეთესის იმედი ჰქონდა
ჩემპიონატი პარასკევს ექსჩემპიონისა და ჩემპიონის მატჩით დაიწყო. ლორან ბლანის "პარი სენ-ჟერმენმა" ცუდად დაიწყო, ფავორიტი მეორე ტაიმში მაქსველის
ბრწყინვალე დარტყმულის წყალობით გადაურჩა მარცხს. მატჩის 72-ე წუთზე ფრანგული სატრანსფერო ბაზრის ყველა დროის რეკორდსმენის, ედინსონ კავანის დებიუტი შედგა. მან ესეკილ ლავეცი შეცვალა, თუმცა ურუგვაელმა თავი ვერ გამოიჩინა.

ლორან ბლანი (პსჟ): "უკეთესის იმედი გვქონდა. პირველ ტაიმში ისე ვერ ვუტევდით, როგორც მსურდა. როცა უბრალო გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო, ვართულებდით, ბურთს დიდხანს ვიჩერებდით. "მონპელიე" კარგად იცავს თავს და გოლის გატანის ბევრ შანსს არ მოგცემს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ასეთი მატჩები ამ სეზონში ბევრი იქნება.

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და კიდევ კარგი, გატანაც შევძელით. ედინსონ კავანი ნამდვილი ფორვარდია. კარგი საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაიტანა. მას ცოტა დრო სჭირდება, რომ უკეთ გაუგოს თანაგუნდელებს მოედანზე. კავანი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც მჭიდრო მეურვეობა სჭირდება, ეს კი სხვა შემტევებისთვის კარგი შანსია".


ედინსონ კავანი (პსჟ): "მოხარული ვარ დებიუტის გამო. მომეწონა, რომ ფანები ჩემს სახელს გაიძახოდნენ, ამიტომაც მოედანზე მოტივირებული გამოვედი. როგორც ჩემს ძველ კლუბებში, პსჟ-შიც მაქსიმუმს გავაკეთებ გუნდის საკეთილდღეოდ. პსჟ ამბიციური გუნდია, მე კი ყველაფრის მოგება მწადია".

ბრწყინვალე დასაწყისი
სამაგიეროდ, ლიგა 1-ის კიდევ ერთ მეგაშენაძენს, რადამელ ფალკაოს იღბლიანი დებიუტი ჰქონდა. მისმა გუნდმა სტუმრად "ბორდო" 2:0 დაამარცხა, ხოლო "მონაკოს" ახალწვეულმა ბოლოსკენ გოლიც გაიტანა.

კლაუდიო რანიერის "მონაკო" ძალზე საინტერესო გუნდი იქნება ამ სეზონში. იტალიელმა დაცვის ცენტრი "რეალიდან" და "ბარსადან" წაყვანილი ვეტერანებით (კარვალიო, აბიდალი) გააძლიერა, შუახაზში ყოფილი მალაგელი (ტულალანი) დააყენა, ფორვარდის უკან "პორტუს" ყოფილი ტალანტი (როდრიგესი) ათამაშა, ფორვარდად კი მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ბომბარდირი (ფალკაო) დააყენა. მოკლედ, იბერიის ნახევარკუნძულმა ლიგა 1-ს ერთი საინტერესო გუნდი აჩუქა.

რანიერის გუნდის ორივე გოლი რაღაცით ჰგავდა ერთმანეთს. შეცვლაზე შესულმა ემანუელ რივიერმა და ფალკაომ უცნაური მოძრაობებით ჩამოიცილეს მცველები და ახლო მანძილიდან გაიტანეს.

კლაუდიო რანიერი (მონაკო): "ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გავიტანეთ, თუმცა ჯერ შორსმიმავალი დასკვნებისთვის მეტისმეტად ადრეა. ძალიან მოხარული ვარ, თუ როგორ გაუმკლავდა ჩემი გუნდი ძალიან ძლიერ "ბორდოს", რომელსაც კონტრშეტევებზე ბრწყინვალე თამაში შეუძლია. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე კი თანაბარი იყო, თუმცა გოლები სწორედ მაშინ გავიტანეთ. რივიერმა ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა".

რადამელ ფალკაო (მონაკო): "მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ბრწყინვალეა, როცა ჩემპიონატს ასე კარგად იწყებ, განსაკუთრებით - სტუმრად, თანაც "ბორდოს" დარ ძლიერი კლუბის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასე ან კიდევ უკეთ ვიასპარეზებთ".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
18 წლის უცნობი გმირი
"ლილმა" პირველობა მოგებით დაიწყო, 10-კაციან "ლორიანს" 1:0 მოუგო. მატჩს კი მოულოდნელი გმირი ჰყავს - ბელგიელი თინეიჯერი დივოკ ორიჯი. 18 წლის ნახევარმცველმა კარიერაში პირველი პროფესიული გოლი გაიტანა (აქამდე "ლილის" დუბლებში თამაშობდა და პირველ გუნდში სულ 3-ჯერ გამოვიდა). მან მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ყველაზე კარგი სტარტი "ლიონს" გამოუვიდა, რომელმაც ლისანდრო ლოპესის გასაცილებელ მატჩში (6 მილიონ ევროდ ყატარის "ალ-ღარაფაში" გადავიდა) 4 უპასუხო გოლი გაუტანა "ნიცას". ალექსანდრ ლაკაზეტმა ჩემპიონატი დუბლით დაიწყო. თითო გოლიც "ოლიმპიკის" კაპიტან კლემან გრენიესა და იოან გურკუფის ანგარიშზეა.

კლემან გრენიე (ლიონი): "დაცვაში სოლიდურად ვითამაშეთ, შეტევაში კი - ბრწყინვალედ. მთელი გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ასე უნდა გავაგრძელოთ".

მონპელიე-პსჟ 1:1
გოლები: 1:0 კაბელია (10), 1:1 მაქსველი (60)
პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ლუკას მოურა (86. რაბიო), ვერატი (76. ონგენდა), მატუიდი, პასტორე - ლავეცი (72. კავანი), იბრაჰიმოვიჩი.
გაძევება: ელ კაუტარი (72. მონპელიე)

ბორდო-მონაკო 0:2
გოლები: 0:1 რივიერი (82), 0:2 ფალკაო (87)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ტულალანი, ობაიდი - ოკამპოსი, ჯ. როდრიგესი (71. რივიერი), კარასო (91. ტისერანი) - ფალკაო.

ევიანი-სოშო 1:1
გოლები: 1:0 ერე (4), 1:1 კონტუ (54)

ლილი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 ორიჯი (13)
გაძევება: გასამა (83. ლორიანი)

ლიონი-ნიცა 4:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (13), 2:0 გრენიე (55), 3:0 ლაკაზეტი (68), 4:0 გურკუფი (90)
ლიონი (4-2-3-1): ა. ლოპეში - მ. ლოპეში, ბიშევაცი, ფოფანა, ბედიმო - მვუემბა (92. ტოლისო), ფერი - ლაკაზეტი, გრენიე (79. დანიკი), გურკუფი - ბენზია (61. ბალული).

ნანტი-ბასტია 2:0
გოლები: 1:0 ჯორჯევიჩი (23), 2:0 პალმიერი (90. ს.კ.)
გაძევება: ვერეტუ (64. ნანტი), ილანი (71. ბასტია)

რენი-რეიმსი 2:1
გოლები: 1:0 პაჟო (9), 1:1 კრახოვიაკი (45), 2:1 ერდინჩი (85)

ვალანსიენი-ტულუზი 3:0
გოლები: 1:0 მელიკსონი (37-პენ), 2:0 საესი (53), 3:0 პუჟოლი (90)
გაძევება: სპაიჩი (35. ტულუზი)

აიაჩო-სენტ ეტიენი 0:1

გენგამი-მარსელი 1:3
გოლები: 0:1 ჟინიაკი (2), 0:2 პაიე (4), 0:3 პაიე (16), 1:3 იატაბარე (74)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, დიავარა, ნკულუ, მენდი - რომაო, ვანგა - პაიე (80. ამალფიტანო), ვალბუენა, ა. აიუ - ჟინიაკი (68. ჯ. აიუ)
შენიშვნა: იატაბარემ (გენგამი) ვერ გაიტანა პენალტი (52)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული