საფრანგეთი. ლიგა 1. XXIV ტური: რბოლა და ბრძოლა [VIDEO]

AutoSharing Option
რბოლა გრძელდება
ტური "ტულუზისა" და "სენტ ეტიენის" დაპირისპირებით დაიწყო. ამ შეხვედრაში ბევრი სახიფათო მომენტი არ ყოფილა და საბოლოოდ, ლოგიკური შედეგით დასრულდა - 0:0. "მწვანეების" რიგებში დებიუტი ჰქონდა ლიგა ერთში დაბრუნებულ ბენუა ტრემულინას, რომელმაც ერთი-ორჯერ გაამწვავა თამაში შეტევებში ჩართვით.

"ლილმა" ბოლო-ბოლო შეწყვიტა მოუგებელი სერია და "მწვანეებს" 3 ქულით გაექცა. მასპინძლები შეხვედრის დასაწყისშივე დივოკ ორიჯიმ დააწინაურა. მატჩის მიწურულს, ორიჯის ნაცვლად შესულმა რაიან მენდეშმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს რენე ჟირარის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ 2014 წელს. თამაშითაც და ანგარიშითაც შთამბეჭდავად მოიგო "მარსელმა", რომელიც
იოლად გაუსწორდა გასვლებზე სუსტად მობურთავე "ბასტიას".

ჟოზე ანიგომ ძირითადში დააყენა დიმიტრი პაიე და არც შემცდარა, 26 წლის ფეხბურთელმა თავის გუნდს მოაგებინა: მან ჯერ ანდრე-პიერ ჟინიაკის პასით გაიტანა, მერე კი - ულამაზესი შორეული დარტყმით. მესამე თავად ჟინიაკმა შეაგდო. შედეგად, "ველოდრომის" ბინადრებმა პაიეს ერთ ყოფილ გუნდ "ლილთან" სხვაობა ისევ 5 ქულა დატოვეს, ხოლო მეორე ყოფილ გუნდ "სენტ ეტიენთან" 2 ქულამდე შეამცირეს. მარსელელთათვის კარგი ამბავია ისიც, რომ დაბრუნდა ანდრე აიუ.

"ლიონი" ისევ ჩაება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის რბოლაში და "სტად დე ლა ბუჟუარ-ლუი ფონტენოზე" რთული მატჩი მოიგო. კვლავ გაიტანა ალექსანდრ ლაკასეტმა, რომელმაც ბაფეტიმბი გომისის დარტყმულს დაამატა. შემდეგ ლაკასეტი "ნანტის" მეკარე რემი რიუმ წააქცია და პენალტი გომისმა გამოიყენა. "იადონების" ბომბარდირმა ფილიპ ჯორჯევიჩმა ბოლო წუთების დაძაბვა მაინც მოახერხა, სერბმა მშვენიერი გოლი გაიტანა, მაგრამ მერე ნერვები ვეღარ მოთოკა და წითელი ბარათი მიიღო. სხვათა შორის, ჯორჯევიჩს უშუალოდ ჩემპიონატში სამი თვე არ ჰქონდა გოლი გატანილი.

ბრძოლა გადარჩენისთვის
კევინ ბერიჟომ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ მერე ტრავმა მიიღო, ფორმიდან ამოვარდა და 4 თვეზე მეტი არ გაეტანა - მან ჩინებულ ფორმაში შესულ "მონპელიესთან" შეხვედრაში კრიზისში მყოფი "ევიანი" დააწინაურა. სედრიკ ბარბოსამ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. სხვათა შორის, სტუმრებს იქამდე ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდათ - ტულიო დე მელომ ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო ბარბოსამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

თუმცა მონპელიელებს დეკემბრის დასაწყისიდან არ წაეგოთ და ამ სერიის შეწყვეტას "ევიანთან" არ აპირებდნენ. მასპინძლებმა მოუმატეს და ტაიმის მიწურულს მაინც შეძლეს გათანაბრება. ეს რემი კაბელიამ გააკეთა. მეორე ტაიმში "მონპელიეს" სიაკა ტიენე გაუძევეს და "ევიანმაც" მოგებაზე თამაში სცადა, მაგრამ როლან კურბისის გუნდმა მეტოქის შეტევებს გაუძლო და ბრწყინვალედ მოთამაშე კაბელიას წყალობით კინაღამ აქეთ მოიგო.

"ვალანსიენს" აუცილებლად მოსაგები ჰქონდა და დიდი წვალებ-ნერვიულობით საწადელს მაინც მიაღწია. მატჩის გმირი მოსკოვის "სპარტაკიდან" ნათხოვარი მაჯიდ ვარისი გახდა. 22 წლის განელმა ჯერ ტონგო დუმბიას გაატანინა, ხოლო 88-ე წუთზე გამარჯვებისა შეაგდო. 21 წლის რაშიდ ალიუის არ უმართლებს, მან ბოლო 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა ქულაც ვერ აიღო.

უკვე 9 მატჩის განმავლობაში, მოუგებელი "გენგამი" ამჯერად "რეიმსს" ამარცხებდა, მაგრამ რეიმსელებმა 3-წუთიან მონაკვეთში ორი გოლით ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ფლოიდ აიიტე მინდორზე 7 წუთის შესული იყო, როდესაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

"ბორდო"-"ლორიანი" კი უამინდობამ შეიწირა - ჟირონდაში ისე წვიმდა, იქაურობა კინაღამ წყალმა წაიღო და ფეხბურთელებმა წყალბურთის თამაში არ ისურვეს.

ლიგა 1. XXIV ტური

ტულუზი-სტ. ეტიენი 0:0

მარსელი-ბასტია 3:0
გოლები: 1:0 პაიე (13), 2:0 პაიე (25), 3:0 ჟინიაკი (55)

გენგამი-რეიმსი 1:2
გოლები: 1:0 ალიუი (62), 1:1 ოდერ ფორტესი (69), 1:2 აიიტე (72)

აიაჩო-რენი 3:1
გოლები: 1:0 ფატი (18), 1:1 დუკურე (33), 2:1 ანდრე (37), 3:1 კავალი (77)

ლილი-სოშო 2:0
გოლები: 1:0 ორიჯი (3), 2:0 რაიან მენდეში (90)

მონპელიე-ევიანი 1:1
გოლები: 0:1 ბერიჟო (31), 1:1 კაბელია (44)
გაძევება: ტიენე (68. მონპელიე)

ვალანსიენი-ნიცა 2:1
გოლები: 1:0 დუმბია (26), 1:1 მოპე (75), 2:1 უორისი

ნანტი-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ლაკასეტი (40), 0:2 გომისი (76-პენ.), 1:2 ჯორჯევიჩი (84)
ლიონი (4-3-3): ენტონი ლოპეში - ზეფანი, ბიშევაცი (46. კონე), უმტიტი, ბედიმო - გონალონი, ფოფანა, გრენიე - გურკუფი (61. ფერი), ლაკასეტი (82. ბრიანი), გომისი
გაძევება: ჯორჯევიჩი (86. ნანტი)

ბორდო-ლორიანი გადაიდო

მონაკო-პსჟ 1:1
გოლები: 0:1 პასტორე (8), 1:1 ტ. სილვა (74 ს.კ.)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 18 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 12 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 11 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი).

გადადებული მატჩი
11 თებერვალი:
ტულუზი-სტ. ეიენი

მომდევნო ტური
14 თებერვალი:
პსჟ-ვალანსიენი
15 თებერვალი:
ბასტია-მონაკო, ნიცა-ნანტი, ლორიანი-ტულუზი, რეიმსი-ბორდო, რენი-მონპელიე, სოშო-გენგამი
16 თებერვალი:
ლიონი-აიაჩო, ევიანი-ლილი, სტ. ეტიენი-მარსელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული