საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური: მწვანეებმა "ლიონს" წითელი აუნთეს

AutoSharing Option
სენტ ეტიენში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ხალხი ცხოვრობს, რადგან იქ ფეხბურთი უყვართ და სძულთ "ლიონი", რომელთანაც "დერბი დუ რონის" საკუთარ "ჟოფრუა გიშარზე" მოგებას "მწვანეები" 20 წელიწადზე მეტხანს ელოდნენ და ამაზე უკეთეს დროს, ალბათ, ვერც შეარჩევდნენ.

კრისტოფ გალტიეს ბიჭებმა თავიანთი წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გაზარდეს, ხოლო ლიონელებს ათთამაშიანი დაუმარცხებელი თავგადასავალი დაუსრულეს, ჩემპიონთა ლიგის ზონასაც მიუახლოვდნენ და 17 აგვისტოს მერე პირველად გაიტანეს გოლზე მეტი.

მარცხის მიუხედავად, "ლიონი" მესამე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ უბერ ფურნიეს გუნდთან სხვაობა "სენტ ეტიენმა" ქულამდე შეამცირა, ხოლო "ბორდო" სულაც
გაუთანაბრდა "ჟერლანის" ბინადრებს მას მერე, რაც "ლილს" შეიკ დიაბატეს მიერ ბოლოსკენ გატანილი გოლით მოუგო.

იქვეა "რენიც", რომელმაც საკუთარ "სტად დე ლა რუტ დე ლორიანზე" "მონაკოს" აჯობა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს, ხოლო ბრეტანელები აშკარად გამოვიდნენ კრიზისიდან და შორს მიმავალი ამბიციებიც დაუბრუნდათ.

"რენმა" იმ "ნანტს" გადაასწრო, რომელსაც 10-თამაშიანი წაუგებელი სერია "მარსელმა" შეუწყვიტა. "ველოდრომის" მკვიდრნი პირველ ადგილს ინარჩუნებენ, მათ ტურის პირველ შეხვედრაში მშვიდად მოუგეს "იადონებს". მარსელო ბიელსას ბიჭებმა პირველივე ტაიმში მოამთავრეს საქმე.

მეტოქეს ქულაზე წინ აღარ უშვებს "პარი სენ-ჟერმენი", რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის პენალტი ეყო "ნიცასთან" მოსაგებად. თუკი ვინმე გოლების წვიმასა და დიდ სანახაობას ელოდა "პარკ დე პრენსზე", იმედგაცრუებული დარჩებოდა, მაგრამ ლორან ბლანმა დაგეგმილი 3 ქულა კი აიღო და ამითაც კმაყოფილი დარჩა.

სამაგიეროდ, ბევრი გოლი და თრილერი "მუნისიპალ დე ტულუზზე" ვიხილეთ, სადაც ლიგა 1-ის ორი ყველაზე არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გუნდის დაპირისპირებაში, ცოტა მოულოდნელად, "ლორიანს" დარჩა გამარჯვება.

მერამდენედ ვახსენოთ დანიელ ვასი, რომლის მორიგმა გმირობამ "ევიანს" "გენგამთან" პრინციპულ დუელში გამარჯვება მოუტანა.

ამ დაძაბულ შეხვედრაში გარდატეხა სწორედ დანიელმა შეიტანა, რომელმაც ეფექტური ჯარიმით შეაგდო.

ვასისა არ იყოს, პატარა სასწაულებს სჩადის ბილე მუკანჯო. მწვრთნელს იგი ჯიუტად შეცვლაზე შეჰყავს ხოლმე და კამერუნელიც გადამწყვეტი გოლების გატანას არ წყვეტს. ამჯერად მუკანჯომ "რეიმსს" "ბასტიასთან" მოაპოვებინა 3 ქულა მატჩის მიწურულს გატანილით.

ლიგა 1. XV ტური
მარსელი-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 ტოვენი (24), 2:0 ფანი (39)

პსჟ-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (15-პენ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ორიე, ტიაგო სილვა, დავიდე ლუისი, დინი - პასტორე, ტიაგო მოტა (83. მარკინიოსი), მატუიდი (64. მატუიდი) - ლუკასი (64. ლავეცი), იბრაჰიმოვიჩი, კავანი

კაენი-მონპელიე 1:1
გოლები: 0:1 ილტონი (17), 1:1 დუამელი (40)

ლანსი-მეცი 2:0
გოლები: 1:0 ელ ჯადეიუი (65), 2:0 ბურიჟო (79)

რეიმსი-ბასტია 2:1
გოლები: 1:0 ნ’გოგი (10), 1:1 მოდესტო (41), 2:1 მუკანჯო (85)

რენი-მონაკო 2:0
გოლები: 1:0 აბდენური (10-ს.კ-ში), 2:0 ტოივონენი (19)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, აბდენური, ეჩიეჯილე - მოუტინიო, ტულალანი, ბერნანდო სილვა (68. ფერეირა კარასკო) - დირარი, ოკამპოსი (58. მარტიალი), ბერბატოვი (81. ჟერმენი)

ტულუზი-ლორიანი 2:3
გოლები: 1:0 დუმბია (23), 1:1 გერეირო (55), 1:2 ჟანო (57), 1:3 ჯ. აიუ (60-პენ.), 2:3 პეშიჩი (70)

ბორდო-ლილი 1:0
გოლი: 1:0 დიაბატე (62)

ევიანი-გენგამი 2:0
გოლები: 1:0 ვასი (59), 2:0 ბილე ნილსენი (81)

სტ. ეტიენი-ლიონი 3:0
გოლები: 1:0 სალი (18), 2:0 ვან ვოლფსვინკელი (40), 3:0 კოადი (68)

ბომბარდირები: 11 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 7 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი)

მომდევნო ტური
2 დეკემბერი:
ლორიანი-მარსელი, ნანტი-ტულუზი, მონაკო-ლანსი

3 დეკემბერი:
ბასტია-ევიანი, გენგამი-კაენი, მეცი-ბორდო, მონპელიე-სტ. ეტიენი, ნიცა-რენი, ლილი-პსჟ

4 დეკემბერი:
ლიონი-რეიმსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული