ლიგა 1. XIX ტურის წინ: პსჟ-ის ლიდერობას არაფერი ემუქრება

AutoSharing Option
ლიგა 1-ში I წრე სრულდება და საფრანგეთის ჩემპიონატი 9 იანვრამდე დაგვემშვიდობება. "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერობა ურყევია, ისე, როგორც არასდროს და მას არაფერი ემუქრება.

"ნიცამ" წარმატებულ პერიოდს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია მიაყოლა და ოთხეულს ცოტა ჩამორჩა. კლოდ პუელს მეტოქედ "მონპელიე" ჰყავს და ესმის, რომ ქომაგები "ალიანც რივიერაზე" მხოლოდ გამარჯვებას თუ მიიღებენ.

"კაენი"-პსჟ მეოთხე და პირველადგილოსანი გუნდების შეხვედრაა, მაგრამ მათ შორის სხვაობა 18 ქულაა... მეორე-მესამეზე მყოფ "ანჟერსა" და "მონაკოს" კი პარიზელები 17-17 ქულით უსწრებენ. აქ ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანს და საკითხავი ისღაა, ვისთან, რამდენად და
რამდენს მოინდომებს მრისხანე პსჟ.

"სენტ ეტიენს" 5 მატჩია, არ მოუგია, ხოლო "ანჟერს" ამდენივე შეხვედრაა, არ წაუგია. შეძლებენ თუ არა "მწვანეები" გათამამებული ანჟერელების შეჩერებას, ამას "ჟოფრუა გიშარზე" ვნახავთ. მასპინძლებს მოგება მართებთ, თორემ უკვე ძალიან ჩამორჩებიან.

კიდევ ერთი გუნდი-სენსაცია, 8 ტურის განმავლობაში წაუგებელი "გაზელეკ აიაჩო" "პარი სენ-ჟერმენისგან" შერცხვენილ "ლიონს" დაუხვდება. უბერ ფურნიე ხვდება, რომ კორსიკიდან 3 ქულის წაღება ადვილი არ იქნება, მაგრამ მას უკან დასახევი გზა აღარ აქვს. კულუარებში იმაზეც ალაპარაკდნენ, პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ფურნიეს გაშვებაზე დაფიქრდაო.

ინტერესს იწვევს "გენგამი"-"რენის" ბრეტანული დერბიც. გენგამელებს, სატურნირო კუთხით, ძალიან უჭირთ და მიჯრით 4 მარცხის მერე წარმატება ძალიან სჭირდებათ. ვერც "რენი" ბრწყინავს, გუნდს 6 ტურია, არ უმარჯვია და ცხრილის შუაგულამდე დაეშვა.

18 ტურის მერე კვლავაც მოუგებელი"ტრუა", წესით, არც "მონაკოს" დაწყვეტს გულს და კარგი, სტუმართმოყვარე მასპინძელივით დაუთმობს შეხვედრას. ხუმრობა იქით იყოს და "ტრუამ" ძალიანაც რომ მოინდომოს, და ალბათ მოინდომებს კიდეც, მაინც ძალიან გაუჭირდება, რადგან მონეგასკები ფორმაში შევიდნენ და მეორე ადგილზე დამკვიდრებას აპირებენ.

"ბორდო" და "მარსელი" ამჟამად მოიკოჭლებენ: მარსელელები, პირველ რიგში, მიში ბატშუაის წყალობით, ცოტა მოფერიანდნენ, მაგრამ "ბორდოს" ბორდოსფრობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. რაც უნდა იყოს, ეს საფრანგეთის ერთ-ერთი კლასიკური დაპირისპირებაა.

18 დეკემბერი
ნიცა-მონპელიე 23:30

19 დეკემბერი
კაენი-პსჟ 20:00
გენგამი-რენი 23:00
ტრუა-მონაკო 23:00
ლორიანი-ნანტი 23:00
ბასტია-რეიმსი 23:00
ტულუზი-ლილი 23:00

20 დეკემბერი
სტ. ეტიენი-ანჟერი 17:00
გაზ. აიაჩო-ლიონი 20:00
ბორდო-მარსელი 00:00

ბომბარდირები: 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), მიში ბატშუაი (მარსელი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული